Accessibility links

შეუძლია თუ არა შეერთებულ შტატებს გააუმჯობესოს ურთიერთობა მუსლიმანურ სამყაროსთან?


2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შეერთებული შტატების ურთიერთობა არაბულ და მუსლიმანურ სამყაროსთან უკიდურესად გაუარესდა

დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა სამხედრო ოპერაციები განახორციელა ავღანეთისა და ერაყის ტერიტორიებზე, და ღიად დაიჭირა ისრაელის მხარე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში. 11 სექტემბრის ტერაქტის გარემოებების შემსწავლელი კომისიის დასკვნით, პრობლემა მულიმანურ სამყაროსთან ურთიერთობში იარსებებს მანამდე, სანამ შეერთებული შტატების მთავრობა ძირეულად არ შეცვლის საგარეო პოლიტიკურ კურსს. მაგრამ საკითხავიც ის არის, შეუძლია თუ არა შეერთებულ შტატებს გააუმჯობესოს ურთიერთობა მუსლიმანურ სამყაროსთან?


თავდაპირველად მოგასმენინებთ 11 სექტემბრის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ლი ჰამილტონის რეკომენდაციას, რომელიც 22 ივლისს კომისიის მიერ გაკეთებული ანგარიშის ერთ- ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს.

[ლი ჰამილტონის ხმა] "ჩვენ უნდა ჩავერთოთ ისლამურ სამყაროში მიმდინარე იდეათა ბრძოლაში, ვითანამშრომლოთ, რათა სასოწარკვეთა იმედით შეიცვალოს, პროგრესი მოხდეს იქ, სადაც ერთმანეთს დევნიან, სიცოცხლემ აჯობოს სიკვდილს. ეს გზავნილი უნდა შეერწყას პოლიტიკას, რომელიც წაახალისებს და მხარს დაუჭერს მუსლიმთა უმრვალესობას, ვინც ამ მიზნებს იზიარებს."

თუმცა, როგორც ვაშინგტონში არსებული საადვოკატო ჯგუფის " ამერიკელი მუსლიმები იერუსალიმისათვის" ურთიერთობათა დირექტორი რაედ თაიეჰი მიიჩნევს, ამგვარი ძალისხმევის გატარება გაჭირდება, თუკი შეერთებული შტატები, საგარეო პოლიტიკაში არ გაითვალისწინებს მუსლიმანური სამყაროს ფასეულობებს და უარს არ იტყვის "ორმაგი სტანდარტების" პოლიტიკაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ. კერძოდ, შეერთებული შტატები, რომელიც დიდ უპირატესობას ანიჭებს ადამიანის უფლებების დაცვას, თაიეჰის თქმით, თვალს ხუჭავს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ჩეჩნეთში. ასევე ბევრ კითხვას ბადებს ვაშინგტონის როლი ახლო პალესტინის მოწესრიგების პროცესში, სადაც თეთრი სახლის მხრიდან არიელ შარონისადმი უპირობო დახმარების გამო მოლაპარაკებები ჩიხში მოექცა. ამერიკაში მცხოვრები რაედ თაიეჰის თქმით, საგარეო პოლიტიკაში შეერთებულმა შტატებმა სწორედ ასეთი მიდგომა უნდა შეცვალოს.

[რაედ თაიეჰის ხმა] "ჩვენ, ამერიკელებმა მუსლიმანური სამყაროს მიმართ დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ დაწინაურებული და ძლიერი ქვეყანა, ხშირად ზემოდან ვუყურებთ სხვებს და მიდრეკელება გვაქვს ქედმაღლური დამოკიდებულებისაკენ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მუსლიმები, რომ, პატივს ვცემთ მათ, პატივს ვცემთ მათ სარწმუნოებას, რომ ადამიანის უფლებებს ყველგან პატივისცემით ვეპყრობით."

ანტონ გორდესმანი სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ანალიტიკოსია უსაფრთხოების საკითხებში. როგორც გორდესმანმა რადიო "თავისუფლებას" უთხრა, არ არსებობს საერთო, უნიფიცირებული საშუალება იმისათვის, რათა შეერთებულმა შტატებმა ერთბაშად გააუმჯობესოს ურთიერთობა არაბულ და მსულიმანურ სამყაროსთან. და რომ ყოველი ცალკეული ქვეყნის შემთხვევაში მიდგომა ინდივიდუალური უნდა იყოს. გორდესმანი მიიჩნევს, რომ ისარელ-პალესტინის შემთხვევაში, ვაშინგტონმა მიუკერძოებელი შუამავლის ფუნქცია უნდა შეასრულოს.

რაც შეეხება 11 სექტემბრის ტერაქტის გარემოებათა შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციებს. ანგარიშის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა მეტი ეკონომიკური დახმარება უნდა აღმოუჩინოს ავღანეთს, ერაყსა და პაკისტანს, აამოქმედოს პროგრამები, რომელიც გააუმჯობესებდა ვაშინგტონის იმიჯს არაბულ და მუსლიმანურ სამყაროში. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ არასწორია ზედმეტად აქცენტის გაკეთება ეკონომიკურ პროგრამებზე და ფინანსურ დახმარებაზე. და რომ შეერთებულ შტატებს მუსლიმანურ სამყაროსთან ურთიერთობის მოსაგვარებლად ფულზე მეტად ძლიერი დიპლომატია ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG