Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა სახელმწიფო საწარმოთა სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებას გეგმავს-რეფორმა საზოგადოებრივი კონტროლის საზიანოდ


სახელმწიფო საწარმოებში ე.წ. "უკონტროლო პროცესების" აღკვეთისა და საწარმოთა მართვის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის პირველი პირები სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებას გეგმავენ.

საქართველოს პრეზიდენტი “მეწარმეთა შესახებ” და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონების ცვლილებებისა და შესწორებების კანონპროექტის რიგგარეშე განხილვას ითხოვს. ამ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, “სამეთვალყურეო საბჭოები” საწარმოებში დამატებით, უსარგებლო რგოლებს წარმოადგენენ და სახელმწიფო სახსრების განიავებას უწყობენ ხელს.

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილოებით შექმნილ საწარმოებში სამეთვალყურეო საბჭოების არსებობის საწინააღმდეგოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამოდენიმე არგუმენტი მოიყვანა-კერძოდ, მისი თქმით, სამეთვალყურეო საბჭოებში მოკალათებული პირები სახელმწიფო ქონებას ისე ეპყრობიან, როგორც საკუთარს; ღებულობენ მაღალ ხელფასს და გაუგებარი მიზნებისათვის იძენენ ძვირადღირებულ ავტომობილებს მაშინ, როცა მთავრობის წევრთა ნახევარზე მეტს მანქანა არ ემსახურება.

[ნინო ზურიაშვილის ხმა]” ჩვენ არც მანქანებით დავსეირნობთ, არც მაღალი ხელფასი არა გვაქვს და საერთოდ არა გვაქვს ხელფასი. მხოლოდ ერთ ადამიანსა აქვს და ისიც თვითონ გადაწყვიტეს და თვითონ დაუნიშნეს ქონების მართვის სამინისტროდან და არც მენეჯერების სამეურნეო საქმიანობაში არ ჩავრეულვართ და მე არ ვიცი, ეხლა. ამ მიზეზით თუ აუქმებენ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სამართლიანი. მაგრამ, თუ არსებობს სხვა მიზეზი, რომლის შესახებ მე არ ვიცი, მაშინ, მაშინ თქვან.”

“საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ნინო ზურიაშვილის დარად, “საქნავთობის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, იურისტი თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განმარტებებში ზოგადი ფორმულირებისას ფეოდალებსა და გამნიავებლებში უშუალოდ მას და მის კოლეგებს არ გულისხმობდა. თუმცა იმავე ნინო ზურიაშვილისგან განსხვავებით, თინა ხიდაშელისათვის ცნობილია სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმების მიზეზი.

[თინა ხიდაშელის ხმა]” იმათ არც ხელფასი არ აწუხებთ. იმათ ის აწუხებთ, რომ შემთხვევითი ხალხი არ მოხვდეს უცბათ სამეთვალყურეო საბჭოებში, ანუ ისეთი ადამიანები, ვისაც ისინი ბოლომდე ვერ გააკონტროლებენ. მთავარი წუხილი ეს არის სწორედ და ეს შეცდომა იყო დაშვებული თავის დროზე, როდესაც ჩვენ შეგვიყვანეს სამეთვალყურეო საბჭოებში. მარტო “საქნავთობი არ იგულისხმება, სხვა სამეთვალყურეო საბჭოებშიც არსებობენ სამეთვალყურეო საბჭოების წარმომადგენლები. ამიტომ ახლა ჩვენ რომ გაგვიწვიონ პირდაპირ, ამას რა თქმა უნდა, ცუდი რეზონანსი ექნება. ამიტომ, კანონს ცვლიან და დაზღვეულები იქნებიან სამუდამოდ. “

თინა ხიდაშელის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დისკომფორტი “საქნავთობის” სამეთვალყურეო საბჭომ მთავრობას მაშინ შეუქმნა, როდესაც საწარმოს დირექტორი მათთვის სასურველი კაცი ვერ გახდა. საერთოდ კი მისი აზრით, სამეთვალყურეო საბჭოების გამუქმების მიზნით შექმნილი ცვლილებების კანონპროექტი დისკრიმინაციული და უსინდისოა ყველა იმ პირისა და ინვესტორის მიმართ, ვინც სახელმწიფო საწარმოს რაიმე ფორმით თანამომაწილეა. ამ ცვლილებების თანახმად, საზოგადოებაში, სადაც სახელმწიფო წილი საწესდებო კაპიტალის 50 პროცენტზე მეტს შეადგენს, სამეთვალყურეო საბჭო სამი საჯარო მოსამსახურისაგან უნდა დაკომპლექტდეს. ანუ მეთვალყურეობაც სახელმწიფოს უნდა დაექვემდებაროს. და ეს მაშინ, როცა ამგვარი სახელმწიფო მაკონტროლებელი საწარმოთა მართვის სააგენტოს სახით ისედაც არსებობს. ამ სააგენტოს არსებობა, თავის მხრივ, სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებას, მთავრობის მოსაზრებით, ლოგიკურ კალაპოტში აყენებს.

[სერგო ტოპრაკაშვილის ხმა]”პრინციპში ეგ შესაძლებელია თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, იმიტომ, რომ არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სადაც არ არის სამეთვალყურეო საბჭო და არის დირექტორი. მეწარმეთა შესახებ კანონიდან არის განსაზღვრული დირექტორი რას აკეთებს და იმის უქით არის განსაზღვრული პარტნიორი რას აკეთებს, ანუ სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციასაც იგივე ასრულებს, რაც დირექტორის ფუნქციას არ განეკუთვნება, იმის ზევით რაც არის, უფლებამოსილება, იმას ახორციელებს პარტნიორი, ანუ სააგენტო.”

ეს საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო ტოპრაკაშვილია. მისი თქმით, დღეს სამეთვალყურეო საბჭო ათასზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებაში მოქმედებს.

[აკაკი ჩარგეიშვილის ხმა]”თვითონ სამეთვალყურეო საბჭო რასაც აკეთებს, ყველაფერს, აი, გეუბნებით, ათანხმებს-ბიზნეს-გეგმას განიხილავს, დირექტორს ნიშნავს, თუ ქონების ჩამოწერა, ყველაფერი აბსოლუტურად თანხმდება საწარმოთა მართვის სააგენტოსთან. აქედან გამომდინარე, როგორ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭო ცუდი, როცა ყველაფერი თანხმდება.”

ეს შეკითხვა განსჯისათვის, საერთოდ კი
საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აკაკი ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმების საკითხს კომპლექსურად უნდა მიუდგეს და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG