Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სპორტის ოლიმპიური პროფილი


საქართველოს ოლიმპიურ გუნდში მატებაა: ამ დღეებში ათენის თამაშების ლიცენზია მოიპოვა მძლეოსანმა გიორგი ილარიანმა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ათენში ქართული სპორტი სულ 33 სპორტსმენს მიავლენს.

საქართველოს ოლიმპიურ გუნდში მატებაა: ამ დღეებში ათენის თამაშების ლიცენზია მოიპოვა მძლეოსანმა გიორგი ილარიანმა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ათენში ქართული სპორტი სულ 33 სპორტსმენს მიავლენს. გასული კვირის სპორტულ პროგრამაში თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრები გაგაცანით, დღეს კი ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებს წარმოგიდგენთ.

"ჩვენ ათენში ტურისტებად არ მივდივართ, ჩვენ მედლებისთვის ვიბრძოლებთ. მედლები აუცილებლად იქნება,"–ასეთ ოპტიმისტურ განცხადებას აკეთებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია. თუ ჩვენი გუნდის შემადგენლობას გადავხედავთ, ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ოლიმპიელთა რიგებში არიან ირაკლი ჭოჭუა, აკაკი ჩაჩუა, მანუჩარ კვირკველია, მუხრან ვახტანგაძე, რამაზ ნოზაძე და მირიან გიორგაძე. საათენო ნაკრებში ის მოჭიდავეები შევიდნენ, რომლებიც წარმატებით გამოდიან ბოლო წლების დიდ ტურნირებში. გამონაკლისია ევროპის შარშანწინდელი ჩემპიონი ბადრი ხასაია. მან ლიცენზიის მოპოვების რეალური შანსი დაკარგა და, სამწუხაროდ, ათენში ვერ იჭიდავებს. ევროპის ჩემპიონატის ორგზის პრიზიორია ირაკლი ჭოჭუა, რომელსაც ტრავმის გამო პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა. თავისი მეორე ოლიმპიადისთვის ემზადება 35 წლის აკაკი ჩაჩუა. მან სიდნეიში ბრინჯაოს მედალი აიღო და ამჯერადაც საპრიზო ადგილს უმიზნებს. მომდევნო ორ წონაში, 66 და 84 კგ კატეგორიებში, გამოვლენ მსოფლიოს ჩემპიონები მანუჩარ კვირკველია და მუხრან ვახტანგაძე. კვირკველიამ ეს ტიტული შარშან მოიპოვა, ვახტანგაძემ – 2001 წელს. ამას გარდა, ვახტანგაძე სიდნეის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორიც იყო. გუნდში ყველაზე ახალგაზრდაა 21 წლის რამაზ ნოზაძე, თუმცა ტიტულებით არავის ჩამოუვარდება. შარშან ნოზაძე ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალს და მსოფლიო თასს დაეუფლა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი მესამე ადგილი ერგო. სპორტულ ფორმას იბრუნებს მძიმეწონოსანი მირიან გიორგაძე, რომელიც ბაკურიანის საწვრთნელ შეკრებაზე ძაღლმა დაკბინა და ამის გამო პრობლემები შეექმნა. აი, რას ამბობს ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი, პროფესორი ზურაბ კახაბრიშვილი.

[ზურაბ კახაბრიშვილის ხმა] "ჩვენ იძულებული ვიყავით მისთვის გაგვეკეთებინა ვაქცინა, რამაც სპორტსმენი ფიზიკურად დაასუსტა. ამის შესახებ ვაცნობეთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს. მუხლის ტრავმა ისევ გაუმიზეზდა ვახტანგაძეს, მარჯვენა იდაყვის სახსარშიც მიიღო ტრავმა, თუმცა ეს არ არის სერიოზული."

საქართველოს ნაკრები, უდავოდ, პერსპექტიული გუნდია და ამას ჩვენი ვეტერანი ფალავნებიც ადასტურებენ. როგორც ყოველთვის, თავისი განსაკუთრებული შეფასებებები აქვს მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს რომან რურუას. მისთვის გაუგებარია, რატომ დარჩა თამაშგარეთ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ხასაია, რომელსაც შეეძლო ათენში უმაღლესი ადგილებისთვის ებრძოლა. რურუას თქმით, მედალის მოპოვების პოტენცია შეიძლება ბევრს ჰქონდეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხი:

[რომან რურუას ხმა] "მედალს აქვს ხარისხი. ჩემთვის ხარისხი ყოველთვის იყო უპირველესი. არც მეორე და არც მესამე – მთავარია პირველი. ვინ გვყავს დღეს ისეთი, ვინც წავა და უთუოდ გაიმარჯვებს? შესაძლებელია, ორი გახდეს ჩემპიონი, შესაძლებელია – სამი, შესაძლებელია, ვერც ერთი ვერ გახდეს."

ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრებისგან განსხვავებით, ათენში სრული შემადგენლობით მიემგზავრებიან ძიუდოისტები. შვიდი ადგილი – შვიდი ლიცენზიანტი. მათ შესახებ გვესაუბრება ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი:

[შოთა ხაბარელის ხმა] “60 კილოგრამში გამოდის ნესტორ ხერგიანი, გამოცდილია და ვგეგმავთ, რომ მან მედალი უნდა მოუტანოს საქართველოს გუნდს. ანალოგიური შემიძლია გითხრათ მარგოშვილზე, რომელსაც აქვს ევროპაზე ორი საპრიზო ადგილი და დღეს საკმაოდ კარგ ფორმაშია. 73 კგ წონაში გამოდის დავით ქევხიშვილი. საკმაოდ კარგი სპორტსმენია - შეიძლება ითქვას, რომ მისგანაც მედალს ველით. ასევე შემიძლია ვთქვა ზვიადაურზე. ის არის ერთ-ერთი ლიდერი გუნდში და მასზე ოქროს მედალიც კი გვაქვს დაგეგმილი. ივერი ჯიქურაული ასევე გამოცდილია და მისთვის ეს მეორე ოლიმპიადაა. მძიმე წონაში გვყავს ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც ბოლო მომენტში მოიპოვა ლიცენზია. ეს არის ლაშა გუჯეჯიანი, მან შეიძლება სიურპრიზი შემოგვთავაზოს."

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ახლა ბაკურიანშია და ბოლო საწვრთნელ შეკრებას იქვე დაასრულებს. ხაბარელის თქმით, გუნდში ნორმალური, საქმიანი ვითარებაა, ბიჭები თავს კარგად გრძნობენ და სრულ მზადყოფნაში არიან. ძიუდო ოლიმპიური პროგრამის სასტარტო სახეობაა. ქართველთაგან ათენის სარბიელზე პირველი გამოვა ნესტორ ხერგიანი. კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია. იმედი ვიქონიოთ, რომ ხერგიანი კარგად დაიწყებს.

XS
SM
MD
LG