Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა,


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ცხინვალის რეგიონში არსებულ კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის პრესაში, როგორც ეს აქამდეც იყო, განსხვავებული

შეფასებები გამოითქმება. შეფასებათა სპექტრი საკმაოდ ფართოა - იმპერიულით დაწყებული და პრაგმატულით დამთავრებული.
გესაუბრებით რამდენიმე წერილის შესახებ.

22 ივლისის “ნოვაია გაზეტას” თქმით, “სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება, როგორც ჩანს, აკმაყოფილებს როგორც სამხრეთოსური ავტორიტეტების, ისე სამხრეთოსური ხელმძღვანელობისა და ადგილობრივი სპეციფიკისა და ფსიქოლოგიის მცოდნის, გენერალ ნაბდზოროვის ინტერესებს.”

მაგრამ როგორც ავტორი, ანდრეი პიონტკოვსკი, აღნიშნავს: “...რუსეთის ინტერესები სულ სხვაა. ესაა მისი საზღვრის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოება და მისი სამხრეთელი მეზობლის, საქართველოს, უსაფრთხოება. თუ ჩვენ მართლაც პატიცს ვცემთ (როგორც ამას ოფიციალურ დონეზე ვაცხადებთ) საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ უნდა დავთანხმდეთ მის წინადადებას როკის გვირაბის სამხრეთ გამოსასვლელთან რუსეთ-საქართველოს ერთობლივი სასაზღვრო და საბაჟო პოსტის დაწესების შესახებ. მით უფრო, რომ ეს ჩვენს ინტერესებს უპასუხებს.”

24 ივლისის გაზეთი “ტრუდ” ბეჭდავს ფონდ “პოლიტიკას” პრეზიდენტის ვიაჩესლავ ნიკონოვის წერილს. ავტორი აცხადებს:
“ნუთუ სააკაშვილი სერიოზულად ფიქრობს, რომ თუ დაგომისის ხელშეკრულებაზე უარს იტყვის, რუსეთის მშვიდობისმყოფელები წავლენ სამხრეთ ოსეთიდან? მეტად მიამიტური იმედია. ეს იგივეა, რომ ბელგრადმა ცალმხრივად განაცხადოს კოსოვოში “ცისფერი ჩაფხუტების” ყოფნასთან დაკავშირებული შეთანხმების დენონსაციის შესახებ და მათი გაყვანის იმედი ჰქონდეს. არ გავლენ, იმიტომ რომ შეიძლება ომი დაიწყოს. ასევეა აქაც.

გარდა ამისა, ელემენტარული პოლიტიკური და ჰუმანიტარული მოსაზრებებით, კრემლს, უბრალოდ, არ შეუძლია თავს უფლება მისცეს, სამხრეთი ოსეთი ბედის ანაბარა დატოვოს.”

27 ივლისის ჟურნალი “ექსპერტი” აქვეყნებს ინტერვიუს საგარეო და საშინაო პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელ სერგეი კარაგანოვთან.
“თუ ქართულ-ოსური წინააღმდეგობები შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, მაშინ ხომ მოსკოვი უსიამოვნო არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: ან სამხრეთ ოსეთში თავისი ჯარი უნდა გაგზავნოს და დასავლეთის თვალში აგრესორად გამოჩნდეს, ან ოსებს დახმარებაზე უარი უთხრას და, ომის შედეგებისგან დამოუკიდებლად, ამ რეგიონში, თავისი გავლენა დაკარგოს. ასეა, არა?”

კორესპონდენტის ამ კითხვაზე სერგეი კარაგანოვმა უპასუხა: “ჩვენ ნებისმიერი ხერხით ხელი უნდა შევუშალოთ იმას, რომ ვითარება ძალისმიერ ვარიანტამდე დავიდეს. და არა მხოლოდ თქვენ მიერ დასახელებული მიზეზის გამო. ეს ჩვენ საქართველოსთვის, მისი კეთილდღეობისთვის უნდა გავაკეთოთ, ვინაიდან არა ვართ დაინტერესებულები ჩვენს საზღვარზე არასტაბილურობის კიდევ ერთი ანკლავის შექმნით. ჩვენ არ გვსურს, სამხრეთ ოსეთი ისეთ რეგიონად იქცეს, საიდანაც რუსეთს დევნილთა ნაკადი მიაწყდება.”

22 ივლისის გაზეთ “როსიისკიე ვესტის” თქმით, “რუსეთს არა აქვს უფლება ჩაერიოს კონფლიქტში თბილისსა და ცხინვალს შორის, მით უფრო, რომ რუსეთის ჩარევის გარეშე შეიარაღებული კონფლიქტი იქ ნაკლებ მოსალოდნელია, ხოლო სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა სავსებით შესაძლებელია რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებითა და შეთანხმებით.”
XS
SM
MD
LG