Accessibility links

logo-print

ჯონ კერი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა


ბოსტონში დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ყრილობა,

ბოსტონში დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელმაც ჯონ კერი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა. ჯორჯ ბუშის პოლიტიკა ერაყის ომში ჯონ კერის კრიტიკის მთავარ სამიზნედ რჩება. დემოკრატთა კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ტერორიზმთან უფრო გააზრებულ და ეფექტიან ბრძოლას აპირებს. პარალელურად კი, კერი ამერიკას დაკარგული საერთაშორისო ნდობის აღდგენასა და ცხოვრების დონის ამაღლებას ჰპირდება. ლელა კუნჭულია მოგითხრობთ.

დემოკრატთა ყრილობაზე გამოსვლისას ჯონ კერიმ ყურადღება ძირითადად ორ საკითხზე – ეროვნულ უსაფრთხოებასა და ერაყის ომზე შეაჩერა. საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც 2002 წლის ოქტომბერში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას დაუჭირა მხარი, ამჟამად მიიჩნევს, რომ ჯორჯ ბუშმა ქვეყანა ომში ჩაითრია და არ გაითვალისწინა ერაყში ომისშემდგომ მოქმედებათა გეგმა.

დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატი ტერორიზმთან ბრძოლის ბუშისეულ მეთოდს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ თავად ის - უფრო წინდახედული და ეფექტიანი მოქმედებების მომხრეა. ხოლო რაც შეეხება ომს, კერი ამ გზას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ამართლებს:

(ჯონ კერის ხმა) "როგორც პრეზიდენტი, მე დავაბრუნებ ღირსეულ ტრადიციას: ამერიკის შეერთებული შტატები არსოდეს ჩაებმება ომში ვიღაცის სურვილის გამო, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიომებთ, როდესაც ეს გარდაუვალი იქნება".

პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ჯონ კერი ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად მიიჩნევს სადაზვერვო სისტემის რეფორმირებას იმ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რომლებიც 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამ გამოაქვეყნა.

დემოკრატთა ლიდერი ახდენს ერთგვარ შედარებას ბუშის ადმინისტრაციასთან და ყრილობაზე დამსწრე დემოკრატებს პირობას აძლევს, რომ მისი გარემოცვა ღირსეული ადამიანებით დაკომპლექტდება:

(ჯონ კერის ხმა) "მე ვიქნები მთავარსარდალი, რომელიც არასოდეს შეიტყუებს ქვეყანას ომში. მე მეყოლება ვიცე პრეზიდენტი, რომელიც გარემოს დაცვის კანონების შეცვლაზე არასოდეს გაურიგდება მათ, ვინც გარემოს აბინძურებს. მე მეყოლება თავდაცვის მინისტრი, რომელიც ყურადღებით მოისმენს სამხედრო ლიდერთა რჩევებს. და მე შევარჩევ ისეთ იუსტიციის მინისტრს, რომელიც მუდამ დაიცავს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას ".

ამერიკის მიმართ მსოფლიო-ნდობის დაბრუნება, ძველ მოკავშირეებთან ურთიერთობების განმტკიცება, ენერგეტიკის ახალი წყაროების მოძიება და ისეთი ავტომობილების გამოშვება, რომლებიც საწვავს რაციონალურად მოიხმარს – აი, ის ძირითადი თემები, რომლებიც დემოკრატთა ყრილობამ ასევე ფართოდ განიხილა.




XS
SM
MD
LG