Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ კოკოითის მოულოდნელი განცხადებები


ოსი სეპარატისტების ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს. უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ალტერნატივის” ხელმძღვანელი ირინა ცინცაძე,

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,იბერირონის” ხელმძღვანელი მაია ცაბოშვილი და დეპუტატი ვლადიმერ გუცაევი - ეს ის ხალხია, ვისაც ედუარდ კოკოითი გადაბირების მცდელობაში სდებს ბრალს. კოკოითის ამ განცხადებით აღშფოთებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დეპუტატი გუცაევი კი თვლის, რომ აგონიაში მყოფ კოკოითს, რეიტინგის ამაღლების თავისებური მეთოდი აქვს.

ედუარდ კოკოითი რეიტინგის ამაღლების თავისებურ ხერხს მიმართავს. მოსკოვში მყოფი დეფაქტო ხელისუფლების ლიდერი მოულოდნელ განცხადებებს აკეთებს. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრმა ვლადიმერ გუცაევმა იანვრის თვეში მას ჟვანია - სააკაშვილის სახელით ვიცე-პრეზიდენტის პოსტი და 20 მლნ აშშ დოლარი შესთავაზა ,,ოსეთის დამოუკიდებლობაზე უარის სანაცვლოდ”.

[კოკოითის ხმა] ,,საქმე იმაშია, რომ ის მოვიდა ჩემთან მიმდინარე წლის იანვრის თვეში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და განაცხადა, რომ ჰქონდა უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტისგან, რათა მოლაპარაკება ეწარმოებინა. წინადადება 20 მლნ დოლარის შესახებ ამ საუბრიდან 1 თვის შემდეგ წამოიჭრა, როცა მე არ დავთანხმდი ვიცეპრეზიდენტის პოსტს.”


ვლადიმერ გუცაევი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და მიაჩნია, რომ კოკოითი რეიტინგის ამაღლებისათვის სუსტ მეთოდს იყენებს. ,,კოკოითი ასეთი განცხადებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს”- აცხადებს ცნობილი ფეხბურთელი და დეფაქტო ხელისუფლების ლიდერის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს.

[გუცაევის ხმა] ,,მე მგონი ახლა კოკოითს რეიტინგი უვარდება იმ რეგიონში ანალიზი რომ გავაკეთე და ალბათ უნდა, რომ აი ნახეთ, ამეებს მთავაზობენ და მე ისევ ჩემს პოზიციაზე ვდგავარ. ამით უნდა აიმაღლოს თავისი რეიტინგი”

კოკოითი მოსყიდვის მცდელობაში გუცაევის გარდა უშიშროების მინისტრის მოადგილეს გიგი უგულავას, ა/ო ,,იბერირონის” ხელმძღვანელს მაია ცაბოშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ალტერნატივის” ხელმძღვანელს ირინა ცინცაძესაც ადანაშაულებს, რომელსაც რატომღაც ნინო ბურჯანაძის დად მოიაზრებს. მისი თქმით, ეს ადამიანების აქტიურად ცდილობდნენ მისი მაღალჩინოსნების გადაბირებას და მაღალ ანაზღაურებასაც პირდებოდნენ.

[კოკოითის ხმა] ,,ეს არის ის ხალხი, ვინც აქტიურად თავაზობდა ბოლო დროს თანხებსა და თანამდებობებს მის მოხელეებს საქართველოს ხელისუფლებასთან ლოიალური დამოკიდებულების სანაცვლოდ. ჩვენ ვაცხადებთ, იმასაც რომ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად გამოყოფილია 100 მლნ დოლარი, როგორც საქართველოს, აგრეთვე ამერიკის ბიზნესმენების მიერ.”


დეფაქტო ლიდერის ამ განცხადებით აღშფოთებულია პარლამენტის თავმჯდომარე. ნინო ბურჯანაძის აზრით, შოკირებული კოკოითი ვეღარ ხვდება სად რა თქვას. კონტრაბანდის წყაროების გადაკეტვა მას არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებინებს ეს კი პოლიტიკის სფეროს სცილდება-მიაჩნია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.

[ბურჯანაძის ხმა] ,,როგორც ჩანს, მისთვის ისეთი შოკი იყო კონტრაბანდის და შესაბამისად საარსებო წყაროების გადაკეტვა და ისეთი დიდი შოკი იყო დანახვა იმისა, რომ საქართველო მართლაც სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად და ალბათ მიხვდა, რომ მისი ადგილი საერთოდ არ იქნება კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, რის გამოც იგი არაადექვატურ განცხადებებს აკეთებს. ეს პოლიტიკოსების პრეროგატივა არ არის, უკვე სხვა სფეროში გადადის.’’

კოკოითი ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ შეძლებს ოსი ხალხის მოსყიდვას და აცხადებს, რომ მოსახლეობის 98% რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების მომხრეა.
XS
SM
MD
LG