Accessibility links

logo-print

პროკურატურა საქართველოს ბიუჯეტის პროფიციტის ძირითადი ”დამანაშავე” ხდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უნიკალური პროცედურით აღინიშნა – მთვარობამ 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 228 მილიონი ლარით გაზარდა.

ამდენად საქართველოში პირველად შეიქმნა პროფიციტის პრეცენდენტი, ანუ ბიუჯეტს ჭარბი შემოსავლები გაუჩნდა. ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება, როგორც წესი, ბიუჯეტის თანხების მოკვეცით იყო დაკავებული და ბიუჯეტი თუ იცვლებოდა, ეს მხოლოდ შემცირების მიმართულებით ხდებოდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო მინიმუმ წელიწადში ერთხელ სეკვესტრის მტკივნეულ პროცედურას ახორციელებდა. ამჯერად კი 6 თვის მონაცემების მიხედვით მინისტრთა კაბინეტი პირველად პროფიციტზე საუბრობს.
ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამ ფაქტით ბუნებრივია გახარებულია და წლევანდელი წლის ბიუჯეტის მიღებისას ოპონენტების მიერ გამოხატულ სკეფსისზე ნიშნის მოგებით საუბრობს.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] – ”ბევრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა არა მარტო შემოსავლების ზრდას, არემდ საერთოდ ბიუჯეტის შესრულებას. მაგრამ ჩვენ მაშინ ვთქვით, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ივნისის ბოლოს პარლამენტს წარვუდგენდით ბიუჯეტის ცვლილების პროექტს ზრდის კუთხით. ეს ხდება ახლა. ”

რის ხარჯზე გაუჩნდა, ან წლის დარჩენილ პერიოდში გაჩნდება სახელმწიფო ბიუჯეტში ჭარბი შემოსავლები? გამკაცრებულმა საგადასახადო ადმინისტრირებამ. საბაჟო და საგადასახადო კუთხით სიტუაციის გამოსწორებამ და საბიუჯეტო სფეროში ელემენტარული წესრიგის დამყარებამ ფისკალური შემოსავლების დონე გამოასწორა, თუმცა ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ მხოლოდ ადმინისტრირების ხარჯზე ამ ოდენობის პროფიციტის მიღწევა არსებულ ვითარებაში შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა არასაგადასახადო შემოსავლები. ანუ ბიუჯეტის მატების დიდი ნაწილი სწორედ არასაგადასახდო სფეროზე – უცხოურ დახმარებებზე და რაც მთვარია პროკურატურის მიერ განხორციელებულ ხმაურიან აქციებზე, ანუ ყოფილი ჩინოვნიკების ქონების კონფისკაციასა და მათ მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხებზე მოდის. უცნაურია, მაგრამ საქართველო ამ სფეროშიც უნიკალურ ქვეყანად რჩება, რომელიც თავისი ხაზინის მნიშვნელოვან ნაწილს არა ფისკალური ორგანოების, ანუ საგადასახადო და საბაჟო სამსახურების, არამედ პროკურატურის წყალობით ავსებს, არადა ამ უწყებას უშუალოდ ბიუჯეტთან, წესით, არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეს. საბოლოოდ ბიუჯეტის გაზრდის პროექტი მთვარობამ პრეზიდენტთან შეათანხმა და საკანონმდებლო ხელისუფლებას გაუგზავნა დასამტკიცებლად. რამდენად შესრულებადია ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრები და ხომ არ ემუქრება მთვარობის მიერ ზარზეიმით გამოცხადებულ პროფიციტს წლის ბოლოს ჩვენთვის წინა წლებში ასე ნაცნობი სეკვესტრის პროცედურა? ეკონომიკური ექსპერტები ამ ტიპის უსიამოვნო პერსპექტივას ნაკლებად ვარაუდობენ. რადგან, მართალია ჭარბი 228 მილიონიდან ნახევარზე მეტი არსაგადასახადო შემოსავლებზე – გრანტებზე, საპრივატიზაციო თანხებზე და ისევ და ისევ პროკურატურის ”ვაჟკაცობაზე” მოდის და მხოლოდ 84 მილიონი ლარია ფისკალური ეფექტისაგან ნავარაუდევი, მაგრამ თუ რომელიმე დაგეგმილი პარამეტრი ჩავარდა, არა არის გამორიცხული შემოსავლები ისევ დაჭერების და ქონების კონფისკაციის ხარჯზე გადაიფაროს – საქართველოში დასაჭერად გამზადებული კორუმპირებული და ”ხალხის ხარჯზე გაზულუქებული ჩინოვნიკების” კასტა, ვფიქრობთ, ჯერ არ არის ამოწურული.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე თვლის, რომ გაზრდილი შემოსავლების გეგმის შესრულება სავსებით რეალურია, თუმცა შესაძლო შემოსავლების ზოგიერთ წყარსთან დაკავსირებით კიტხვის ნიშანი მაინც არსებობს .

