Accessibility links

logo-print

სამხედრო წვრთნები სამხრეთ ოსეთთან


დავით პაიჭაძე, თბილისი მეორე დღეა, შიდა ქართლის პოლიგონებზე გრძელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნები. წვრთნებში ჩაბმული არიან საჩხერის სამთო-მსროლელი და კომანდოს ბატალიონები,

რომელთაც გაიარეს ამერიკული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა”. რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს სამხედრო წვრთნას პრობლემური რეგიონის სიახლოვეს?

ეს არის დაგეგმილი წვრთნები, რომელიც მთიან რელიეფზე ტარდება - განაცხადა შიდა ქართლში დაწყებულ სამხედრო წვრთნათა შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გივი იუკურიძემ. ქვედანაყოფები, რომლებიც წვრთნას გადიან, დისლოცირებული არიან გორის სასწავლო ცენტრში. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, წვრთნების დროს ამუშავებენ კრიტიკულ სიტუაციაში, და თანაც მთებში ბრძოლის წარმართვის ჩვევებს.

წვრთნები მიმდინარეობს ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტყრაციული საზღვრიდან დაახლოებით 30-35 კილომეტრის დაშორებით. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების არეალში ბაზირებულია შინაგანი ჯარის ერთი ქვედანაყოფიც. თავდაცვის სამინისტროს შენაერთები მთა-ველებზე ავტომატებს, ტყვიამფრქვევებსა და ყუმბარმტყორცნებს ისვრიან. ჰქონდათ საწვრთნელი გასვლა ტყეში, ღამის სამ სააათზეც.

რაგინდ წინასწარ დაგეგმილიც უნდა იყოს შიდა ქართლში მიმდინარე სამხედრო წვრთნები, მათ თავისთავად ენიჭებათ დამატებითი საზრისი. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ტელეარხებმა გადასცეს ვიზუალური მასალა თვითაღიარებული სამხრეთი ოსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნათა შესახებ, რომლებშიც ცხინვალის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც მონაწილეობდა: მან კამერების თვალწინ გაისროლა ტყვიამფრქვევი. საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ბატალიონის მანევრები პრობლემურ რეგიონთან თავისებურ პასუხს წარმოადგენს კოკოითის ხელისუფლებისათვის. თუმცა, სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობას, ჯერჯერობით, არავითარი რეაქცია ამ წვრთნებზე არ ჰქონია. რა თქმა უნდა, წვრთნა უწინარსად ეწყობა ჯარისკაცთა გასაწაფად, მაგრამ ძნელია უარყო, რომ ისედაც კარგად გაწვრთნილი ორი ქართული ბატალიონის დაბანაკება და საბრძოლო ვარჯიშები სამხრეთი ოსეთის სიახლოვეს, არ მიმდინარეობს, მდაბიურად რომ ვსთქვათ, კოკოითის გულის გასახეთქად. თუმცა, ძალიან საეჭვოა, ამ წვრთნების შედეგად ედუარდ კოკოითიმ იმ რანგის შეცდომა დაუშვას, როგორიც დაუშვა ასლან აბაშიძემ, ყულევში ქართული საზღვაო დესანტის საწვრთნელი გადმოსხმის დროს ჩოლოქის ხიდის აფეთქებით. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, წვრთნები ცხინვალიდან გვარიანი დაშორებით მიმდინარეობს და სროლისა თუ ბათქა-ბუთქის ხმა უფრო გორში ესმით. სამხრეთ ოსეთამდე ეს ხმა ვერ აღწევს.
XS
SM
MD
LG