Accessibility links

logo-print

ლენინის მავზოლეუმის იუბილე


1 აგვისტოს 80 წელი გავიდა მას შემდეგ,

რაც მოსკოვში მნახველებისთვის გაიხსნა ლენინის მავზოლეუმი. სწორედ “მნახველებისთვის” და არა “დამთვალიერებლებისთვის” – 1924 წლის 1 აგვისტოს ლენინის მავზოლეუმთან თავმოყრილ ადამიანებს ნაკლებად აინტერესებდათ არქიტექტორ შჩუსევის კონსტრუქტივისტული პირამიდის დათვალიერება – ხალხს “უკვდავი ლენინის” ხილვა უფრო სწყუროდა. ყოველკვირეულ პროგრამა “ოქროს საუკუნეში” გადაცემის ლენინის მავზოლეუმის ისტორიის დეტალებს გავიხსენებთ.

ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ ლენინის ნეშტის ბალზამირებისა და მავზოლეუმის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცეკას მდივანი, აბელ ენუქიძე იყო. ოფიციალური ინფორმაცია, ცხადია, განსხვავებულია. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიას თუ დავეყრდნობით, მაგალითად, 1921 წლის 21 იანვარს, ლენინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ მიიღო ათასზე მეტი დეპეშა და წერილი თხოვნით, რომ ლენინის ნეშტი მიწისთვის არ მიებარათ და საუკუნოდ შეენახათ. 22 იანვარს ექიმმა აბრიკოსოვმა ლენინის სხეული დააბალზამა. არქიტექტორმა შჩუსევმა სამ დღეში დააპროექტა და ააშენა აკლდამა, რომელშიც ხალხი ბოლშევიკების ბელადს უნდა გამოთხოვებოდა. 1924 წელს ლენინი დაიტირეს და აკლდამა დახურეს, მაგრამ მოგვიანებით დადგინდა, რომ ლენინის ნეშტი ხანგრძლივ შენახვას ექვემდებარება. გარდაცვლილი ბელადის სხეულს დაასიეს ექიმები. შჩუსევმა ახალი აკლდამის მშენებლობა დაიწყო. 1924 წლის 26 ივლისს, ცეკას საგანგებო სხდომაზე აბელ ენუქიძემ ლენინის მავზოლეუმის გახსნა მოითხოვა.

[აბელ ენუქიძის ტექსტი]: “ლენინის სხეულის შენარჩუნება მისი სახელიც პოპულარიზაციისთვის არ გვჭირდება. აუცილებელია, მომავალ თაობებს, მილიონობით ადამიანს, შევუნარჩუნოთ დიდი ბელადის იერსახე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასიაათასობით მშრომელი უახლოეს წლებში შეძლებს, იხილოს ლენინის განსასვენებელი.”

“უახლოესი წლები” სულ რამდენიმე დღე გაგრძელდა. პროფესორ ვორობიოვის მიერ ჩატარებული ბალზამირება იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ გადაწყდა ახალი აკლდამის მშენებლობა. 2 დღეში გამოცხადდა, რომ 1 აგვისტოდან მავზოლეუმი ყველა მშრომელისთვის ღია იქნება.

[მუსიკა. “ლენინი უკვდავია”]

აბელ ენუქიძეს ლენინის უკვდავების იდეა გაახმოვანებინეს... თუმცა ლენინის აკლდამის, იგივე “საძვალეს” აშენებაზე საუბარი ბევრად უფრო ადრე დაიწყო. ბოლშევიკების ბელადის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებას რელიგიურ-პროპაგანდისტული სიმბოლო სჭირდებოდა... დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბელადის მუმიფიკაციის საკმაოდ ხულიგნური იდეა ახალი რელიგიის შექმნას ემსახურებოდა... ისე როგორც რობესპიერმა მოინდომა ეს თავის დროზე... ან ბევრად უფრო ადრე, ეგვიპტის ფარაონმა, ამენხოტეპ მეოთხემ, პირველი მონოთეისტური რელიგიის ფუძემდებელმა. ძველ ეგვიპტეში ხომ გარდაცვლილი ფარაონი ავტომატურად იქცეოდა “ღმერთად”, რომელსაც ყველა და ყველაფერი უნდა დამორჩილებოდა.... და თუ 1921 წელს, მინის უზარმაზარ ჭურჭელში ლენინის მკვდარი სხეულის მოთავსება არნახული ავანგარდიზმის აქტად აღიქმებოდა, 80 წლის წინ აშენებული 9 მეტრის სიმაღლის კიბეებიანი პირამიდა უკვე ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავდა – ერთი რელიგიის ჩანაცვლებას მეორე რელიგიით, ეკლესიების ნგრევას და ერთი დიდი ტაძრის – მავზოლეუმის გახსნას მნახველებისთვის, უფრო სწორად, “მლოცველებისთვის”.

ხის ეს მავზოლეუმი, რომელიც 1929 წელს “ქვის მავზოლეუმად” გადაკეთდა, არქიტექტურის სპეციალისტების აზრით, ყველაზე საინტერესო შენობა იყო. არქიტექტურის ისტორიას ჯერ არ ახსოვს განსასვენებელი, რომელიც, ამავე დროს, ტრიბუნის როლს ასრულებდეს, თანაც იმ ტრიბუნისა, სადაც სახელმწიფოს პირველი პირები, ქვეყნის მთავარ დღესასწაულებზე, აღლუმებს იბარებდნენ... იდეა ასე იკითხება – მშრომელებმა პატაკი უნდა ჩააბარონ კომპარტიის ცოცხალ ლიდერებს და ლენინის მუმიას, ანუ პროლეტარიატის “უკვდავ ბელადს”

[მუსიკა]

1929 წელს, სტალინის დავალებით, ისევ ენუქიძე უკვეთავს შჩუსევს, მავზოლეუმის ქვის ვარიანტს... თავდაპირველად კონკურსიც გამოცხადდა, მაგრამ რამდენიმე დღეში გადაწყდა შჩუსევის ხის მავზოლეუმის ასლის გაკეთება. ასე რომ სტალინური კლასიციზმის დამკვიდრებამდე ორი წლით ადრე შესაძლებელი გახდა ზედ წითელ მოედანზე აგებულიყო შენობა, რომელიც კონსტრუქტივისტული კუბიზმის ერთ-ერთი უკანასკნელი ნიმუში იქნებოდა საბჭოთა არქიტექტურაში.

1953 წლის მარტში ლენინს მავზოლეუმში ამ ნეკროფილური არქიტექტურული კომპლექსის სულისჩამდგმელი, იოსებ სტალინი “მიუწვინეს”. თუმცა ამ განსასვენებელში პროლეტარიატის ბელადების ერთად ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდა. ხრუშჩოვის ეპოქაში, 1961 წლის 1 ნოემბერს კომპარტიის ცეკას 22-ე ყრილობის დადგენილებით სტალინის სხეული მავზოლეუმიდან გამოიტანეს და კრემლის კედელში დაასაფლავეს. ლენინი ისევ მარტო დარჩა. მერე საბჭოთა კავშირიც დაინგრა, მაგრამ ლენინის მავზოლეუმი ისევ გახსნილი იყო მნახველებისათვის. ასეთი ტიპის განსასვენებლები მოსკოვთან ერთად პეკინში, ჰანოიში, ფხენიანში ფუნქციონირებდა.

1993 წელს იური ლუჟკოვმა მავზოლეუმიდან ლენინის ცხედრის გამოტანა გადაწყვიტა, მაგრამ ელცინმა მაშინ შესაბამის ბრძანებულებას ხელი არ მოაწერა. მოგვიანებით ყველაფერი შეიცვალა – ლუჟკოვი “რუსეთის ისტორიული სიმბოლოს” დამცველის როლში მოგვევლინა, ელცინის წრეში კი მავზოლეუმის დახურვაზე დაიწყეს ლაპარაკი.
“ლენინის მავზოლეუმის გაუქმების განზრახვის მიმართ პროტესტს გამოვხატავ. პროტესტის ნიშნად ვაგზავნი 20 რუბლს” – ტულელი ვეტერანი ლებედევი

90-იანი წლების მიწურულს ასეთი შემოწირულობებით შეიქმნა ლენინის მავზოლეუმის ფონდი, რომელმაც თავის თავზე აიღო კომუნისტების ბელადის განსასვენებლის მოვლა-პატრონობა. 2001 წელს, ლენინის გარდაცვალების 80 წლისთავის აღსანიშნავად, რუსეთში ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის შედეგებმა დაადასტურა – პოსტსაბჭოთა რუსეთის მოსახლეობის 65 პროცენტი დადებითად აღიქვამს ლენინის როლს ისტორიაში და მავზოლეუმის არსებობას არ ეწინააღმდეგება.

“ნუ შეეხებით ჩვენს სიწმინდეს თქვენი ბინძური ხელებით”... ასეთი პლაკატით გამოვიდნენ მოსკოვის ქუჩებში ლენინის ნეშტის დამცველები. ისინი მავზოლეუმის დახურვის იდეის ავტორსაც ასახელებდნენ – ალენ დალასს და მასონებს, რომლებიც “მავზოლეუმის ფონდის” მესვეურთა მტკიცებით “ყოველთვის ცდილობდნენ ჩაეკლათ ერებში ისტორიული ხსოვნა”... საინტერესოა, რომ ჟირინოვსკი და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრები აქციაზე, რომელიც მათ წელს, 22 ივნისს, წითელ მოედანზე გამართეს, ასევე მასონებსა და “ურჯულოებს” ადანაშაულებდნენ – ოღონდ არა მავზოლეუმის გაუქმების მცდელობის, არამედ მავზოლეუმის აშენების გამო.

მავზოლეუმის გარშემო შექმნილ ამ აბსურდულ სიტუაციას კიდევ ერთი ნიუანსი დაემატა - რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ლენინის მავზოლეუმი იუნესკოს მიერაა დაცული... რა თქმა უნდა, დაცულია არქიტექტორ შჩუსევის შენობა და არა ლენინის მუმია.
XS
SM
MD
LG