Accessibility links

logo-print

რუსეთში საქართველოსადმი ცუდად განწყობილ მოქალაქეთა რიცხვი იზრდება


რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგად ირკვევა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება საქართველოსადმი ბოლო დროს მკვეთრად გაუარესდა.

ყოველ შემთხვევაში, ამგვარ მომნაცემებს აქვეყნებს მოსკოვში მოქმედი “საზოგადოებრივი აზრის ფონდი”, რომლის წამაყვანი სპეციალისტი ივან კლიმოვი ჩვენს რადიოსთან საუბრისას რუსულ-ქართული ურთიერთობების პერიოდულ ცვალებადობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მიმართ კრიტიკულად განწყობილ რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი - ამის შესახებ რუსეთში მოქმედი ფონდის “საზოგადოებრივი აზრისა” და სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის სოციოლოგები იუწყებიან. თუმცა, როგორც ფონდ “საზოგადოებრივი აზრის” წამყვანი სპეციალისტი ივან კლიმოვი აღნიშნავს, არაფერი განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არ ხდება: საქმე ის არის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში სინუსოიდის მსგავსად, ანუ დათბობისა და აცივების პერიოდული მონაცვლეობით ვითარდება.

[ივან კლიმოვის ხმა] “ეს სინუსოიდა შემდეგ გარემოებას ასახავს: როცა არ არის არანაირი ინფორმაცია, მით უმეტეს საგანგაშო და შემაშფოთებელი, მაშინ ადამიანები მეტ-ნაკლებად მშვიდდებიან. მაგრამ როგორც კი გაჩნდება მწვავე, გამაღიზიანებელი ინფორმაცია, საზოგადოებრივი აზრი მყისიერად საწინააღმდეგო მიმართულებით იცვლება. ჩემი აზრით, ამგვარ ცვლილებებს ის ინფორმაცია იწვევს, რომელიც პრესაში სისტემატურად ჩნდება და, რომელსაც უმეტესწილად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა განაპირობებს და არა ქართველი ხალხისადმი, ან საქართველოსადმი დამოკიდებულება.”

ცხადია, რუსეთის მოქალაქეების საქართველოსადმი დამოკიდებულება დიდწილად სამხრეთი-ოსეთში ვითარების გამწვავებამ შეცვალა. მოსკოვში მოქმედი “საზოგადოებრივი აზრის” ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რესპოდენტთა 64 პროცენტი ცხინვალის რეგონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საინფორმაციო საშუალებების წყალბით, საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული, შედეგად ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი აზრიც: საქართველოს მიმართ რუსეთის მოქალაქეთა დამოკიდებულება იანვრის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა: თითქმის ერთნახევარჯერ შემცირდა კეთილად განწყობილ ადამიანთა რაოდენობა, მაშინ, როცა ავისმოსურნეთა რიცხვი გაორმაგდა.

ალბათ ასევე ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის, თუ როგორ აისახა სამხრეთ ოსეთში ვითარების გამწვავება ქართულ საზოგადოებაზე და როგორი ტენდენციები შეინიშნება მის წიაღში რუსეთთან დამოკიდებულების თვთალსაზრისით. როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გოჩა ცქიტიშვილი ამბობს, ქართული საზოგადოების რუსეთისადმი ნდობის ხარისხმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად იკლო.

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა] “ნებისმიერი რეიტინგი არის დროში ცვალებადი, შესაბამისად, დინამიურიც და თუ განწყობები ამერიკისადმი ეცემოდა ნეგატივისადმი და რუსეთისადმი კეთილგანწყობა იზრდებოდა დაახლოები 1999 წლიდან 2003 წლამდე, ახლა პირიქით ხდება - ესე იგი ამ წლის მონაცემებით, რუსეთისადმი და მისი პოლიტიკისადმი ნდობა არის მკვეთრად დაქვეითებული საქართველოში”.

ცქიტივშივლის ამ ნათქვამს რიგითი თბილისელებიც ადასტურებენ.
[მამაკაცის ხმა] “თვითონ პოლიტიკოსები არიან ცუდად განწყობილები, ისეთები არიან რუსეთის დუმაში მოხვედრილები, რომ არ აქვთ კარგი განწყობა და დაპყრობის სურვილი აქვთ რა, იმპერიულ ძალებს”.

[ქალბატონის ხმა] “რუსეთი არის ჩვენი უბრალოდ გეოგრაფიული მეზობელი, მაგრამ ყოველთვის აქვს მტრული დამოკიდებულება. უნდა გავიცნობიეროთ, რომ ის არასოდეს არ იქნება ჩვენი მეგობარი. საერთოდ არცერთი პატარა ქვეყნის მეგობარი იმპერია არ არის და მითუმეტეს ჩვენ მის შემადგენლობაში ვიყავით.”

და ბოლოს კვლავ რუსი სოციოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ. როგორც ირკვევა, საქართველოსადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობით, ძირითადად დედაქალაქში მცხოვრები და მაღალი შემოსავლების მქონე რესპოდენტები გამოირჩევიან. ხოლო საქართველო თურმე გულზე უფროსი თაობისა და განათლების დაბალი ცენზის მოქალაქეებს არ ეხატებათ.
XS
SM
MD
LG