Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავის აჯანყებიდან 60 წელი გავიდა


სახელგანთქმული ვარშავის აჯანყებიდან წელს, 1 აგვისტოს 60 წელი სრულდება. პოლონელი ხალხი და საერთოდ, მთელი ცივილიზებული მსოფლიო ქედს იხრის ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლი გმირების წინაშე.

1944 წლის 1 აგვისტოს მამაცი პოლონელი ხალხი ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ამხედრდა და ასე დაიწყო “ვარშავის აჯანყებად” წოდებული 63 სისხლიანი დღის ისტორია. პოლონეთის დედაქალაქი ნაცისტებმა ნამდვილ სასაკლაოდ გადააქციეს და მიწასთან გაასწორეს. ფაშისტები არ ინდობდნენ არც – ბავშვებს, არც – ქალებს და არც – მოხუცებს. “ვარშავის აჯანყებას” 20 ათასი არმიელისა და ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ხოლო ვინც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მშობლიური ქალაქიდან განდევნეს. პოლონელი ხალხი დღემდე ამაყად ინახავს ტკივილიან ხსოვნას და ყოველ 1 აგვისტოს გმირებს სათანადო პატივს მიაგებს.

ვარშავის აჯანყებიდან უკვე 60 წელი გავიდა, მაგრამ ეს ჭრილობა პოლონელებს ხშირად ახსენებს ხოლმე თავს. სოციოლოგი მიროსლავა გრებოვსკა ერთ-ერთი მათგანია, ვინც ვერაფრით ივიწყებს წარსულის განცდებს. ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობას მისი ოჯახიდან აბსოლუტურად ყველა მამაკაცი ღებულობდა:

(მიროსლავა გრებოვსკას ხმა) “ყველა სახლი თუ ბინა, რომელიც ჩემს ოჯახს ეკუთვნოდა, აჯანყების შემდეგ დაანგრიეს. თავად ოჯახი კი, ვარშავიდან განდევნეს და მისმა გადარჩენილმა წევრებმა მხოლოდ 1947 წელს მოახერხეს ერთმანეთთან შეხვედრა. ჩემმა ოჯახმა აბსოლუტურად ყველაფერი დაკარგა. მაგალითად, ბაბუაჩემის ფოტოც კი არ დაგვრჩა, რადგანაც ბინა მთლიანად დაანგრიეს, ყველაფერი დაწვეს. ბაბუაჩემი აჯანყების დროს მოკლეს”.

ბრიტანელი ისტორიკოსი ნორმან დეივიზი ვარშავის აჯანყებას მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ტრაგედიას უწოდებს. “აჯანყება 44 – ვარშავისთვის ბრძოლა” - ასე ჰქვია მის ახალ წიგნს. ავტორმა, რომელიც 1 აგვისტოს ვარშავაში ჩატარებულ ცერემონიას აუცილებლად დაესწრება, რადიო თავისუფლებას ასეთი რამ უთხრა:

(ნორმან დეივიზის ხმა) “ევროპის ისტორიაში არ მოიძებნება სხვა მაგალითი, როდესაც დედაქალაქი ასე მიწასთან იქნა გასწორებული, ხოლო ყველა მისი მცხოვრები - მოკლული ან გადასახლებული. ვარშავის ტრაგედიაზე წარმოდგენის უკეთ შესაქმნელად გეტყვით იმას, რომ იქ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე იმდენივე ადამიანს კლავდნენ, რამდენიც 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში დაიღუპა”.

გმირი ბაბუის ხსოვნა ტომეკ კუჟმას ოჯახისთვის საოცრად წმინდა თემაა. შტეფან კუშინსკი “ვარშავის აჯანყებას” პირველსავე დღეს, ანუ 1 აგვისტოს შეეწირა:

(ტომეკ კუჟმას ხმა) "ვარშავის აჯანყება 1 აგვისტოს საღამოს 5 საათზე დაიწყო და ბაბუჩემი, პრაქტიკულად, 15 წუთის შემდეგ დახვრიტეს. ის 33 წლის იყო. თუ რას ნიშნავს ეს ოჯახისთვის, ადვილი წარმოსადგენია".

1 აგვისტოს ტომეკ კუჟმა და მისი 2 ვაჟი ვარშავაში იქნებიან და აუცილებლად გავლენ გმირი ბაბუის საფლავზე. ეს დღე მათი ოჯახისთვის ნამდვილად განსაკუთრებულია.

გერმანიასა და პოლონეთს შორის ამჟამინდელ დამოკიდებულებას ჩემი რესპოდენტი საუკეთესოს უწოდებს. ცხოვრებას თავისი მოაქვს და დღეს ტომეკი და მისი ოჯახის ყველა ახალგაზრდა წევრი შესანიშნავად ფლობს გერმანულ ენას:

(ტომეკ კუჟმას ხმა) "ასეთი რამის დავიწყება შეუძლებელია, მაგრამ მას შემდეგ დაახლოვების ძალიან ბევრი შედეგიანი მცდელობა იყო. ასეთი კარგი ურთიერთობა პოლონეთსა და გერმანიას შორის არასოდეს ყოფილა. მეც რომ ახლა გერმანულად ვსაუბრობ, ამის ნათელი დადასტურებაა".

გერმანელმა ერმა ნაცისტური სისასტიკის გამო სხვადასხვა ფორმით მართლაც ბევრჯერ მოუხადა ბოდიში სრულიად მსოფლიოსა და კერძოდ - პოლონელ ხალხს.

ბონის უნივერსიტეტის ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი პიტერ ცერვაკისი ქვეყნებს შორის ურთიერთობის სურათის მხოლოდ შავ-თეთრად დახატვის წინააღმდეგია:

(პიტერ ცერვაკისის ხმა) "ევროპის უახლესი ისტორიის შავ-თეთრად, ბოროტებად და სიკეთედ გამიჯვნა დახატვა არ შეიძლება. რადგანაც ამ გზით რაღაცაში ყველა ქვეყნის დადანაშაულება შეიძლება. ყველა ქვეყანას მოეძებნება მსხვერპლიც და ჯალათიც".

ყველაფერი საბოლოოდ უნდა გამთლიანდეს. გერმანია წელს კიდევ ერთხელ მოიხდის სიმბოლურ ბოდიშს, კიდევ ერთხელ მოიხრის ქედს პოლონელი ხალხის წინაშე და გერმანიის კანცლერი გერხარდ შროდერი 1 აგვისტოს ვარშავაში, აჯანყებულთა ხსოვნის ცერემონიას დაესწრება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG