Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლი განახლდა


თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს საომარი მოქმედებების პროვოცირებაში ადანაშაულებენ.

29 ივლისს გვიან ღამით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლი განახლდა. თბილისი და ცხინვალი ერთმანეთს საომარი მოქმედებების პროვოცირებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, 23 საათსა და 30 წუთზე ცხინვალის დასავლეთი და აღმოსავლეთი მთებიდან, სამი პოზიციიდან მასირებული შეტევა განხორციელდა სოფელ თამარაშენზე. საპასუხო ცეცხლი ქართულმა მხარემ დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გახსნა. დროებითი სიმშვიდე 30 ივლისის გამთენიისას ოსურმა მხარემ დაარღვია-თვითმხილველთა თქმით, დილით განხორციელებული შეტევა გაცილებით ძლიერი იყო. სწორედ გამთენიისას დაიჭრა 4 ქართველი პოლიციელი, რომლებიც ამჟამად სოფელ ქურთის საავადმყოფოში იმყოფებიან. დაჭრილები არიან მოწინააღმდეგე მხარის მებრძოლებიც-სხვადასხვა წყაროს თანახმად, მათი რიცხვი 2 დან 6 კაცამდე მერყეობს.

კონფლიქტის ესკალაციისა და საომარი მოქმედებების პროვიცირების ურთიერთბრალდებები თბილისსა და ცხინვალს შორის 30 ივლისის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პროცესებში ჩერთო მოსკოვიც-რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარეებს მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდა. ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტთან, ედუარდ კოკოითთან შეხვედრის შემდეგ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშინინმა განაცხადა, რომ ქართველი ძალოვანების მოქმედებები რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. თავის მხრივ, ედუარდ კოკოითი ქართულ სამხედრო შენაერთებს ცხინვალის მშვიდობიანი კვარტლების დაცხრილვაში სდებს ბრალს. მის ბრალდებას პრაქტიკულად უარყოფს ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხებში სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძე.

[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა]”არა, ცხინვალის მისამართით ხომ არ იყო სროლები, ისეთი მხარეა თამარაშენი, რომ კი ესაზღვრება ცხინვალს, მაგრამ ეს კუსირეთიდან იყო ბრძოლა. ეს კუსირეთი როგორაა იცით, რომ თამარაშენის მაღლა დასავლეთის მხარეზე.”

ვაჟა ხაჭაპურიძე ერთის მხრივ, აღიარებს, რომ სროლა ოსურმა მხარემ სოფელ კუსირეთიდან წამოიწყო, მეორეს მხრივ კი აფიქსირებს დეფაქტო ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციასაც-მისი თქმით, პროვოკაციული გასროლა პირველად სოფელ თამარაშენის საშუალო სკოლის შენობიდან გაისმა. აღნიშნულ ვერსიას ოფიციალური თბილისის გარდა, კატეგორიულად უარყოფენ თავად თამარაშენელებიც-

[თამარაშენელის ხმა] “როცა წამგებიან პოზიციაში ხარ, რომელი გიჟი გახსნის ცეცხლს და რომელი გიჟი აიტეხავს ეგეთ რამეს. სამივე მხრიდან, თან სიმაღლეებიდან ძაბრივით ზევიდან დაგყურებს მოწინააღმდეგე პოზიცია. ლოგიკას ხომ არ ექვემდებარება.”

სოფელი თამარაშენი 30 ივლისის ღამის შემდეგ ვიზუალურადაც ნაომარსა და იავარქმნილს ჰგავს. დაცხრილულია თითქმის ყველა სახლის კედლები და სახურავები. ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია მსუბუქი ავტომობილები. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავი სარდაფებსა და სამალავებს შეაფარა. როგორც ჩვენმა თამარაშენელმა თანამოსაუბრემ განგვიმარტა, თხუთმეტწლიანი კონფლიქტის მანძილზე, ცხინვალის ქართული სოფლების მაცხოვრებლებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკუთარი ელემენტარული მეთოდები შეიმუშავეს 29 ივლისის ღამესაც ისინი ტყვიებისა და ნაღმების წვიმას საგულდაგულოდ, სწორედ ნაცადი ხერხების გამოყენებით დაემალნენ.
ქართველ ჟურნალისტებს, ცხინვალის ადმინისტრაცია, ჯერ-ჯერობით სოფელში შესვლის საშუალებას რატომღაც არ აძლევს. მათ შორისაა, ჩვენი კორესპონდენტი გოგა აფციაურიც.

[გოგა აფციაურის ხმა]”რამდენიმე წუთის წინ ვიტავი სემიგრაციო პუნქტთან ცხინვალისა, სადაც ვერ მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი ცხინვალში გატარების შესახებ, რომ მოვხვედრილიყავით თამარაშენში. და დილას მიიღო შერეული სამშვიდობო ძალების შტაბმა გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ღამის განმავლობაში რუსი სამშვიდობოები ჩადგებიან ეგრეთ წოდებულ ტექსტილშიკების დასახლებაში. ეს არის ცხინვალის ფეიქართა დასახლება. იქ მოაწყობენ რუსები საგუსაგოს, ხოლო თამარაშენის პერიმეტრზე პატრულირებას განახორციელებენ მთელი ღამის განმავლობაში.”


შერეულმა სამშვიდობო ძალებმა, 29 ივლისის ღამის საომარი ინცინდენტის აღკვეთა ვერ შეძლეს-და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვითარების სრული კონტროლის შესახებ აკეთებს განცხადებებს, ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლების მოსახლეობას პანიკის საფუძველი ნამდვილად აქვს.
XS
SM
MD
LG