Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ევროკავშირის ზღურბლთან დგას


ისედაც მნიშვნელოვნად გაფართოებული ევროკავშირი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაფართოვდეს. თურქეთისათვის,

რომელიც რამდენიმე ათეული წელიწადია ევროპის ამ უმსხვილესი გაერთიანებისაკენ უშედეგოდ მიისწრაფვის, გაწევრიანების შესაძლებლობა ასეთი რეალური არასოდეს ყოფილა. "ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში მოგითხრობთ, თუ რატომ ხედავენ თურქეთს მოკავშირედ ევროპის გავლენიანი ქვეყნები და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ევროკავშირში მუსლიმანური ქვეყნის მიღება.

2004 წლის მიწურულს ევროკავშირის ლიდერი ქვეყნები თურქეთის გაწევრიანების თემას კიდევ ერთხელ
აწონ-დაწონიან და საკითხის განხილვის უპრიანობას კიდევ ერთხელ გადახედავენ. იმისათვის, რომ ეს შეხვედრა თურქეთის სასარგებლოდ დასრულდეს, საერთაშორისო ექსპერტები, სულ მცირე, ორ მიზეზს უკვე ხედავენ.

ჯერ ერთი, თურქეთში დემოკრატიული პროცესები კოსმოსური სისწრაფით ვითარდება და ეს ევროპის ლიდერ ქვეყნებს გულწრფელად აღაფრთოვანებს; და მეორეც – მძლავრ ევროპულ გაერთიანებაში ისლამური სამყაროს გულის მოსაგებად მუსლიმანური ქვეყნის მიღება სულ უფრო აუცილებელი ხდება.

ყოველკვირეული გამოცემა "დი ნიუ იორკ რევიუ ოფ ბუქს" (The New York review of Books) იტყობინება, რომ თურქეთის პრემიერ- მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა სასწაულებრივ შედეგებს მიაღწია. ამ პოსტზე მოსვლიდან, ანუ გასული წლის მარტიდან, დღემდე ერდოანმა თურქეთის დემოკრატიული განვითარებისათვის იმაზე გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე სხვა ლიდერებმა ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში მოახერხეს. ექსპერტები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების განმტკიცებისა და სამხედრო ბიუჯეტის სამოქალაქო პირების კონტროლქვეშ გადაცემის საკითხებს. რა დასამალია და ძლიერი ევროპა ამგვარი ცვლილებებით, მართლაც რომ, სასიამოვნოდ გაკვირვებული რჩება.

რაც შეეხება მუსლიმანური სამყაროს გულის მოგებას, ამერიკისა და ერაყის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ექსპერტთა აზრით, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. თურქეთის ევროკავშირში გაერთიანება გაფანტავს ფუნდამენტალისტების მოსაზრებებს იმის თაობაზე, თითქოს, დარჩენილი მსოფლიო მუსლიმანებს ავიწროებს და მათ აბსოლუტურად არაფრად აგდებს.

ივნისის მიწურულს სტამბულში, ნატოს სამიტზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხმამაღლა განაცხადა:

(ჯორჯ ბუშის ხმა) "თურქეთი ამაყი ქვეყანაა, რომელიც წარმატებით შეითავსებს ევროპულ იერსა და ისლამურ ტრადიციებს. და როგორც კი შეასრულებს ევროპის კავშირის წევრობისათვის აუცილებელ ყველა პირობას, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება ბლოკში თურქეთის მისაღებად."

ჯორჯ ბუშის ეს გამოსვლა ევროპელმა ლიდერებმა ერთგვარ გადამეტებად მიიჩნიეს. როგორც ამერიკული ყოველკვირეული "ნიუსვიკი" აღნიშნავს, ბუშის გამოსვლამ განსაკუთრებით გააღიზიანა საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. "ეს საკითხი ევროპელების გადასაწყვეტია," – აღნიშნა მან ბუშის პასუხად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ, თავის მხრივ, ისიც მიესალმება თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას.

საკითხის დადებითად გადაწყვეტა თანაბრად სასიკეთო იქნება როგორც თურქეთისათვის, ასევე ევროკავშირისათვის და, საერთოდ, დემოკრატიის განვითარებისათვის – მიიჩნევს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი:

(ალექსანდრე რონდელის ხმა) "ეს ნაბიჯი კარგი იქნებოდა ევროპისთვის, რათა ეჩვენებინა ყველასთვის, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ უყურებს ისლამს უარყოფითად და რომ ის ცუდად მხოლოდ რადიკალებს და ტერორისტებს უყურებს. თურქეთის ინტეგრირება ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში იქნებოდა ასევე ძალიან კარგი, საერთოდ, დემოკრატიისათვის, სეკულარული ტრადიციების გავრცობისათვის ისლამურ სამყაროში და ასე შემდეგ."

ალექსანდრე რონდელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში მეზობლის გაწევრიანება საქართველოსაც ბევრ სიკეთეს მოუტანს:

(ალექსანდრე რონდელის ხმა) "ჩვენთვის თურქეთის ევროკავშირში გაერთიანება ძალზედ დადებითი მოვლენა იქნებოდა – სტრატეგიულად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, კულტურულად და ყველანაირად. ჩვენ ვიქნებოდით ევროკავშირის უშუალო მეზობელი – რაც ძალიან ბევრს ნიშნავს და ეს ჩვენი დაწინაურებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა."

ევროკავშირის ბოლო მასშტაბურ გაფართოებას ძლიერ ევროპულ ქვეყანათა ბევრი მოქალაქე უარყოფითად შეხვდა და, ექსპერტთა აზრით, თურქეთის შემთხვევაშიც იგივეა მოსალოდნელი. ეს ადამიანები ევროკავშირის საზღვრების ყოველ მორიგ გაფართოებას პირადი კეთილდღეობის მოსალოდნელ შევიწროებად აღიქვამენ.

ალექსანდრე რონდელი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური პრობლემები თურქეთის გაწევრიანების შემთხვევაშიც გაჩნდება და არა მხოლოდ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისათვის. მისი თქმით, პრობლემები თურქ ბიზნესმენებსაც გამოუჩნდებათ:

(ალექსანდრე რონდელის ხმა) "თუმცა, რა თქმა უნდა, შექმნიდა ეკონომიკურ, უმუშევრობისა და მიგრაციის პრობლემებს. იმიტომ რომ თურქეთის ინტეგრირება ევროპაში, ეს არის
70-მილიონიანი ქვეყნის ინტეგრირება, რომელიც ეკონომიკურად ძალიან წინ მიდის. უფრო მეტსაც გეტყვით - იმავე თურქეთში არის დიდი ბიზნეს-ძალები (ვთქვათ - სამხედრო მრეწველობის), რომლებიც მაინცდამაინც თავს არ უნდა იკლავდნენ ევროპაში ინტეგრაციისთვის. იმიტომ რომ მათ წარმოებას შეიძლება პრობლემები შეექმნას ."

ასეა თუ ისე, ევროპელი ლიდერები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ მხოლოდ ფიქრობენ. გადაწყვეტილების კონტური დეკემბერში გამოიკვეთება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG