Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება აღმოჩნდა.

„ცხინვალთან ლოკალური ბრძოლები დაიწყო,“ - იუწყება 31 ივლისის გაზეთი „ხვალინდელი დღე“, რომლის ცნობითაც, ლიახვის ხეობის სოფლების მკვიდრთათვის ავტომატის ჯერისა და სროლის ხმა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დაჭრილია 2 ქართველი და 4 ოსური მხარის წარმომადგენელი. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ ოსური მხარე ქართული სოფლების მიმართულებით მძიმე ტექნიკითაც ისვრის. გაზეთი „ხვალინდელი დღე“ წერს:





რუსეთის დედაქალაქიდან დაბრუნებული სეპარატისტთა ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ დიპლომატიურ ჩარჩოებს სცილდება. „მშვიდობისმოყვარე“ კოკოითი ცეცხლის გახსნით იმუქრება. ცენტრის მოთმინების ფიალა წვეთ-წვეთად, მაგრამ მაინც ივსება. თუ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, თბილისმა, შესაძლოა, ცხინვალში სპეცოპერაცია მართლა ჩაატაროს.
კონფლიქტის ზონაში სროლის ხმა უკვე დღისითაც ისმის და სიტუაცია თანდათანობით იძაბება. „ხვალინდელი დღის“ ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში, ორი კვირაა, მცირე მასშტაბის პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. ოსური მხარე ქართული სოფლების მიმართულებით სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის, მძიმე ტექნიკითაც ისვრის. ქართულ სოფელ თამარაშენში სცხოვრებელი სახლები და სკოლის შენობა დაზიანდა.
საქართველოს ხელისუფლებამ, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალური გეგმა შეიმუშავა. ამის შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გივი იუკურიძემ განაცხადა. იუკურიძის თქმით, საქართველოს ძალოვანი უწყებების მინისტრებს ქართულ სოფლებში განლაგებული ქვედანაყოფებისთვის ბრძანება აქვთ გაცემული ცეცხლის გაუხსნელობის შესახებ. მისივე განმარტებით, ოსური მხარის მიერ ცეცხლის გახსნის შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა კონფლიქტის ზონაში განლაგებულ სამშვიდობო ძალებს დაეკისრებათ, ვინაიდან მათ ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა აღარ განმეორდეს წუხელ ქართულ სოფელ თამარაშენში განვითარებული მოვლენები.





არაერთი ექსპერტის აღიარებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ყველაზე ეფექტური გზაა ამ აჯანყებული რეგიონის მცხოვრებთა დარწმუნება იმაში, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მათთვის სასიკეთოა. ამისთვის კი აუცილებელია საქართველოში ეკონომიკური აღორძინება დაიწყოს. ჯერჯერობით, როგორც 24 ივლისის გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს იურიდიული ფირმის, „ამერიკელი და ქართველი ადვოკატების“, ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ვანიშვილი, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ინვესტიციების რაოდენობა საქართველოში შესამჩნევად შემცირდა. ზაზა ვანიშვილის განმარტებით:




„მეწარმეთა აქტიურობის ინტენსივობამ რევოლუციის შემდეგ დაახლოებით 3-ჯერ დაიკლო. სამაგიეროდ, მოიმატა სასამართლოში დავების რაოდენობამ. ჩვენი ზერელე გათვლებით, მართო ჩვენი კლიენტურის მხრიდან 10 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე ითქვა უარი. უცხოელებს აინტერესებთ, რა ხდება პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. ნებისმიერი ინვესტორი როცა შემოდის, კითხულობს, რა დამოკიდებულება აქვს მთავრობას მეწარმეების მიმართ, რა სიტუაციაა სასამართლოში. ის, რომ მთელი ჩვენი პოლიტიკური ელიტა ამჟამად საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები არიან, მათში ბევრ კითხვას ბადებს. ჩვენი კლიენტები გვეკითხებიან, კი მაგრამ, რა ხდება საქართველოში? რამე რომ ვიყიდოთ, წაგვართმევენ, გვიჩივლებენ?
არადა, რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა საქართველოში და მეტი მდიდარი ადამიანი იქნება, მით უკეთესია ჩვენთვისაც და მოქალაქეებისთვისაც. ამ ფონზე მთავრობამ, ჩემი აზრით, უნდა შეწყვიტოს ურთიერთგამომრიცხავი ნაბიჯების გადადგმა.“



ასეა თუ ისე, ქართული პრესის ცნობით, გასულ კვირას მთავრობა კმაყოფილებას ვერ მალავდა: პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. მართალია, 28 ივლისის „მთავარი გაზეთის“ ცნობით, მთავრობამ მხოლოდ და მხოლოდ „პესიმისტური“ ბიუჯეტის შესრულება მოახერხა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ამ ფაქტით მან საქართველოს ისტორიაში რეკორდი მოხსნა და საბიუჯეტო დეფიციტი დაამარცხა. „მთავარი გაზეთი“ წერს:




„შედეგი იდეალურია, მთავრობა - კმაყოფილი. რას მიიღებს საზოგადოება იდეალური შედეგისა და კმაყოფილი მთავრობისგან? ხალხს წინა ხელისუფლების დროს დაგროვილ საპენსიო და სახელფასო ვალებს გაუსტუმრებენ. გარდა ამისა, გაიზრდება ჯანდაცვის, სოციალური დახმარების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და თავდაცვის სფეროების დაფინანსება. ეს არის და ეს. 2004 წლის ბიუჯეტის კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს მთავრობა პარლამენტს ხუთშაბათს გადაუგზავნის.“



ამასობაში ირკვევა, რომ ბიუჯეტში შესატანი ცვილებების პროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტში უკვე გამოჩნდნენ. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები შემოსული თანხების განაწილების მართებულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. 30 ივლისის გაზეთ “ ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ახალი მემარჯვენეების ფრაქციის წევრი დავით საგანელიძე თავად სვამს რამდენიმე კითხვას:




„ძალიან მაინტერესებს, ამ ბიუჯეტში სად ჩანს ის 1 მილიარდი დოლარი, რომლის შესახებ 1 თუ 2 თვის წინ ქვეყანა დაინგრა? ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა ჩამოიტანეს ინფორმაცია, რომ 2006 წლამდე 1 მილიარდი დოლარის დახმარება გვექნება. მე ჯერჯერობით ეს თანხა ვერსად ვნახე. კიდევ ერთი - პარიზის კლუბმა როცა 20 წლით გადაგვივადა ის ვალები, რომელიც ჩვენ გვქონდა, სად არის გაწერილი ის თანხები, რომელიც გათვალისწინებული იყო ამ ვალების მომსახურებაზე?
მე მომხრე ვარ, რომ დღეს პრიორიტეტი არის სამხედრო აღმშენებლობა და პროფოციტულ ბიუჯეტში თუ დიდი ნაწილი გამოიყოფა სამხედრო პოტენციალის გაზრდაზე. ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ამ ბიუჯეტის დამტკიცებისას ჩვენ გადავავადეთ კანონით გათვალისწინებული ის შეღავათები თუ თანხები, რომელიც მაღალმთიანი რეგიონის პენსიონერებისთვის იყო გათვალისწინებული, რატომ ამ ვალებს არ ვისტუმრებთ? ძალიან კარგია, როცა 38 თუ 50 მილიონით იზრდება სამხედრო უწყების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის დაფინანსება, მაგრამ რაც გვქონდა გასასტუმრებელი, ის თანხა სად ჩაიდო?”





დაბოლოს, პრობლემა, რომელსაც ყველა ქართული გაზეთი გამოეხმაურა: როგორ ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ისრაელში ოფიციალური ვიზიტისას გაირკვა, რომ ჯვრის მონასტერში რამდენიმე კვირის წინ დაზიანებული შოთა რუსთაველის ფრესკა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა თავიდან მოხატეს. როგორც 30 ივლისის გაზეტი „ახალი ვერსია“ შენიშნავს, ეს დათვური სამსახური აღმოჩნდა.
გაზეთი წერს:




მაშინ, როცა ქართველ მკვლევარებს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არ უშვებდნენ, შიგნით, როგორც ჩანს, გასაიდუმლოებული სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ტაძრიდან ქართული კვალის წაშლის მცდელობა, შეიძლება ითქვას, წარმატებით დასრულდა, რადგან ფრესკას, რომელიც დღეს პირობითად შეიძლება რუსთაველის ფრესკად იწოდებოდეს, ქართული აღარაფერი სცხია.
როდესაც ქართული მხარე ფრესკის არსებული სახით დატოვებას კატეგორიულად მოითხოვდა, ჯვრის მონასტრის მესვეურებმა პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის გულის მოსაგებად თითქოს საქმე გამოასწორეს და, ფრესკის მაგივრად, რაღაც გაუგებარი ნახატი შექმნეს.
რესტავრატორი ირაკლი ბუჩუკური აცხადებს, რომ ის, რაც ჯვრის მონასტერში მოხდა, საერთაშორისო აღიარებული ნორმების უგულებელყოფაა. ყველაფერთან ერთად, ფრესკა ყველანაირი შესწავლითი სამუშაოების გარეშე დაიხატა. მისი პირვანდელი სახის დაბრუნებაზე ქართველი მეცნიერები აღარც კი ფიქრობენ. მთავარია, ორიგინალთან მიახლოებული ვერსიის შექმნა.
საქართველოს კულტურის სამინისტროში ფიქრობენ, რომ პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს პოლიტიკური აჟიოტაჟის ჩაცხრომაა. თემამ პოლიტიკური სიბრტყიდან საქმიან, სამეცნიერო სივრცეში უნდა გადაინაცვლოს.
XS
SM
MD
LG