Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში იწყება დემოკრატიული პარტიის ყრილობა


შეერთებული შტატების ძირითადი ოპოზიციური პარტია - დემოკრატიული პარტია - ორშაბათს ბოსტონში იწყებს ყრილობას, დემოკრატიულ კონვენციას, რომელიც ოთხ დღეს გასტანს.

წინასწარი ინფორმაციით, მასზე მთავარ ადგილს დაიკავებს მსჯელობა ბუშის პოლიტიკის ალტერნატიული კურსის შესახებ. დემოკრატები ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციას ცალმხრივ მოქმედებასა და მოკავშირეთა ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

დემოკრატიული პარტია, რომელიც თითქმის ოთხი წელია ჩამოშორებულია ხელისუფლებას, პოზიციების დაბრუნებას ცდილობს. მართალია, ჯონ კერიმ, რომელიც დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, ხმა მისცა ერაყში ძალის გამოყენებას, მაგრამ იგი აკრიტიკებს პრეზიდენტ ბუშს ერაყის საკითხში გაეროსგან გამიჯვნის გამო. ადმინისტრაციის მიერ იარაღის გამოყენებას იგი მოუფიქრებელს უწოდებს.

დემოკრატების წარმომადგენელთა თქმით, ყრილობა კარგ საშუალებას იძლევა იმისთვის, რათა კერიმ ეროვნული უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის ახალი მკაფიო კურსი წარმოადგინოს. საქმე ისაა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კერის მიერ გამოთქმული ზოგიერთი მოსაზრება მხოლოდ ოდნავ განსხვავდებოდა პრეზიდენტის იდეებისგან.

დემოკრატიული კონვენციის თავმჯდომარემ, ნიუ მექსიკოს შტატის გუბერნატორმა ბილ რიჩარდსონმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ პარტია გააკრიტიკებს ჯორჯ ბუშის უნილატერალისტურ პოლიტიკას.
[რიჩარდსონის ხმა ] "დემოკრატები ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, რომ ამერიკა არ უნდა იყოს უნილატერალისტური ქვეყანა, თუკი ჩვენთვის ღირებულია ალიანსები, ღირებულია ნატო, ღირებულია გაერო. პრობლემის მოგვარების საქმეში ჩვენი პირველი ამოცანა იქნება იმის გარკვევა, არის თუ არა მულტილატერალური გამოსავალი? თუ იგი არ არსებობს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბილატერალურად ან უნილატერალურად ვიმოქმედებთ."

დემოკრატიული პლატფორმის, ანუ ძირითადი პრინციპების პროექტში, რომელიც ყრილობაზე იქნება წარმოდგენილი, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეროვნული უშიშროების საკითხებს. ყურადღების ცენტრში ექცევა ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და დაზვერვის გაუმჯობესება.

აქვე უნდა შევნიშნო, რომ შეერთებულ შტატებში პარტიების პლატფორმებს არა აქვს იმდენად იურიდიული დოკუმენტის ხასიათი, როგორც ეს საპარლამენტო დემოკრატიებშია. მათი მთავარი მიზანია, ამა თუ იმ პარტიის პოლიტიკის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გამიჯვნა პოლიტიკური მოწინააღმდეგისაგან.

კონსერვატული ანალიტიკური ცენტრის, "ამერიკენ ენტერპრაიზ ინსტიტუტის" თანამშრომელმა ნორმან ორსტეინმა ჩვენს რადიოს უთხრა: [ორსტეინის ხმა] "მე ვფიქრობ, თუკი ხალხის სამსჯავროზე გამოიყვანთ ადამიანებს, რომლებსაც გამოცდილება მოეპოვებათ საგარეო პოლიტიკაში და იციან ის, რის შესახებაც საუბრობენ; თუკი დაარწმუნებთ ხალხს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში გულუბრყვილო ადამიანებს არ შემოიკრებთ გარშემო და იცით, რაზეც საუბრობთ; თუკი მშვენივრად გესმით, რას წარმოადგენენ მსოფლიოში ბოროტი ძალები - მაშინ ეს სულაც არ არის ცუდი მიმართულება იმ პრეზიდენტის გამოსაწვევად, რომელსაც ამჟამად უამრავი თავსატეხი აქვს."

ბილ რიჩარდსონის თქმით, ეროვნული უშიშროების პოლიტიკაში დემოკრატები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ ენერგეტიკის პრობლემებს. ბუშის ადმინისტრაციის თანახმად, ენერგეტიკის შესახებ კანონპროექტი შეიცავს ზომებს, რომლებიც შეამცირებს ამერიკის დამოკიდებულებას უცხოეთის ენერგორესურსებზე.

მაგრამ, ამავე დროს, დემოკრატები და გარემოს დამცველები აკრიტიკებენ ადმინისტრაციას და არასაკმარისად მიიჩნევენ ამ ზომებს. რიჩარდსონის თქმით, დემოკრატები მეტ ყურადღებას მიაქცევენ ენერგიის კონსერვაციას და ეფექტიანობას.

მიმომხილველთა აზრით, ყრილობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ამომრჩეველმა უკეთ გაიცნოს პრეზიდენტობის კანდიდატი. საარჩევნო ექსპერტები მოუთმენლად ელიან რეაქციებს კერის გამოსვლაზე, რომელიც ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG