Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ებრაული ურთიერთობა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს, 27 ივლისს, დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი

ისრაელში. ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრის გარდა, დაგეგმილია მრგვალი მაგიდის მოწყობა ებრაელი ბიზნესმენების მონაწილეობით. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქართულ მხარეს საქართველოში დაწყებულ გლობალურ პრივატიზაციაში ებრაელი ბიზნესმენების აქტიურობის იმედი აქვს. როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტის დღის წესრიგი ისრაელში ვიზიტისას, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ისრაელში მყოფი ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის ბიძინა რამიშვილისგან შეიტყობთ. მე კი ქართულ-ებრაული ურთიერთობის რამდენიმე ფრაგმენტს შეგახსენებთ.



ქართველი ისტორიკოსების მტკიცებით, საქართველოში ებრაელები უძველესი დროიდან ცხოვრობენ. მეტიც, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა ებრაელების მოსვლის პირველ ტალღას ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს - ეს ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში მოხდა. ქართლის მოქცევის ქრონიკის მიხედვით კი, ებრაელების მოსვლას მცხეთაში სპეციალისტები ძველი წელთაღრიცხვის 169 წლით ათარიღებენ. ელინისტურ ხანაში ქართლის ქალაქებში - მცხეთასა და ურბნისში - უკვე არსებობდა „უბანი ჰურიათა.“
დღეს დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რამდენი ებრაელი სახლობდა საუკუნეების მანძილზე საქართველოში. სამაგიეროდ, დანამდვილებით იმის თქმა შეიძლება, რამდენი სახლობს დღეს. 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებით, საქართველოში 3772 ებრაელი ცხოვრობს. ცნობისთვის: წინა აღწერით, რომელიც 1989 წელს ჩატარდა, საქართველოში 24 720 ებრაელი ცხოვრობდა.
საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესი საბჭოთა კავშირის წლებში დაიწყო, თუმცა მაშინ თითო-ოროლა თუ ახერხებდა აღთქმულ მიწაზე დაბრუნებას. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ებრაელებს თავად შეეძლოთ არჩევანი გაეკეთებინათ - დარჩენილიყვნენ თუ ისრაელის სახელმწიფოს მშენებლობაში უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა. ვიღაც დარჩა, ბევრი წავიდა.
მწერალი და ლიტერატორი ჯემალ აჯიაშვილი კითხვაზე, თუ რა შეიძლება ქართველებმა ისწავლონ ებრაელებისგან, მიპასუხებს:
[ჯემალ აჯიაშვილის ხმა] „ისრაელში რომ ჩამოდიხარ, პირველი ყველაზე პოპულარული სიტყვა არის სალვანურს - მოთმინება. მოთმინებით და ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომით აშენდა ის, რაც აშენდა ისრაელში. ბევრი რამ კიდევ ასაშენებელია, მაგრამ არის საოცარი მობილურობა, ერთსულოვნება, როცა ქვეყანას შეეხება საქმე.“
თუ ახალი ისრაელი თავისი განვითარების დონით მართლაც აღგაფრთოვანებს, ძველი იერუსალიმი მოწიწებას იწვევს. თიკო გოგოლაშვილი, თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტი, რომელიც ერთი წელი სწავლობდა იერუსალიმის უნივერსიტეტში, ამბობს, რომ ისრაელის გაგონებისთანავე ძველი იერუსალიმი ახსენდება:
[თიკო გოგოლაშვილის ხმა] „ძველი ქალაქი საკმაოდ შთამბეჭდავია. ყველა რელიგია ერთი პატარა გალავნის შიგნით არის თავმოყრილი. საოცარი სული ტრიალებს.“
რაც შეეხება საქართველო-ისრაელის დღევანდელ ურთიერთობას, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღემდე ყველაზე წარმატებულად ისრაელის კომპანია „ელბიტისა“ და თბილავიამშენის პარტნიორობა ვითარდება. თბილავიამშენის გენერალური დირექტორის ნოდარ ბერიძის თქმით, ერთობლივად გამოშვებული თვითმფრინავები ნატოს სტანდატრს აკმაყოფილებს:
[ნოდარ ბერიძის ხმა] „ ეს არის სუ-25, მაგრამ შეცვლილია, მოდერნიზებული. ნატოს სტანდარტებში ზის.“
ცნობისთვის: ისრაელში ვიზიტისას, სხვა კომპანიებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი „ელბიტის“ პრეზიდენტსაც შეხვდება. ალბათ, საუბარი სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს შეეხება.
ჯემალ აჯიაშვილი კიდევ ერთ მოლოდინზე საუბრობს - მისი თქმით, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელები ინტერესით შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ორმაგი მოქალაქეობის შემოღების შესაძლებლობის შესახებ. სხვათა შორის, როგორც იცით, პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება კიდევ ერთ ინიციატივა, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველების მინისტრის პოსტზე მოწვევას გულისხმობს. კითხვაზე, ეგულება თუ არა ისრაელში ისეთი ადამიანი, ვინც საქართველოს მთავრობაში იმუშავებდა, ჯემალ აჯიაშვილი მიპასუხებს:
[ჯემალ აჯიაშვილის ხმა] „თუ ჩვენს თანამემამულეებს გულისხმობთ, არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ უკვე ბატონი პრეზიდენტის პრეროგატივაა. არიან, ნამდვილად არიან.“





XS
SM
MD
LG