Accessibility links

logo-print

ნავთობზე მსოფლიოს ფასების ზრდის გავლენა საქართველოზე


რუსეთის მართლმსაჯულება ქვეყნის ყველაზე მსხვილ ნავთობმომპოვებელ კომპანია “იუკოსს” წინა წლებში დაგროვილ უზარმაზარ დავალიანებას სთხოვს,

რის გადახდასაც, ფულის არქონის მომიზეზით, კომპანია ვერ ახერხებს. ოთხშაბათს მსოფლიო სერიოზულად შეაშფოთა “იუკოსის” საქმიანობის შესაძლო ბლოკირების ინფორმაციამ და ნავთობის მსოფლიო ფასი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვა. რუსეთის იუსტიციის მინისტრის გამოსვლამ კი, იმის თაობაზე, რომ - “იუკოსის” საქმიანობას შეწყვეტა არ ემუქრება - ხუთშაბათს სიტუაცია შედარებით განმუხტა. თუმცა ნავთობის ფასი კვლავაც მაღალი რჩება.

“იუკოსის” სკანდალი ნავთობ-სამყაროსთვის უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა, რადგანაც ნავთობის მსოფლიო ფასთან დაკავშირებული ვითარება ისედაც საკმაოდ არასტაბილურია ერაყის ომისა და საუდის არაბეთის ტერორისტული აქტების გამო. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, რუსეთის ამ უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ კომპანიას მსოფლიო ბაზრის ამინდზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

ფილ ფლინი, ალარონის ნავთობის სავაჭრო კომპანიის წარმომადგენელი ჩიკაგოდან შიშობს, რომ ფასი 1 ბარელ ნავთობზე, შესაძლოა, ოთხშაბათს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს - 43 დოლარსაც კი ასცდეს:

(ფილ ფლინის ხმა) "თუკი იუკოსის სიტუაცია გაუარესდება, ანდა გაურკვეველი დარჩება, ერთ ბარელ ნავთობზე ფასი უახლოეს მომავალში 40 დოლარზე დაბლა არ დაიწევს. ხოლო მიაღწევს თუ არა ნიშნული 50 დოლარს დამოკიდებულია იმაზე, გაუარესდება თუ არა სიტუაცია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ვითარევის გაუარესება".

როგორც რუსეთის იუსტიციის სამინისტრო იტყობინება, “იუკოსის” საქმიანობის შეჩერება არ არის მოსალოდნელი. თუმცა გაურკვეველია, როგორ აპირებს სახელმწიფო იუკოსისგან სადავო თანხის - 13 მილიარდ 400 მილიონი დოლარის ამოღებას.

ეკონომიკური საკითხების ექსპერტის, ალექსანდრე თვალჭრელიძის აზრით, ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასზე ძირეულ გავლენას ჯერ ვერ ახდენს:

(ალექსანდრე თვალჭრელიძის ხმა) “ჩემი შეფასებით ჯერჯერობით მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასების ზრდამ საქართველოზე გავლენა არ იქონია”.

თუმცა ფასმა ბოლო 2 თვის განმავლობაში 12 პროცენტით მაინც მოიმატა:

(ალექსანდრე თვალჭრელიძის ხმა) “ბენზინის ფასები იზრდება. ნავთობპროდუქტებზე დაახლოებით 12-პროცენტიანი ზრდა აღინიშნება”.

თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ ეს უფრო ხელოვნური პროცესია და მსხვილ მოგებას შეჩვეული მოვაჭრეები კონტრაბანდასთან ბრძოლასა და ახალ დროებას ვერ ეგუებიან:

(ალექსანდრე თვალჭრელიძის ხმა) “ხელოვნურად ხდება. შეჩვეული არიან ბენზინ-მომმარაგებლები 100-პროცენტიან მოგებას. ახლა 100-პროცენტიანი მოგება არ რჩებათ და ამიტომ ხელოვნურად ზრდიან ფასებს”.

რაც შეეხება საერთო სამომხმარებლო ფასებს, ალექსანდრე თვალჭრელიძე მათ ზრდასაც, არა ბენზინის ფასის მატებას, არამედ უფრო კონტრაბანდასთან ბრძოლას უკავშირებს:

(ალექსანდრე თვალჭრელიძის ხმა) “გამოიწვია, მაგრამ არავითარ სოციალურ დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. საქართველოში ახლა ნელ-ნელა ისპობა კონტრაბანდა, ამიტომ საერთო სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა”

ერთი სიტყვით, საქართველოს შიდა ბაზრის ფასებზე ნავთობის მსოფლიო ბაზრის ტალღას, როგორც ჩანს, ჯერ არ გადაუვლია.
XS
SM
MD
LG