Accessibility links

logo-print

მღვდელმსახური სამართალდამცავ სტუქტურებს საკუთარი ოჯახის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას სთხოვს


თბილისის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურმა ზაზა თევზაძემ 25 ივლისს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს განცხადებით მიმართა.

ტექსტი, რომელიც თაბახის არასრულ ერთ გვერდზე ეტევა, შემდეგი სიტყვებით მთავრდება: “თქვენო უწმინდესობავ, გამომდინარე იქიდან, რომ საპატრიარქოს აპარატი ხელს უწყობს ეკლესიაში მყოფ ექსტრემისტ სასულიერო პირებსა და მათ დაქვემდებარებაში არსებულ დაჯგუფებებს, იძულებული ვარ მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რათა მათ უზრუნველყონ ჩემი ოჯახის ფიზიკური უსაფრთხოება. აგრეთვე იძულებული ვარ მივმართო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რათა ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდეს იმ დევნის შესახებ, რომელიც ხორციელდება როგორც ჩემ, ასევე აქტიური საზოგადოებრივი პოზიციის მქონე სხვა სასულიერო პირების მიმათ.” რა დევნასა და რომელ ექსტრემისტ სასულიერო პირებზეა საუბარი, ვინ ემუქრება მღვდელ ზაზა თევზაძეს და როგორია ყოველივე ამასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია?

მღვდელმსახური ზაზა თევზაძე აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელებულ დევნაში ბოლო დროს აქტიურადაა ჩაბმული საპატრიარქოს აპარატი და პრესსამსახური.
მღვდელმსახური აცხადებს, რომ მას, ძირითადად, შემდეგ მიზეზთა გამო დევნიან: საქართველოს ეკლესიაზე რუსული გავლენის მხილება და ეკლესიის შიგნით მოთარეშე ექსტრემისტული დაჯგუფებების საჯარო კრიტიკა. დევნა კი, ზაზა თევზაძის თქმით, შემდეგ ფორმებში ვლინდება:

[ზაზა თევზაძის ხმა] “ეს დევნა გამოიხატება თავდასხმებში, შეურაცხყოფებში, საგაზეთო ცილისწამებით, აი, თითქოს ის, რომ მე ეკლესიის მტერი ვარ, საზოგადოების მტერი ვარ, მოსყიდული აგენტი ვარ, სოროსის ლეკვი ვარ, იეღოველი ვარ და ასე შემდეგ... რომ მოვდიოდი აქ, გზად ორი ქალბატონი დამხვდა - საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ რადგანაც ჩემი სახე დაიმახსოვრეს ტელევიზიით, მიწოდებდნენ საქართველოს მოღალატესა და მტერს. ფაქტობრივად, შეფურთხებაღა დააკლდათ. ეს დევნაა...”


დევნა, როგორც მღველმსახური აცხადებს, განსაკუთრებით გამწვავდა მიმდინარე წლის მაისის თვიდან, ანუ იმ დროიდან, როცა ნარიყალას ეკლესიაში შემოქმედის ეპარქიის სოფელ ლიხაურიდან მღვდელი ზაქარია მარგალიტაძე გადმოიყვანეს. ამ საკადრო გადაადგილებას ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სამოქალაქო საბჭოს წევრი, მღვდელი ბასილ კობახიძე შემდეგ ახსნას უძებნის:

[ბასილ კობახიძის ხმა] “სპეციალურად ცნობილი ფანატიკოსი მღვდელი ზაქარია მარგალიტაძე სოფელ ლიხაურიდან გადმოიყვანეს იმ ტაძარში, სადაც მამა ზაზა არის, ერთადერთი მიზნით, რომ გაანადგუროს იგი და ისეთი სურათი შექმნას, თითქოს ეს არის ორი ადამიანის პირადი კონფლიქტი. ეს არის სპეციალურად გადმოყვანილი. მამა ზაზამ ეს მაშინვე დააფიქსირა. ეს არის ცნობილი ფანატიკოსი, რომელიც გამოსცემს შავრაზმულ გაზეთ “ხარებას”. და როგორც კი მიიღო ეს ინსტრუქცია, მაშინვე ღია იერიში მიიტანეს მამა ზაზაზე.” (სტილი დაცულია)

ბასილ კობახიძე მართლმადიდებლობის სახელს ამოფარებულ ბოევიკურ-ექსტრემისტულ დაჯგუფებებზეც საუბრობს. თუმცა, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი დავით შარაშენიძე ზაქარია მარგალიტაძის თბილისში გადმოყვანის სულ სხვა მოტივსა და ვერსიაზე საუბრობს:

[დავით შარაშენიძის ხმა] “რაც შეეხება ზაქარია მარგალიტაძის თბილისში გადმოყვანას, ამას ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზეზი: ის არის მრავალშვილიანი ოჯახის მამა და ერთ-ერთ შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემა და მან თხოვნით მიმართა პატრიარქს, გადმოეყვანათ თბილისში.”

დავით შარაშენიძის თქმით, მღვდელმსახურები ზაქარია მარგალიტაძე და ზაზა თევზაძე ერთმანეთს კონკრეტული შემთხვევის - ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით გასული სიუჟეტის - გამო დაუპირისპირდნენ და მომხდარს დევნის სახე არ მიუღია.

[დავით შარაშენიძის ხმა] “იყო საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუშვა პრეცედენტი შერეული ქორწინებისა. სინამდვილეში მოხდა ასეთი რამ: მღვდელმა ზაზა თევზაძემ მონათლა ეს ადამიანი, ანუ ჯერ ეს ადამიანი შეუერთდა მართლმადიდებელ ეკლესიას ნათლობით და ამის შემდეგ აღსრულდა უკვე ჯვრისწერის საიდუმლოება. აი, ამ თემაზე იყო საუბარი და მივუთითეთ ზაზას, რომ იქნებ გაეკეთებინა განცხადება იმის შესახებ, რომ გადაცემული სიუჟეტი არ შეესაბამებოდა სიმართლეს.“

თუმცა აშკარაა, რომ მღვდელმსახურებს შორის მომხდარი კონფლიქტი ერთი კონკრეტული დაპირისპირების ფარგლებს სცდება. ამის თაობაზე საყურადღებო განცხადებას კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი აკეთებს:

[გიორგი ხუციშვილის ხმა] “არ შეიძლება ასე ექცეოდნენ განსხვავებული აზრების, განსხვავებული შეხედულებების პიროვნებებს თვითონ მოძღვრები, მათი კოლეგები. ვინაიდან ეს ქმნის საერთოდ შეუწყნარებლობის სიტუაციას მთლიანად ეკლესიაში. აი, ამის შედეგად ჩამოყალიბდა ასეთი ექსტრემისტული გამოვლინებები , როგორიც იყო მამა გიორგი ჩაჩავაზე თავდასხმა, ყველა იმ პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებაზე, რომელიც მოღვაწეობს დღეს ეკლესიაში და რომლებსაც უნდა გაუფრთხილდნენ.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG