Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარქარიანი თბილისში


25 ივლისს საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდა სომხეთის სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ანდრანიკ მარქარიანის მეთაურობით.

საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრების პარალელურად, ოფიციალური ვიზიტის სამუშაო პროგრამის ძირითად ღონისძიებად ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის სხდომა გახდა. სხდომის, ისევე როგორც უმაღლესი დონის შეხვედრების, უმთავრესი თემა რუსეთისა და სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთზე მიმოსვლის აღდგენა და საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო-ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავება იყო. სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 27 ივლისს დასრულდება.

სომხეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები მრავალასპექტიანია და ეს გარემოება ნათლად გამოიხატა საქართველო-სომხეთის მთავრობათშორისი კომისიის მესამე სხდომის დღის წესრიგშიც, რომელმაც მრავალი საკითხი მოიცვა. მაგალითად, გამოიკვეთა კერძო სომხური კომპანიების დაინტერესება “თბილსრესის” პრივატიზების საკითხით. როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, არ არის გამორიცხული, რომ “თბილსრესის” სავარაუდო ინვესტორები სწოედ სომეხი ბიზნესმენები აღმოჩნდნენ. რაც შეეხება მიმდინარე ენერგეტიკულ საკითხებს, პარტნიორობა უახლოეს მომავალში ორი ძირითადი მიმართულებით წარიმართება. ესენია: საქართველოს ენერგოსისტემის სომხეთის ენერგოსისტემასთან პარალელურ რეჟიმში მუშაობა, რაც შემდგომში ირანის ელექტროსისტემაზე გასვლის საშუალებადაც აღიქმება და, მეორე - ზაფხულის განმავლობაში საქართველოში წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის სომხეთში იმპორტირება, ზამთარში, პიკურ სეზონზე, ამ ჭარბი ელექტროენერგიის დაბრუნების გარანტიით. ეს რაც შეეხება პრაქტიკულად უკვე შეთანხმებულ საკითხებს, რომლებიც სამუშაო პროცესშია. მათ გარდა, არის სადავო საკითხებიც: სადავო 4 მილიონ 300 000 დოლარის ოდენობის თანხა, რომელსაც სომხური მხარე საქართველოს ვალად უთვლის და ელექტროენერგიის ტარიფები, რომლის დაწევასაც ქართული მხარე ისურვებდა. ამ უკანასკნელ საკითხზე თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ანდრანიკ მარქარიანი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

[ანდრანიკ მარქარიანის ხმა] ”ასეთი საკითხი საერთოდ არ დამდგარა. არავითარ დათმობებზე საუბარი არ შეიძლება. ეს კერძო კომპანიების საქმეა და გადაწყვეტილებასაც თავად მიიღებენ.”

რაც შეეხება დავალიანებას, მასზე კომენტარი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ალეკო ხეთაგურს ვთხოვეთ:

[ალეკო ხეთაგურის ხმა]”ჩვენი ინფორმაციით, ეს ვალი გასტუმრებულია, სომხეთის ინფორმაციით, არ არის გასტუმრებული და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინოს.”

დაბოლოს, თემა, რომელიც სომხეთის სამთავრობო დელეგაციის თბილისში ვიზიტის პროტოკოლით გათვალისწინებულ საკითხებში არ შესულა, მაგრამ, აქტუალობის გამო, საზოგადოების დაინტერესების მთავარ თემად იქცა. საქმე ეხება სომხეთის სურვილს აღდგეს რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალზე მიმოსვლა აფხაზეთის გავლით. ამ თემაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრა როგორც თავის ქართველ კოლეგასთან, ისე საქართველოს პრეზიდენტთან. შეიძლება ითქვას, რომ მხარეთა შორის ამ ეტაპზე კონსენსუსი მიღწეულია. სომხეთი საქართველოს შიდა პრობლემებში ჩარევას არ აპირებს:

[ანდრანიკ მარქარიანის ხმა] ”საქართველოს რკინიგზასთან ჩვენ პრეტენზიები არა გვაქვს. ეს დაკავშირებულია აფხაზურ საკითხთან. ეს შიდა პოლიტიკის საქმეა.”

ანდრანიკ მარქარიანის მოსაზრებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია საკუთარი პოზიციით ამყარებს. მისი თქმით, რუსეთ-სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების პირობებშია მხოლოდ მოსალოდნელი.

თუმცა სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უკვე შეიძლება სომხეთის სამთავრობო დელეგაციის თბილისში ვიზიტის თუნდაც ერთ კონკრეტულ შედეგზე საუბარი: გადაწყვეტილია, რომ საკურორტო სეზონზე ერევან-თბილისის სამგზავრო მატარებლის ერთი ვაგონი თბილისი-ბათუმის ეშელონს მიუერთდეს. აჭარაში წელს სომეხი დამსვენებლების რიცხვი, სავარაუდოდ, საგრძნობლად გაიზრდება.
XS
SM
MD
LG