Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპატიმრებათა სერია გრძელდება - მარნეულის ყოფილ გამგებელს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს


რუსთავის სასამართლომ 2000-2003 წლებში მარნეულის გამგებელს, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის პოლიტიკური გუნდის წევრს გოჩა ლორიას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ქვემო ქართლის ოლქის პროკურატურის გამომძიებლებმა ყოფილ გამგებელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ანუ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთგზის გადამეტების გამო, წაუყენეს. გამგებლობამდე ბრალდებული წლების განმავლობაში ლევან მამალაძის მოადგილედ მუშაობდა. რას და რატომ ედავებიან ყოფილ გამგებელს?


[მოსამართლე გივი ჯაბანაშვილის ხმა] “ბრალდებულ გოჩა ლორიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდოს პატიმრობა სამი თვის ვადით…”

ეს მოსამართლე გივი ჯაბანაშვილია, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მარნეულის ყოფილ გამგებელს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას თავად გოჩა ლორია არ დასწრებია. 27 ივლისს, ოლქის პროკურატურის შენობაში ეჭვმიტანილად გამოცხადების დროს, მას მწვავე სტენოკარდიული შეტევა განუვითარდა, რის შემდეგაც ყოფილი გამგებელი, დროებითი დაკავების იზოლატორის ნაცვლად, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აღმოჩნდა. კარდიოლოგი ლევან ქარაია გოჩა ლორიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ასე აღწერს:

[ლევან ქარაიას ხმა] “გულის იშემიური დაავადება, არასტაბილური სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია… ეს არის გარდამავალი პერიოდი, შეიძლება ინფარქტი ჩამოყალიბდეს… თუ მკურნალობა მოერია, არ ჩამოყალიბდება, თუ ვერ მოერია - ჩამოყალიბდება.”

30 ივლისს ყოფილი გამგებელი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ბრალდებული რომ არ სიმულანტობს, ამას ის სამედიცინო დასკვნაც ადასტურებს, რომელიც ქვემო ქართლის ოლქის პროკურატურის გამომძიებელს ნუგზარ დიდიშვილს ხელთ უპყრია. გამომძიებლის თქმით, ლორიამ პირველი ინფარქტი შარშან ნოემბერში გადაიტანა. გამგებლის ჯანმრთელობა მაშინ, სავარაუდოდ, ნოემბრის მოვლენებმა შეარყია, ამჟამინდელი ავადმყოფობის მიზეზად კი შემდეგი ბრალდებები იქცა:

[ნუგზარ დიდიშვილის ხმა] “2003 წელს, ლორიას განკარგულებით, უკანონოდ ამოღებული იქნა სარწყავი სისტემის მილები და ამით მიადგა სახემწიფოს ზარალი 12 ათას 718 ლარი. ეს მილები ნაწილი გამოიყენეს, უმეტესი ნაწილი გაფლანგულია… ბატონ ლორიას განკარგულებით იყო ეს ყველაფერი.”

გამოძიება ყოფილ გამგებელს წყალსადენის მშენებლობაში დახარჯული ფულის გამოც ედავება. ნუგზად დიდიშვილი მიიჩნევს, რომ პროექტისა და შეთანხმების გარეშე წარმოებული მშენებლობით რაიონის მაშინდელმა გამგებელმა ბიუჯეტს 5 ათასი ლარის ზარალი მიაყენა:

[ნუგზარ დიდიშვილის ხმა] “მილი აქვთ გაჭიმული, მიყვანილია რუსთავის მთავარ წყალსადენის მაგისტრალთან და აპირებდნენ მიერთებას, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო იმ დროსაც და დღესაც და, ერთი სიტყვით, ჩაყრილია ეს მილები, მიერთებული არ არის, მოსახლეობას წყალი არ აქვს.”

პასუხად ბრალდებულის ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე პოლიტიკურ დევნასა და ბრალდების უსუსურობაზე საუბრობს. თალაკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ არაერთი პროცესუალური ნორმა დაირღვა:

[ვახტანგ თალაკვაძის ხმა] “მე აბსოლუტურად უკანონოდ მიმაჩნია შუამდგომლობის დაყენებაც, ამის განხილვაც და მე მითითებები გავაკეთე ყველა საპროცესო ნორმებზე, რაც დარღვეულია. კაცს აქვს წაყენებული ბრალდება ისე, რომ მუხლი არ არის მითითებული, რის საფუძველზე არის ის პასუხისგებაში მიცემული…მე არავითარი იმედი არ მაქვს დღევანდელი სამართალდამცავი სტრუქტურების, მით უმეტეს, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური გეზი აღებული იმისაკენ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება დაჭერილი, პოლიტიკურად უფრო გამართლებულია.”

უნდა ითქვას, რომ მარნეულის ყოფილი გამგებელი ქვემო ქართლელ ჩინოვნიკთა შორის ერთადერთი გამონაკლისი როდია. ოლქის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის როლანდ კოტიაშვილის თქმით, თავისუფლების აღკვეთა გაცილებით ადრე ბოლნისის რაიონის გამგებლის მოადგილეს შეუფარდეს:

[როლანდ კოტიაშვილის ხმა] “ბოლნისის გამგებლის მოადგილეც დავიჭირეთ, ციხეში ზის, სასამართლოშია უკვე საქმე. ბიუჯეტის თანხები შეჭამა და თეთრიწყაროს ერთ-ერთი სოფლის გამგებელმა კი - ნავთობსადენის კომპენსაციის ფული, რომელიც ხალხისთვის უნდა დაერიგებინა.”

თუმცა გოჩა ლორია, თუ არ ჩავთვლით ძებნაში მყოფ ყოფილ გუბერნატორს, ქვემო ქართლის მასშტაბით, ყველაზე მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეა, რომელსაც სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მისგან განსხვავებით, ყოფილ გამგებელთა ერთი ნაწილი პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის რანგში აგრძელებს მოღვაწეობას, დანარჩენები კი დროებითი უმუშევრობისა და თავისუფლების ხიბლით ტკბებიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG