Accessibility links

logo-print

კონფლიქტის ზონაში აღმოჩენილი ტანკსაწინააღდეგო ''ფაგოტების'' დეტექტიური ისტორიები


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა წლების განმავლობაში მოხერხებულ გეოგრაფიულ პუნქტს წარმოადგენს საბრძოლო იარაღის უკანონო ტრანზიტისთვის

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა წლების განმავლობაში არა მხოლოდ კონტარბანდული კვების პროდუქტის გასაღების ბაზარს, არამედ მოხერხებულ გეოგრაფიულ პუნქტს წარმოადგენს საბრძოლო იარაღის უკანონო ტრანზიტისთვის. და ისევე როგორც კონტრაბანდის შემთხვევაში, საბრძოლო იარაღით ვაჭრობაშიც სამი მხარის- რუს მშვიდობისმყოფელთა სარდლობის, ოსი მაღალჩინოსნებისა და მათი ქართველი "დოსტების" ინტერესები იკვეთება.



ქართველმა სამართალდამცველებმა მართვად ტანკსაწინააღდეგო სარაკეტო კომპლექს "ფაგოტის" დანადგარი და სამი რაკეტა გასულ კვირას დიდი ლიახვის ქართულ სოფელ, კეხვთან დააკავეს. იარაღი ინახებოდა ფურგონიან მანქანაში, რომელსაც შერეული სამშვიდობო ბატალიონის ჩრდილოეთ ოსეთის ქვედანაყოფის ოფიცერი მართავდა და, სავარაუდოდ, ჯავისაკენ მიემართებოდა. ნიშანდობლივია, რომ ამ სახეობის ტექნიკა შერეული სამშვიდობო ძალების კონტინგენტის შეიარაღებაში განცხადებული არ არის და შესაბამისად მისი არსებობა დაბალი ინტენსივობის კონფლიქტის ზონაში მანდატის მოთხოვნების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. როგორც გაზეთ "კვირის პალიტრის" სამხედრო მიმომხილველი იარაკლი ალადაშვილის აღნიშნავს, ტანკსაწინააღდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი ძალიან უწყინარი სახელწოდებით "ფაგოტი" შეტევითი საბრძოლო დანადგარია და შეუძლია ყოველგვარი მონოლითური ჯავშნის შემუსვრა.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა]

უშიშროების მინისტრის მოადგილის გიგი უგულავას თქმით, იარაღის წარმომავლობა და მისი მოძრაობის ტრაექტორია – ჩრდილოეთ ოსეთის გზით საქართველოს უკონტროლო ტერიტორიისკენ - ეჭვს არ იწვევს, რომ საქმე მრავალსვლიან კორუფციულ გარიგებას ეხება.

[გიგი უგულავას ხმა]

მაგრამ ამჯერად საქმეში მხოლოდ ერთი დაინტერესებული მხარე – სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთი გამოიკვეთა. რუსეთის სამშვიდობოებმა "ფაგოტებთან" რაიმენაირ კავშირი გადაჭრით უარყვეს, რაც შესაძლოა ნაკლებდამაჯერებელი იყოს. ისევე როგორც, არ არის გამორიცხული კავშირები ქართულ კრიმინალურ სამყაროსთან. მით უფრო, რომ ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობდა. გავიხსენოთ, რომ "ფაგოტების" პირველი უკანონო ტრანზიტი ცხინვალის გავლით ერთი წლის წინ განხორციელდა და მაშინ ტექნიკა არა ლიახვის ხეობაში, არამედ თბილისის შემოსასვლელთან ნატახტართან იქნა დაკავებული. 2003 წლის 17 ივნისს ავტომანქანა "ლენდ კრუიზერში", რომელიც გამოძიების თქმით ე.წ. კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვს ეკუთვნოდა, ნ 5 ერთეული ყუმბარსატყორცნი და "ფაგოტის" ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი აღმოჩნდა. საჭეს მართვდა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფიცერი სიმონ მჭედლიძე. მასთან ერთად მანქანაში რუსეთის მოქალაქე არტურ ლუტიკოვი იმყოფებოდა. მაშინ ამ საქმეს თავიდან სამხედრო პროკურატურა იძიებდა. თუმცა, ყოფილი მთავარი სამხედრო პროკურორის პაატა ჯახუტაშვილის თქმით, სისხლის სამართლის საქმე შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა და ძიებაც მათ მიიყვანეს ბოლომდე.

[პაატა ჯახუტაშვილის ხმა]

თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი ვარაუდობს, იარაღის ტრანზიტის საქმესთან დაკავშირებული გამოძიება ზედაპირულად წარიმართა, ხოლო დაკავებულები მალე საერთოდ გაათავისუფლეს სასჯელის მოხდისაგან.

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა]

მაგრამ რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ძიება, არ დაესახელებინა იარაღის ტრანზიტში მონაწილე ყველა მხარე? მით უფრო, რომ საქართველოს გავლით იარაღის უკანონო ტრანზიტის გამო ქვეყნის ხელისუფლება ხშირად გამხდარა არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ უცხო ქვეყნების კრიტიკის ობიექტი? როგორც უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა ამბობს: ასეთი უცნაური საქციელის მიზეზი, იარაღით უკანონო ბიზნესში, თავად ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის პირადი დაინტერესება ყოფილა. გიგი უგულავა ასახელებს უშიშროების ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილ უფროსს გენერალ ლევან კენჭაძეს, რომელიც, მისი თქმით, სწორედ იარაღის ჩამოწერასა და გაქრობაშია ეჭვმიტანილი.

[გიგი უგულავას ხმა]


რაც შეხება, სოფელ კეხვთან ერთი კვირის წინ ჩამორთმეულ ტანკსაწინააღდეგო "ფაგოტებს". რაკი მათზე რუსმა მშვიდობისდამცველებმა ხელი დაიბანეს, საქართველოს ხელისუფლებამ ძვირადღირებული მართვადი კომპლექსი ბალანსზე აიყვანა და საკუთარ სამხედრო ძალებს გადასცა. თუმცა, სანამ იარსებებს უკანტროლო ანკლავები და მოუგვარებელი, სისხლმდინარე კონფლიქტის კერები, იქნება მოთხოვნილებაც საბრძოლო იარაღზე, რომლის ვაჭრობით მიღებული მოგება კვლავ გააერთიანებს კრიმინალებსა და სამხედროებს კონფლიქტის ორივე მხარეზე.
XS
SM
MD
LG