[რომან გოცირიძის ხმა] – ”მთლიანობაში, ის ბიუჯეტი, რომელიც ახლა არის წარმოადგენილი რეალურთან მიახლოებულია, მე მხოლოდ ორ რამეში მეპარება ეჭვი. ერთი არის გრანტები, რომელიც დაგეგმილია 180 მილიონი ლარის ოდენობით. გრანტების მირება არ არის ჩვენზე დამოკიდებული, თუმცა ჩვენზეა დამოკიდებული იმდენად, რამდენადაც ის არის დაკავშირებული მთვარობის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან. დღესდღეობით შემოსულია 22 მლნ. სულ მისაღებია 180 მილიონი. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ”პარიზის კლუბში” წარმატებული შეხვედრის და სავალუტო ფონდის მიერ გაწეული მხარდაჭერის შემდეგ დონორები უფრო სწრაფად დაიწყებენ ამ გრანტების გაცემას.”

მეორე კითხვის ნიშანი პრივატიზებიდან შემოსულ თანხებს უკავშირდება, რომელიც 2004 წელს 61 მილიონი ლარის დონეზეა დაგეგმილია. იგივე რომან გოცირიძე თვლის, რომ ქონების გაყიდვიდან შეიძლება 61 მილიონზე მეტი თანხა შემოვიდეს, მაგრამ ეს უკვე 2005 წლის ბიუჯეტის კუთვნილება იქნება, რადგან პრივატიზების მართებულად ჩატარებას საკმაო დრო სჭირდება და წლის ბოლომდე დარჩენილი 5 თვე შესაძლოა ამისათვის ელემენტარულად საკმარისი არ იყოს.

პარლამენტში აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გადაგზავნილი ბიუჯეტის შესწორების პროექტში ჭარბი შემოსავლების წყაროდ საბოლოოდ შემდეგი სფეროები დასახელდა: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 228 მლნ ლარით იზრდება, აქედან საგადასახადო შემოსავლები 84 მლნ ლარით, არასაგადასახო - 125 მლნ ლარით. პრივატიზაციიდან იგეგმება 61 მლნ ლარით მეტი თანხის მობილიზება. ბიუჯეტის დეფიციტი 36 მლნ ლარით მცირდება, მათ შორის უცხოური დაფინანსება - 17 მლნ ლარით.

რაც შეეხება ბიუჯეტში გაჩენილ ჭარბ შემოსავალს, მისი ნაწილი ძირითადად დავალიანების დაფარვაზე მოდის. მიმდინარე წელს დაიფარება 1 თვის საპენსიო და პედაგოგთა დავალიანება, რისთვისაც 15 მლნ ლარია საჭირო. 2-2 თვის სახელფასო დავალიანებები განათლებისა და მეცნიერების სფეროში 5,1 მლნ ლარით დაფინანსდება, სახელფასო დავალიანებისათვის კულტურის სფეროში - 1 მლნ ლარია გამოყოფილი, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საწევროების დავალიანებები - 4 მლნ ლარით დაიფარება. ასევე იგეგმება დავალიანებების დაფარვა ჯანდაცვის სფეროში.

ენერგეტიკის სფეროში ხარჯები გაიზრდება 27 მლნ ლარით, გზების მოვლა-შენახვის ხარჯები კი 20 მლნ ლარით. პროფიციტით ყველაზე მეტად ძალოვანი მინისტრები უნდა იყვნენ გახარებული, რადგან მათზე ჭარბი შემოსავლების ძირითადი ნაწილია გადანაწილებული. პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო დამატებით 25 მლნ ლარს მიიღებს, შს სამინისტრო - 45 მლნ ლარს, უშიშროების სამინისტრო - 6 მლნ ლარს, იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა - 2-2 მლნ ლარს, სახელმწიფო დაცვის სპეც-სამსახური - დამატებით 3 მლნ ლარს მიიღებს.

ამდენად, საქართველოში პირველად შეიქმნა ბიუჯეტის პროფიციტი, რაც არ შეიძლება არ გვახარებდეს. ამ შემთხვევაში თავად პრეცენდენტია მისასალმებელი და ის რომ ჭარბი შემოსავლების მიღების წყარო ცოტა უცნაურია, შეიძლება ამჯერად სათვალავში არც მივიღოთ. მაგრამ თუ ამ პრეცენდენტის ტრადიციად ჩამოყალიბების სურვილი გვაქვს და ბუნებრივია, ამის სურვილი უნდა გვქონდეს კიდეც, მომავალში ხელისუფლებამ შემოსავლების ძირითად ბაზად საგადასახადო სფეროში არსებული რეზერვი უნდა გაიხადოს, რადგან ბუნებაში შეუზღუდავი არაფერია, მათ შორის არც გასაყიდი სახელმწიფო ქონება და არც კორუმპირებული ჩინოვნიკები.
XS
SM
MD
LG