Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი ოპოზიციონერები საზღვარგარეთ


დავით პაიჭაძე, თბილისი სანამ საქართველოში ახალი ოპოზიციური სპექტრი ჩამოყალიბდება, პოლიტიკურ ოპონირებას ხელისუფლებას ისევ ძველი სახეები და პარტიები უწევენ.

შუა ზაფხულში მათი ლიდერები გააქტიურდნენ: “ახალი მემარჯვენეების” ხელმძღვანელი დავით გამყრელიძე ამერიკელმა დემოკრატებმა მიიწვიეს, ხოლო ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე მოსკოვს გაემგზავრა. შალვა ნათელაშვილი იქ არა მხოლოდ რუს პოლიტიკოსებს, არამედ ამერიკელ დიპლომატებსაც უნდა შეხვედროდა.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ალექსანდრე ვერშბოუს უნდა შეხვედროდა. შეხვედრა არ შედგა - ვერშბოუ შვებულებაში გასულიყო. შალვა ნათელაშვილი საელჩოს პოლიტიკური ნაწილის ხელმძღვანელს ჰენრი შუსტერს შეხვდა. ქართველი პოლიტიკოსის თქმით, საელჩოში მას შემდეგ საკითხებზე ესაუბრნენ:

[ნათელაშვილის ხმა] “აინტერესებთ ჩვენი პარტიის პოზიცია მთლიანად ამერიკასთან ურთიერთობის კონტექსტში, შეხედულებები რუსეთთან ურთიერთობასა და ტერიტორიული პრობლემების დროულად მოწესრიგებაზე. აინტერესებთ ჩვენი დამოკიდებულება საქართველოში ამერიკული ბიზნესის განვითარებისადმი და შეშფოთებულნი არიან, რომ ამ ბიზნესს ხელისუფლება სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს: გულისხმობენ ნავთობსადენის მშენებლობის შეჩერებას და მეტრომედიის გაკოტრების მცდელობას.”

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის განახლებას 2 აგვისტოს შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული დავით გამყრელიძეც, ახალი მემარჯვენეების ლიდერი. თუ მშენებლობა სასწრაფო წესით არ აღდგა, საქართველოს ამერიკის მთავრობასთან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას, აცხადებს გამყრელიძე.

მაგრამ დავუბრუნდეთ შალვა ნათელაშვილს. მოსკოვში, რუსებთან და ამერიკელებთან შეხვედრისას, ის ცდილობდა დაერწმუნებინა თანამოსაუბრენი საკუთარი შეხედულების სისწორეში:

[ნათელაშვილის ხმა] “ეს ხელისუფლება არის გადამგდები საქართველოსთვისაც და მისი უცხოელი პარტნიორებისთვისაც.”

შალვა ნათელაშვილი მოსკოვში რუს პოლიტიკოსებსაც ხვდებოდა. მისი ვიზიტის არსი საქართველოს სასარგებლოდ ლობისტური საქმიანობის წამოწყება და გაშლა იყო. სახელმწიფო დუმაში ქართველ ლეიბორისტთა ლიდერს პარლამენტარებისთვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა გასაუმჯობესებლად შეუთავაზებია, როგორც თავად ამბობს, სამიარუსიანი მოდელი. პირველ იარუსზე განთავსდება საქართველო-რუსეთის მეგობრობის აკადემია, არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით. მეორე იარუსს იკავებს საქართველოს მხარდამჭერი კომიტეტი რუსეთში, რომლის წევრებად შალვა ნათელაშვილი ასახელებს აკადემიკოსებს მოროზოვსა და პუშკარიოვს, აგრეთვე, პროფესორ რომანოვს. აქვე ვთქვათ, რომ ეს სახელები ქართველ მსმენელს ჯერ არაფერს ეუბნება. შალვა ნათელაშვილის მოწმობით, მათ

“შეუძლიათ შესანიშნავად გასწიონ ლობირება საქართველოს ინტერესების დასაცავად და თვითონ ედავონ იმ ექსტრემისტ რუს პოლიტიკოსებს, რომლებიც ათას სისულელეს ბლუყუნობენ (sic!) ტელევიზიით, რადიოთი და, განსაკუთრებით, გოსდუმის სხდომაზე.”

დაბოლოს, მესამე იარუსი: ლეიბორისტების ლიდერმა რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს შესთავაზა შეიქმნას საქართველო-რუსეთის პოლიტიკური კონგრესი, რომელშიც ორივე ქვეყნის პოლიტიკური პარტიები მიიღებენ მონაწილობას. შალვა ნათელაშვილმა რუს კანონმდებლებს სერიოზული პრეტენზიები წაუყენა სამხრეთ ოსეთის შესახებ მიღებული დადგენილების გამო. და, როგორც ამბობს, ვერ შეეკამათნენ.
XS
SM
MD
LG