Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური ესტაფეტა: “ჰელსინკიდან ათენამდე” [გადაცემა მეთერთმეტე]


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი საიუბილეო - ეგრეთწოდებული ასწლოვანი - ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პატივი ატლანტას ერგო. არადა,


ბერძნები სახალხოდ იმუქრებოდნენ, თუ 1996 წლის საიუბილეო თამაშები ათენში არ გაიმართება, ბოიკოტს გამოვაცხადებთ და ოლიმპიურ მოძრაობას გამოვეთიშებითო. მუქარამ არ გაჭრა–შედარებით პატარა და ღარიბ საბერძნეთს დიდმა და მდიდარმა ამერიკამ აჯობა: 1990 წლის 18 სექტემბერს მოწყობილ კანდიდატ ქალაქთა არჩევნების ფინალურ ტურში ატლანტამ 51 ხმა მიიღო, ათენმა – 35. იმ დღიდან ამერიკა დიდი ოლიმპიური გამარჯვებისთვის ემზადებოდა. საკამათო და სამარჩიელო არც არაფერი ყოფილა: ამერიკელ სპორტსმენებს, აბა, წინ ვინ დაუდგებოდა. მით უმეტეს, საკუთარ სახლში. საბოლოოდ, მასპინძლებს 101 მედალი ერგოთ, გერმანელებს – 65, რუსებს – 63. 1908 და 1912 წლების შემდეგ, რუსებისთვის ეს იყო პირველი დამოუკიდებელი მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში. საბჭოთა იმპერიის გაუქმებით ყოფილმა მოკავშირე რესპუბლიკებმაც ისარგებლეს და ეროვნული გუნდებით წარდგნენ ოლიმპიადაზე. საქართველოდან ატლანტაში 36 სპორტსმენი გაემგზავრა, შეჯიბრებაში კი 34 გამოვიდა: ძალოსან მუხრან გოგიას ტრავმამ შეუშალა ხელი, ძიუდოისტ დავით ხახალეიშვილს კი აწონაზე დააგვიანდა და ამის გამო მოხსნეს შეჯიბრებიდან. ხახალეიშვილი გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა, მაგრამ ტატამზე გასარკვევი და გადასაწყვეტი ოლიმპიურ სოფელში, ძიუდოისტთა ასაწონ ოთახში, გადაწყდა.


საქმე ასე იყო: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ატლანტაში შეჯიბრებამდე ერთი კვირით ადრე ჩავიდა, მაგრამ აწონის ადგილის დაზუსტება აზრად არავის მოსვლია. აწონის პროცედურა, როგორც წესი, საშეჯიბრო დარბაზში იმართება. ამერიკელებმა ეს წესი შეცვალეს და ამ საქმისთვის ადგილი ოლიმპიურ სოფელში გამოყვეს. ქართველებს ამის შესახებ არაფერი გაუგიათ და როცა გაიგეს, უკვე გვიან იყო. გზააბნეულ ხახალეიშვილს და მის მწვრთნელს ასაწონი ოთახის კარი დაკეტილი დახვდათ. დაუდევრობა, უყურადღებობა, უნებლიე შეცდომა...ამ ინციდენტს ათასი სახელი გამოუგონეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა: ატლანტაში თავი მოგვეჭრა. იმ დღეების ყველა სატელევიზიო თუ საგაზეთო რეპორტაჟი ხახალეიშვილით იწყებოდა. მაგალითად, 21 ივლისის “ნიუ-იორკ ტაიმსი” წერდა: “გუშინ ჯორჯიის მსოფლიო კონგრესის ცენტრში მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, თუ როგორ დაკარგა დაუმარცხებლად დიდების გვირგვინი ჩემპიონობის მთავარმა პრეტენდენტმა. ამ ინციდენტმა ბევრად გაზარდა მეორე ფავორიტის, ფრანგი დუიეს შანსები. ოთხი წლის წინ ბარსელონაში დუიემ ბრინჯაო აიღო, 21 წლის ფენომენი დავით ხახალეიშვილი კი ჩემპიონი გახდა. ამჯერად უძლიერესთა შერკინება ვერ შედგა – ხახალეშვილი აწონის სავალდებულო პროცედურაზე არ გამოცხადდა და დისკვალიფიკაცია მისცეს.” თავად ხახალეიშვილს რვა წლის წინანდელი ამბების გახსენება დღესაც უმძიმს.

[დავით ხახალეიშვილის ხმა] “ატლანტა ჩემთვის ძალიან ძნელი გასახსენებელია. მე მქონდა შანსი იმისა, რომ მეორედ მეცადა ბედი ჩემპიონობისთვის. ამის დიდი ალბათობა იყო, მაგრამ ეს ბედის ირონიაა. ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო. ჩვენი არაპროფესიული მიდგომის ბრალი იყო, რაც იქ მოხდა. საორგანიზაციო მხარე არ იყო აბსოლუტურად გამართული.”

ხახალეიშვილის ამბავი, ბუნებრივია, მძიმე ფსიქილოგიურ ტვირთად დააწვა საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა არც ისე ადვილი გამოდგა. ჩვენი სპორტის ხელმძღვანელთა ადრინდელი პროგნოზების მიხედვით, რვა-ცხრა მედლის მოპოვება რეალური ჩანდა, მაგრამ, სინამდვილეში, მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედლის ამარა დავრჩით. ეს მედლები სოსო ლიპარტელიანმა და ელდარ კურტანიძემ მოიპოვეს. პირველი მედალი სწორედ იმ ძიუდოისტს ერგო, ვისაც სავარაუდო პრიზიორთა რიგებში არავინ მოიხსენიებდა. სოსო ლიპარტელიანი არ მალავს, რომ თავადაც არ ჰქონდა ასეთი წარმატების იმედი, თუმცა ოლიმპიადისთვის საგანგებოდ ემზადებოდა. სოსომ ატლანტაში სულ ექვსი შეხვედრა გამართა და ხუთ მეტოქეს წმინდად მოუგო.

[სოსო ლიპარტელიანის ხმა] “ეს წმინდა მოგებები განაპირობა იმან, რომ რისკით ვჭიდაობდი. ან უნდა მომეგო, ან უნდა წამეგო. სხვა გზა არ მქონდა. ამიტომაც იყო, რომ თამამად მივდიოდი და ხუთივე წმინდად მოვიგე.”

ლიპარტელიანისგან განსხვავებით, ელდარ კურტანიძეს ტიტულები არც მაშინ აკლდა–ატლანტაში მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორისა და ევროპის ჩემპიონის რანგში ჩავიდა, თუმცა მეტოქეებიც ძლიერი შეხვდა: ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელი მელვინ დუგლასი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორი უკრაინელი ჯამბულათ თედეევი, სლოვაკი იოზეფ ლოჰინა...ჩვენმა ფალავანმა ყველა უშუალო კონკურენტს მოუგო, მაგრამ ფეხი მაშინ დაუცდა, როცა ამას არავინ ელოდა. მეორე წრეში ელდარი სრულიად უცნობ კორეელ მოჭიდავესთან დამარცხდა და ჩემპიონობის შანსიც იქ დაიკარგა. კურტანიძე თავისი მესამე ოლიმპიადისთვის ემზადება და საქართველოს ნაკრებთან ერთად ახლა ბაკურიანშია.

[ელდარ კურტანიძის ხმა] “ეგ იყო გამოუცდელობის ამბავი. კორეელთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამეგო. ოლიმპიურმა თამაშებმა და ზედმეტმა თავდაჯერებულობამ იმოქმედა ჩემზე. კორეელი ათეულშიც არ შედიოდა. “











XS
SM
MD
LG