Accessibility links

logo-print

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მკვიდრდება


2004 წლის 6 თებერვალს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ქართულ მართლმსაჯულებაში თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება

ცვლილებების წყალობით, სულ მალე სახელმწიფო სამართალწარმოებაში საზოგადოებრივი მონაწილეობის ახალი, ცივილიზებული და დემოკრატიულ სამყაროში კარგად აპრობირებული, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დამკვიდრდება. თუმცა მანამდე, ვიდრე განსასჯელთა ბედი რეალური ნაფიცი მსაჯულების ხელში გადავა, 30 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფსევდომსაჯულების მონაწილეობით საჩვენებელი პროცესი გაიმართა.


[ისმის პროკურორის ხმა] “რა უთხარით თქვენ კონკრეტულად დავითს ლაგოდეხში მის გადასვლასთან დაკავშირებით?…”

30 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლე თამარ ლალიაშვილი და 12 ნაფიცი მსაჯული მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, 33 წლის დავით გიორგაძეს, ასამართლებდა. ლაპარაკია საჩვენებელ პროცესზე, უფრო სწორად კი, სასამართლო პროცესის იმიტაციაზე, რომელიც, იუსტიციის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოსა და თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით, უზენაესი სასამართლოს შენობაში გაიმართა. პროცესზე მსაჯულად მიწვეული თბილისის მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს დემოკრატიის სკოლას უწოდებს და მის დამკვიდრებას მიესალმება:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “პრაქტიკულად როდესაც შენ უნდა გადაწყვიტო, ადამიანი არის თუ არა დამნაშავე, ეს ისეთი გამოცდა არის თითოეული ადამიანისათვის, - მორალურიც, სამართლებრივიც, საზოგადოებრივიც, - რომ მე ვფიქრობ, აქ გავლილი ადამიანები გაცილებით სხვანაირი მოქალაქეები იქნებიან, ვიდრე ისინი არიან დღეს.”

იმუშავებს თუ არა ეფექტურად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში? ეს კითხვა, ძირითადად, შემდეგი მოსაზრების გამო დაისმის: ქვეყნის მცირე მასშტაბებიდან გამომდინარე, ხომ არ გაჭირდება ობიექტური, მიუკერძოებელი მსაჯულების მოძებნა? კიდევ ერთი ნაფიცი მსაჯული, ფილოსოფოსი გიგი თევზაძე განმარტავს:

[გიგი თევზაძის ხმა] “არასწორი ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა ეს განწყობა, იმიტომ რომ, მაგალითად, როდესაც აშშ-ში ტარდება პროცესი, იქ სხვა შტატიდან კი არ მოჰყავთ ვინმე, იმ შტატის ხალხი მონაწილეობს ამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში. და კიდევ: სიმცირე და ნაცნობობა კი შეიძლება განიხილო როგორც ჩაწყობის საფუძველი, მაგრამ, მეორე მხრივ, ასევე შეიძლება განვიხილოთ როგორც ჩაუწყობლობის საფუძველი.”

უფრო ლაკონიურია ზურაბ ჭიაბერაშვილი:

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “ჩვენ თუ ამას არ ვენდობით, მაშინ უნდა ვთქვათ: იცი რა, საქართველოში არ არის პატიოსანი ადამიანი... და მე კი ამას ვერ დავიჯერებ.”

ცხადია, საქართველოში პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ. მეტიც, ასეთი ადამიანები ხელისუფლებაშიც არიან და ის ფაქტი, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებას წინ, ფაქტობრივად, არაფერი უდგას, ამის ნათელი დადასტურებაა. სულ მალე კი, როგორც თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი ლევან რამიშვილი აცხადებს, განსასჯელს არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემა:

[ლევან რამიშვილის ხმა] “თუკი ბრალდებული გადაწყვეტს, რომ მისი უფლებების დაცვისთვის ყველაზე კარგი საშუალება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოა, ეს მასზე იქნება დამოკიდებული. მას ასევე ექნება შესაძლებლობა, რომ მოსამართლემ, პრფესიონალმა იურისტმა, გაასამართლოს ან მიმართოს საპროცესო შეთანხმების გზას და ასე მოაგვაროს საკუთარი პრობლემები კანონთან.”

უზენაეს სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა გამოჩენას საქართველოს ნომერ პირველი მოსამართლეც მიესალმება. კოტე კემულარია ახალი ინსტიტუტის მომავალზე იმედიანად საუბრობს:

[კოტე კემულარიას ხმა] “ჩვენ, ალბათ, წავალთ იმ გზით, რომ რაღაც გარკვეულ რეგიონებს, გარკვეულ სასამართლოებს შევარჩევთ, სადაც ამას დავნერგავთ, სანამ მასიურად დაინერგება, ხოლო შემდგომში გადავალთ იმისდა მიხედვით, გავითვალისწინებთ პრაქტიკას, გავითვალისწინებთ ყველა პრობლემას, რომელიც გადასაჭრელი იქნება და შემდგომ ვილაპარაკებთ ამ ინსტიტუტის მასიურად გამოყენებაზე.” (სტილი დაცულია)

მასიურ დანერგვამდე ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას საჩვენებელ პროცესში იღებენ, თუმცა, სავარაუდოდ, ახლოა ის დრო, როცა ფსევდოპროკურორის შემდეგ სიტყვებს:

[პროკურორის ხმა] “ახლა თქვენი ჯერია, ახლა საზოგადოების ჯერია განახორციელოს ნამდვილი მართლსაჯულება” -

ყურად იღებენ ნამდვილი ნაფიცი მსაჯულები.


XS
SM
MD
LG