Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სუდანს სანქციებით ემუქრება


ვითარებას ქვეყანაში, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, რამდენიმე თვეა მოიხსენიებენ “მსოფლიოში უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისად”. გასულ კვირაში აშშ-ის კონგრესში სიტყვა “გენოციდიც” კი გაისმა.

ლაპარაკია ვითარებაზე აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე სუდანში, უფრო ზუსტად კი მის ერთ რეგიონში, დარფურის პროვინციაში. რამდენიმე დღის წინ გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა უფრო ზომიერი შეფასება გაიმეორა: “მსოფლიოში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი”. მისი უწყების ინფორმაციით, კრიზისის გამო ადგილნაცვალ პირებად არის ქცეული მილიონზე მეტი ადამიანი, დაზარალებულთა რიცხვი 2 მილიონს აღემატება. რაც შეეხება დაღუპულებს: მათი რიცხვი 50 000-დ არის შეფასებული. ასეთი ცნობების ფონზე გაიმართა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და მასზე დარფურის შესახებაც იმსჯელეს.

დარფურის კრიზისზე ბრიუსელში მსჯელობის მთავარი შედეგია გაფრთხილება, რომ სუდანის მთავრობის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ, თუ ის დაუყოვნებლივ არ მიიღებს ზომებს დარფურში ადამიანის უფლებათა უხეში ხელყოფისათვის ბოლოს მოსაღებად. რამდენიმე დღის წინ ასეთივე გაფრთხილებით გამოვიდა აშშ. საქმე ის არის, რომ დარფურის კრიზისის პასუხისმგებლობას სწორედ სუდანის მთავრობას აკისრებენ.

გაეროს ინფორმაციით, სუდანის ხელმძღვანელობა, რომლის წევრები არაბები არიან და არაბული შეიარაღებული რაზმები ახორციელებენ ეთნიკურ წმენდას დარფურში - ის შავკანიანებით არის დასახლებული. აქვე ვიტყვი: სუდანის მთავრობა ყველა ამ ბრალდებას უარყოფს.

მაგრამ დავუბრუნდეთ ბრიუსელს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. მასზე რამდენიმე მინისტრი, უწინარეს ყოვლისა გერმანიის წარმომადგენელი ემხრობოდა სუდანის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივ მიღებას. მაგრამ ინიციატივა უშედეგოდ დამთავრდა საფრანგეთის უარის გამო. საბოლოოდ, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ ბოტმა განაცხადა: [ბერნარდ ბოტის ხმა] “ჩვენ აღვნიშნავთ, რომ არ შევწყვეტთ ზეწოლას სუდანის მთავრობაზე - ამის შესახებ ნათქვამია ჩვენს დღევანედლ დეკლარაციაში. მაგრამ, ვფიქრობ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად ევროპაში ვიზიტად მყოფ სუდანელ საგარეო საქმეთა მინისტრთან პირადი შეხვედრებისას აღვნიშნეთ, რომ ვაკვირდებით სუდანის მთავრობის მოქმედებას და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მასზე ზეწოლის გაგრძელება”.

რაც შეეხება სანქციებს, რომლებით მუქარასაც დეკლარაცია შეიცავს, ისინი, ევროკავშირის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა შემოიღოს, თუ სუდანის მთავრობა დაუყოვნებლივ არ შეასრულებს თავის მოვალეობებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. იუწყებიან აგრეთვე, რომ ევროკავშირმა 208 მილიონი ევრო გამოჰყო ჰუმანტირული დახმარების დასაფინანსებლად, 12 მილიონი ევრო კი აფრიკის სახელმწიფოთა გაერთიანება “აფრიკის კავშირის” მისიისათვის, რომლის წევრებსაც დაფრურში მიღწეული ზავის მეთვალყურეობა ევალებათ.

მსოფლიოში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქების იმედს, შესაძლოა, ის გარემოებაც იძლეოდეს, რომ, ევროკავშირისვე ინფორმაციით, დარფურში ბოლოხანს გაუმჯობესებდა პირობები ჰუმანიტარული მისიების სამუშაოდ.

და კიდევ ერთი ცნობა: ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ფრანგი მინისტრი მიშელ ბარნიე სამშაბათს დარფურის რეგიონში გაემგზავრა. ის ლტოლვილთა ერთ-ერთი ბანაკის დაათვალიერებასაც აპირებს.
XS
SM
MD
LG