Accessibility links

კულტურული მიმოხილვა


დედაქალაქში კულტურული სეზონი დაიხურა, თუმცა კულტურული ცხოვრება გრძელდება. უფრო ზუსტად რომ

ვთქვათ, გრძელდება მუშაობა “ახალი კულტურული ცხოვრების” დასაწყებად. დაიხურა თეატრები და საგამოფენო დარბაზები, მაგრამ არ დახურულა კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამინისტრო, რომლის მესვეურები ქვეყნის ახალი კულტურული სტრატეგიის ჩამოყალიბებას ცდილობენ. “ნოემბრის რევოლუციის” შემდეგ კულტურის სამინისტროში ახალი ხალხი მოვიდა. თუმცა მინისტრი გიორგი გაბაშვილი აღიარებს, რომ სამინისტროს კვლავაც აკლია პროფესიონალები კულტურის ცალკეულ დარგებში. ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით სამინისტროსთან მუშაობა დაიწყო მრჩეველთა საბჭომ: კულტურის სტრატეგიაზე ახლა არა სამინისტროს ჩინოვნიკები, არამედ პროფესიონალები იმუშავებენ.

[გიორგი გაბაშვილის ხმა] “ძირითადი, რაც კულტურის სამინისტროს აკლდა, - და ჩვენ ვცდილობთ ამის გამოსწორებას, - ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებაში ყველა ეტაპზე... ჩვენ გვაქვს ახლა მიმართულებების კომისიები, დარგობრივი კომისიები, რომლებიც გვეხმარებიან სტრატეგიის განსაზღვრაში მიმართულებების და დარგების მიხედვით.”

ნოემბრის ამბების შემდეგ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი კულტურის სამინისტროს რეორგანიზაციის წინააღმდეგ გამოვიდა. განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო შემოქმედებითი ინტელიგენცია – ეს ხალხი “სპორტისა და ტურიზმის” დეპარტამენტის გაუქმებამ და კულტურის სამინისტროს ფუნქციების გაზრდამ შეაშინა... ხომ არ ნიშნავს ეს რეორგანიზაცია იმას, რომ ხელისუფლება კულტურას უმნიშვნელო დარგად მიიჩნევს? გიორგი გაბაშვილი არათუ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, აღნიშნავს, რომ შევარდნაძის ხელისუფლებაში კულტურის სამინისტროს ფუნქცია სრულიად გაურკვეველი იყო:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] “სამინისტრო ძალიან ბევრ განსხვავებულ ფუნქციას ითავსებდა; როცა ჩვენ ვნახეთ დებულება, ის წესები და თემატიკა, რასაც სამინისტრო იყო შეჭიდებული, ეს იყო, მართალი რომ ვთქვა, ერთ ქვაბში თავმოყრილი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქციები. სამინისტრო იყო, როგორც პოლიტიკური ორგანო, ასევე ითავსებდა საექსპორტო ფუნქციებს, სამეცნიერო ფუნქციებს, იყო გრანტგამცემი და გრანტმიმღებიც იგივე გრანტებისა, რომელსაც გასცემდა და გადაწყვეტილებების მიმღებიც, თუ ვისზე გაცემულიყო გრანტი.”(სტილი დაცულია)

ასეთ პირობებში, ბუნებრივია, რომ კულტურის სამინისტრო განუწყვეტლივ ჩიოდა ფინანსების ნაკლებობას. თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ კულტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა, თავისი წინამორბედის მსგავსად, ხელისუფლებას დამატებით თანხებს მოსთხოვდა... მაგრამ კულტურის სამინისტრო ჯერ არ ჩქარობს. გიორგი გაბაშვილის თქმით, სამინისტროს ჩინოვნიკებმა “ჯერ დისბალანსი უნდა დაძლიონ”... აქამდე კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი 10 მილიონი ლარი 45 ორგანიზაციის დაფინანსებას ხმარდებოდა – სტალინის მუზეუმიდან დაწყებული, ოპერისა და ბალეტის თეატრით დამთავრებული. სამინისტრო, ძირითადად, ამ ორგანიზაციების გადაჭარბებული, “გაბერილი” შტატების ხელფასებს აფინანსებდა. გიორგი გაბაშვილის თქმით, კულტურის სამინისტრომ “შეფობა” მხოლოდ მნიშვნელოვან კულტურულ კერებზე, მინისტრის გამოთვლით, სულ რაღაც 20, 25 ორგანიზაციაზე უნდა აიღოს:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] “გაუგებარი სისტემით არსებული ჩამონათვალია... აქ არის რეალური, ცოცხალი ორგანიზაციები, რომელიც მართლაც წარმოადგენს საერთო-ეროვნულ ღირებულებას და რომელიც მართლაც სახელმწიფოს მხრიდან უნდა ფინანსდებოდეს (მაგალითად, ოპერისა და ბალეტის თეატრი, სახელმწიფო კონსერვატორია ან სამხატვრო აკადემია), მაგრამ იყო ადგილობრივი მნიშვნელობის ორგანიზაციებიც... მაგალითად, იყო კოლეჯი დიდ დიღომში, რომელიც სამნახევარჯერ მეტ დაფინანსებას იღებდა, ვიდრე რუსთაველის თეატრი ან მთელი ქართული კინო - ერთად.”

სიტყვას “კორუფცია” გიორგი გაბაშვილი არ ახსენებს. თუმცა ფაქტია – თუ ერთი კოლეჯის შენახვაზე იმდენივე იხარჯებოდა, რაც მთლიანად ქართულ კინოზე, კულტურის სამინისტროში ან კრიმინალები მუშაობდნენ, ან კიდევ ადამიანები, რომლებმაც, უბრალოდ, არ იცოდნენ რა არის კულტურა. გაბაშვილს, როგორც ჩანს, უფრო მეორე მოსაზრების სჯერა. იგი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს, რა არის კულტურის სამინისტროს, ე.ი. მთლიანად სახელმწიფოს, პრიორიტეტი კულტურის სფეროში:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] “ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია, გამოყენება... პრიორიტეტულია საერთოეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურულ დაწესებულებათა მოქმედების მხარდაჭერა, ასევე კულტურის თანაბარი ხელმისაწვდომობა... და, ზოგადად, ქართული კულტურის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაცია.”

გაბაშვილი შეგვახსენებს, რომ კულტურა არ ვითარდება სახელმწიფო სტრუქტურებში და სახელმწიფო შემოქმედებით პროცესებში არ უნდა ერეოდეს... ჩვენ თეატრს ვერ განვუსაზღვრავთ რეპერტუარს, ვერ ვეტყვით რეჟისორს, შენ დადგამ ამას და ამასო, – ამბობს მინისტრი... როგორც ჩანს, იმ სახელგანთქმული და ნაკლებად განთქმული არტისტების გასაგონად, რომლებიც ყოველთვის ემორჩილებოდნენ კულტურის სამინისტროს და სანაცვლოდ რაღაც-რაღაცებს სთხოვდნენ ხელისუფლებას... თუმცა კულტურის მინისტრი არ უარყოფს, რომ სახელმწიფოს აქვს ინტერესები კულტურის პოლიტიკაში, კულტურა ის განსაკუთრებული ნიშანია, რომლითაც ქვეყანა მსოფლიო საზოგადოების წინაშე უნდა წარდგეს. ამ პროცესში ჩაერთვება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რათა დაიხვეწოს საქართველოს სახე საზღვარგარეთ. ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში გამართულ შეხვედრაზე გიორგი გაბაშვილის ამ სიტყვებს გამოეხმაურა თეატრმცოდნე ლევან ხეთაგური, რომელმაც აღნიშნა, რომ კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა, პირველ რიგში, იმ ქართველ ჩინოვნიკთა “კულტურაზე” უნდა იზრუნონ, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში მუშაობენ:

[ლევან ხეთაგურის ხმა] “არაერთი უცხოელი დახმარებისთვის მიმართავს საქართველოს საელჩოებს, მაგრამ, გულგრილობისა და მასხარად აგდების გარდა, მას იქ არაფერს სთავაზობენ... შარშან უპრეცედენტი ფაქტი იყო ასეთი: უცხოელები მოდიოდნენ და საელჩოში უთხრეს, სად მიდიხართ, რა გინდათ, ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება წასვლაო... ვიზის აღების დროს ბავშვები ლამის ქოთანზე ისხდნენ საელჩოში და იქვე ფაფას ხარშავდნენ.”

ლევან ხეთაგური შეგვახსენებს, რომ სახელმწიფო ხშირად მონაწილეობს შოუ-ბიზნესში და ეგრეთ წოდებულ “სანახაობრივ ღონისძიებებს” აფინანსებს, რაც დაუშვებელია, მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანას არა აქვს თანხები დაიცვას თუნდაც საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა. გიორგი გაბაშვილი ამ მოსაზრებას ეთანხმება, გვიამბობს ქართული კულტურის ძეგლების კატასტროფულ მდგომარეობაზე, მაგალითად, ვარძიაზე, რომელიც, მინისტრის სიტყვებით, “დღეს ფიზიკური საფრთხის წინაშეა”. კლდე აქ თუ არ გამაგრდა, შეიძლება ჩამოიშალოს. ასეთივე მდგომარეობაა დედაქალაქში - მუზეუმებში ისეთი ნესტია, რომ კედლები იშლება. მიუხედავად ამისა, გაბაშვილი გვაუწყებს, რომ სახელმწიფოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გახსნა აქვს დაგეგმილი:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] “მთავარი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ძეგლთა დაცვაა, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი... არ უნდა იყოს სფერო, რომელიც იღებს სახელმწიფოსგან გარკვეულ შენატანს და ამის სანაცვლოდ არავითარ კონტრიბუციას არ ახდენს საერთო-საზოგადოებრივ სიკეთეში. მემკვიდრეობა არის ელემენტი, რომელიც საზოგადოებამ შეიძლება გამოიყენოს, თუნდაც შემოსავლების მხრივ, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მეცნიერებისთვის.”(სტილი დაცულია)

დაბოლოს... საზოგადოებას აინტერესებს, როგორია კულტურის პოლიტიკაში სამინისტროს, მთლიანად სახელმწიფოს დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ. ვინ არის პასუხისმგებელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე – სახელმწიფო თუ ეკლესია, რომლის მრევლი კულტურის ძეგლებს ხშირად სწორედ ეკლესიის საკუთრებად მიიჩნევს:

[გიორგი გაბაშვილის ხმა] “ურთიერთობის ფორმატი განსაზღვრულია, პირველ რიგში, კონსტიტუციური შეთანხმებით ეკლესიასთან... როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, ინტენსიური კონტაქტები გვაქვს საპატრიარქოსთან, თუმცა ზოგადად კულტურის პოლიტიკაში ჩვენი პრიორიტეტია თანაბრობა, ურთიერთქმედება რელიგიებისა.”

“თანაბრობა და ურთიერთქმედება” ყოველთვის იყო ქართული კულტურის სახე. ეროვნული კულტურა თავისი განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე ადამიანურობით, უბრალოებით გამოირჩეოდა. “ადამიანური კულტურის” განვითარებას მაინცდამაინც დიდი თანხები არ სჭირდება. ასეთი კულტურა მხოლოდ ყურადღებას ითხოვს. ყურადღებას და თავისუფლებას, ერთდროულად.














XS
SM
MD
LG