Accessibility links

ბრალდებულის სიკვდილი ბათუმში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში წინასწარი დაკავების საკნის კიდევ ერთი ტუსაღი გარდაიცვალა. ეს მოხდა 25 ივლისს, გვიან ღამით, ბათუმში.

სოფელ კახაბრის ყოფილი გამგებელი როლანდ კახიძე ამა წლის 9 ივნისს დააკავეს საკუთარ კაბინეტში და ბრალდება ნარკოტიკების შენახვის მუხლით წაუყენეს. კახიძე მუდმივ მკურნალობას საჭიროებდა. ციხეში ყოფნამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმა. წინასწარი პატიმრობის, ფაქტობრივად, მთელი პერიოდი პატიმარმა საავადმყოფოში გაატარა.

საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სათავეში ლიბერალურ ღირებულებათა დაცვის ლოზუნგებითაც მოვიდა, პატიმრობაში კიდევ ერთი პატიმარი მოუკვდა. გარდაცვლილი როლანდ კახიძის ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას სწორედ ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან, დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, დაკავების შემდეგ პატიმარი საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს.

მეტიც, კახიძის ახლობლები პატიმრის აღსასრულში პოლიტიკურ საფუძველსაც ხედავენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, რესპუბლიკელი მურმან დუმბაძე როლანდ კახიძის დაპატიმრებას ასე განმარტავს:

[მურმან დუმბაძის ხმა] “ეს კაცი დააპატიმრეს 9 ივნისს. დაპატიმრებას ხელმძღვანელობდა აჭარის შინაგან სამეთა მინისტრი დავით ღლონტი. ჩაუდეს ჯიბეში ნარკოტიკი. დააპატიმრეს არჩევნებამდე 10 დღით ადრე. მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა კახაბრის თემში. მეორე არგუმენტი ის არის, რომ აბაშიძის გასტუმრების შემდეგ, კახიძის სოფლის გამგებლად ყოფნის დროს, ხელვაჩაურის გამგებლად დანიშნეს სურმანიძე, ასლან აბაშიძის გუნდის წევრი 5 მაისამდე. ბუნებრივია, კახიძე ამას წინააღმდეგობას უწევდა”.

როლანდ კახიძეც რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. ამიტომაც უკავშირებს მურმან დუმბაძე მის დაპატიმრებას პოლიტიკასა და წინასაარჩევნო პერიოდს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ როლანდ კახიძეს ხშირად ნახულობდა პატიმრობაში ყოფნისას. კახიძე, მართალია, ჯანმრთელი დაპატიმრებამდეც არ იყო, მაგრამ, მურმან დუმბაძის აზრით:

[მურმან დუმბაძის ხმა] “ასეთი ნაადრევი სიკვდილი, ალბათ, უნდა იყოს გამოწვეული იმ სტრესული ვითარებით, რომელშიც ის მოხვდა დაპატიმრების შემდეგ. მას წნევა აუვარდა და მთელი თვენახევრის მანძილზე მუდმივი ტემპერატურა ჰქონდა 39-40 გრადუსი.”

მურმან დუმბაძე ამბობს, რომ კახიძის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე აჭარის პროკურორ პაპუაშვილთან მივიდა და სთხოვა, როლანდ კახიძე სახლში გაეშვათ, რადგან ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ პატიმარს დიდი დღე აღარ ეწერა. სიცოცხლის ბოლო დღეებში მას ხელ-ფეხის დამბლა დაემართა. პაპუაშვილმა კახიძე პატიმრობიდან გაათავისუფლა და ეს გათავისუფლება ჰგავდა თენგიზ ასანიძის ძმის, თამაზ ასანიძის, გაშვებას საპატიმროდან სახლში სიკვდილის წინ, როცა ასლან აბაშიძე დარწმუნდა, რომ უკურნებელი სენით დაავადებულ ტუსაღს აღარაფერი გადაარჩენდა.

როლანდ კახიძე სტაციონარულად მკურნალობდა დაპატიმრებამდეც. მე დავუკავშირდი ექიმ ჯემალ დუმბაძეს, რომელიც მუშაობს იმ საავადმყოფოში, სადაც კახიძეს წინასწარი პატიმრობისას მკურნალობდნენ.

[ჯემალ დუმბაძის ხმა] “ამ ადამიანს სჭირდებოდა მუდმივი მკურნალობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ჯერ კიდევ შარშან ის იწვა თბილისში და იქაც შესაბამისი დასკვნა დაუწერეს. უბრალოდ, უსახსრობის გამო, მას უწევდა მკურნალობის შეწყვეტა.”

ექიმებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, რათა მას ეშუამდგომლა შინაგან საქმეთა მინისტრთან პაციენტის გადასაყვანად თბილისში მკურნალობისათვის. ეს არ მოხდა, ვერ მოესწრო. ჯემალ დუმბაძე ადასტურებს, რომ დაპატიმრებამ ნამდვილად მოუსწრაფა სიცოცხლე როლანდ კახიძეს, თუმცა, ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც მძიმე იყო.

როლანდ კახიძის სიკვდილის მეორე დღეს, 26 ივლისს, ბათუმში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჩავიდა და აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი დავით ღლონტი გააკრიტიკა იმის გამო, რომ აჭარის პოლიცია, ძირითადად, იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებით მუშაობს. როლანდ კახიძეს არ ჰქონდა იმდენად მძიმე ბრალდება წაყენებული, რომ მისი წინასწარი პატიმრობა აუცილებელი ყოფილიყო. გარდაცვლილი 37 წლისა იყო. მას მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
XS
SM
MD
LG