Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ დაიხარჯება 2004 წლის პროფიციტული ბიუჯეტის გაზრდილი შემოსავლები


საქართველოს პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროფიციტის პროექტის განხილვა დაიწყო.

2 აგვისტოს ბიუჯეტის პროექტზე საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ იმსჯელა. მომდევნო დღეებში პროექტს საპარლამენტო კომიტეტები და ფრაქციებიც განიხილავენ, 10-13 აგვისტოს კი გაიმართება საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელმაც პროფიციტული ბიუჯეტის ახალი პარამეტრები უნდა დაამტკიცოს. რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი, როგორ არის განაწილებული დამატებითი შემოსავლები ბიუჯეტის პროექტში?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2004 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, რომელთაგან უმთავრესია გაზრდილი შემოსავლები, მსხვილი ობიექტების პრივატიზაციის პროცესის დაწყება და ლარის კურსის გამყარება, რის შედეგადაც შემცირდა საგარეო ვალების მომსახურებასა და საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული ხარჯები.

შესაბამისად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 1 მილიარდ 424 მილიონი ლარისა, მობილიზებული იქნება 1 მილიარდ 655 მილიონი ლარი.
ბიუჯეტის პროფიციტი 230 მილიონ 583 ათას ლარს შეადგენს, რაც პირველად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები არის შესრულებული 107%-ით და გადაჭარბება თითქმის 60 მილიონი ლარია. ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლების გრანტების შესრულების მაჩვენებელი 109%-ია და გადაჭარბება თითქმის 52-51 მილიონი ლარია, რაც ასევე სასიამოვნოა საზოგადოებისთვის მოსახსენებლად. ანუ ჩვენ მივდივართ და ვინარჩუნებთ შემოსავლების მობილიზაციის იმ ტემპებს, რომელიც დამკვიდრდა იანვრიდან საქართველოში და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.”(სტილი დაცულია)

ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ამ განცხადებას და შესაბამის ქმედებებს არ ეთანხმება ახალი მემარჯვენეებისა და მრეწველების პოლიტიკური გაერთიანების ლიდერი დავით გამყრელიძე. იგი გადასახადების ამოღების დამკვიდრებულ ტემპს ”სახელმწიფო რეკეტს” უწოდებს.

[დავით გამყრელიძის ხმა] ”კითხვის ნიშანი ჩნდება ბევრ იმ მუხლთან დაკავშირებით, თუნდაც იმ არასაგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით, რომელშიც გეგმის სახით გაწერილია 103 მილიონი მხოლოდ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო რეკეტით მიღებული შემოსავლებით, რაც ძალიან დიდ ეჭვს აჩენს. ასევე შესასწავლია ხარჯვითი ნაწილი - როგორ ნაწილდება ეს თანხები. თავისთავად ის, რომ 10-ში და 13-ში ხდება ბიუჯეტის განხილვა, ესეც კანონის დარღვევაა... ” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ახლების წინააღმდეგობისა, საპარლამენტო უმრავლესობა ბიუჯეტის პროფიციტს მხარს უჭერს და ნაკლებად მოსალოდნელია მის დამტკიცებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდეს. მით უმეტეს, რომ ბიუჯეტის ზრდას არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია შესწინააღმდეგებია. მისიის მემორანდუმი 3 აგვისტოს გამოქვეყნდება, თუმცა წინასწარვეა ცნობილი, რომ სავალუტო ფონდი ბიუჯეტის ზრდას მიესალმება.

დამკვირვებლების აზრით, ერთადერთი, რაც ბიუჯეტის განხილვისას შეიძლება კამათის საგნად იქცეს, გაზრდილი შემოსავლების განაწილების პრინციპია. მინისტრთა კაბინეტის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, დამატებით მობილიზებული თანხიდან 90 მილიონი ლარი საპენსიო-სახელფასო და სხვა ტიპის სოციალური დავალიანებების დაფარვას მოხმარდება. დამატებითი ფინანსური რესურსებიდან ყველაზე მეტს - დაახლოებით, 60 მილიონ ლარს - შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს; შემდეგ მოდის თავდაცვის სამინისტრო - 24 მილიონი ლარით, საგზაო ფონდი - 20 მილიონი ლარით და ასე შემდეგ.
XS
SM
MD
LG