Accessibility links

ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი საქრთველოში


დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აქტიურ მხარდაჭერას პირდებიან, თუმცა კონფლიქტის მოგვარების პროცესში არც ეუთოს როლს გამორიცხავენ

თბილისში ერთდღიანი ვიზიტით მყოფმა აშშ- სსახელმწიფო მდივნის მოადგილემ ელიზაბეთ ჯოუნსმა შეხვედრები უშიშროების საბჭოს მდივანთან გელა ბეჟუაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან და საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან გამართა. ამერიკელი მაღალჩინოსანი ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე საუბრობდა და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში. რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის საკითხს, ჯოუნსი აცხადებს, რომ პროექტის განხორციელებისას უსაფრთხოების დონე მაქსიმალურად არის დაცული.


,,შეერთებული შტატები მზადაა ყველანაირი დახმარება გაუწიოს საქართველოს”- აცხადებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ელიზაბეთ ჯონსი და ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, სამხედრო გამწვავების გარეშე მოგვაროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა. დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აქტიურ მხარდაჭერას პირდებიან, თუმცა კონფლიქტის მოგვარების პროცესში არც ეუთოს როლს გამორიცხავენ. ამერიკელი მაღალჩინოსანი დღეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ენერგოდერეფანზეც საუბრობდა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და შაჰდენიზის გაზსადენის პროექტის განხორციელების შემდეგ ოფიციალურ თბილისს ენერგოდამოუკიდებლობას პირდება.

[ჯოუნსის ხმა] ,,განსაკუთრებით ხაზი გავუსვით იმ მომენტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამხრეთი ოსეთის პრობლემის პოლიტიკური მეთოდებით მოგვარება. მიგვაჩნია, რომ თავიდან უნდა იყოს აცილებული სამხედრო გამწვავებები. შეერთებული შტატები მზადაა ყველანაირი დახმარება გაუწიოს საქართველოს. ასევე გამოვყოფდი ეუთოს როლს კონფლიქტის მოგვარების პროცესში”

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის პოლიტიკური მეთოდებით მოგვარება-ასეთია ნინო ბურჯანაძისა და ელიზაბეთ ჯონსის პოზიცია ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ. საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი რევოლუციის დღეებს იხსენებს და შეერთებული შტატების მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. დღევანდელი საუბრის დეტალებზე ნინო ბურჯანაძე ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა, თუმცა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ოფიციალური თბილისი დღეს იმაზეც ამახვილებდა ყურადღებას, რომ საქართველოში არც ერთი პროექტი არ განხორციელდება, თუ უსაფრთხოება მაქსიმალურად არ იქნება დაცული.

[ბურჯანაძის ხმა] ,,ვისაუბრეთ კონფლიქტების გადაწყვეტაზე, იმ პრობლემებზე რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე ვთქვათ, პანიკის საფუძველი იგივე თამარაშენის მოსახლეობას არა აქვს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გახლდათ სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის საკითხი. ვერც ერთ შემთხვევაში, ვერანაირი პროექტი ვერ აშენდება იმ ფასად, რომ საქართველოში არ იყოს დაცული ბორჯომის ხეობა, ან ნებისმიერი მსგავსი რეგიონი.”

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ ეწვია. ელიზაბეთ ჯონსი ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას ღიად აფიქსირებს და საქართველოს მნიშვნელოვან და სერიოზულ პარტნიორს უწოდებს.
XS
SM
MD
LG