Accessibility links

logo-print

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ისტორიული გადაწყვეტილება ჟენევაში


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ჟენევაში მიაღწიეს ისტორიულ შეთანხმებას, რომელმაც, შესაძლოა, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე

- განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობაზე - მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. მიღებულია გადაწყვეტილება გლობალურ მოლაპარაკებათა განახლების თაობაზე, რამაც შეძლებულსა და ღარიბ ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. ახალი შეთანხმების მიხედვით, განვითარებადი ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, მდიდარ ქვეყნებს სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შემცირება მოუწევთ. ბამბის წარმოებას მიღწეულმა შეთანხმებამ განსაკუთრებული ადგილი მიუჩინა.

მთელი ღამის ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის 147-მა წევრმა ქვეყანამ მიაღწია ოფიციალურ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც დოჰაში დაგეგმილი შეხვედრის მთავარი საყრდენი უნდა გახდეს. საუბარია მსოფლიო ვაჭრობის ლიბერალიზების თემაზე, რომელიც, დაახლოებით 1 წლის წინათ მექსიკაში განცდილი მარცხის შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, იაპონია, ბრაზილია და სხვა ქვეყნები, განვითარებული ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშესაწყობად, სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შემცირებას დასთანხმდნენ.

სამაგიეროდ, მდიდარი ქვეყნები ეძებენ თავიანთი სამრეწველო პროდუქციის ღარიბი ქვეყნების ბაზარზე გატანის უფრო ხელსაყრელ გზებს, თუმცა შეთანხმება გამორიცხავს ბაზრების ათვისების მიზნით განვითარებად ქვეყნებზე რაიმე სახის ძალდატანებას რომელიმე სფეროში.

სუპაჩაი პანიჩპაკდი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, შედეგებით კმაყოფილია:

(სუპაჩაი პანიჩპაკდის ხმა) "დღეს ჩვენ ნამდვილად ისტორიული მომენტის მოწმე ვართ. ეს, მართლაც, ისტორიული მომენტია ამ ორგანიზაციისთვის: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მისი წევრები ერთიანი ძალებით შეძლებენ ყველანაირი წინააღმდეგობის დაძლევას."

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის წარმომადგენლის რობერტ ზოელიკისა და ევროკავშირის ვაჭრობის კომისრის პასკალ ლემის აზრით, შეთანხმება თანაბრად სასარგებლოა, როგორც მსოფლიო ვაჭრობისათვის, ასევე განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. თუმცა ევროკავშირი მაინც დგას ბარიერის წინაშე: საფრანგეთი სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შემცირების კატეგორიული წინააღმდეგია.

დასავლეთ აფრიკის ქვეყნებმა ბამბის წარმოების ცალკე განხილვა მოითხოვეს. თუმცა შეთანხმების ტექსტი ბამბას ისედაც ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ერთგვარ პრიორიტეტად ასახელებს. ბამბის წარმოების სუბსიდირების თემა თანდათანობით გამოიკვეთება.

სოფლის მეურნეობის თემაზე მიღწეულმა შეთანხმებამ გზა სამრეწველო საქონლის წარმოებისა და ვაჭრობის საკითხისკენაც გახსნა და ყოველივე ეს დოჰაში სექტემბერში დაგეგმილი შეხვედრის ბაზისად განიხილება.

დოჰას შეხვედრაზე გადაიხედება მდიდარი ქვეყნებიდან ისეთი სამრეწველო საქონლის იმპორტირების ტარიფები, როგორიც არის, მაგალითად, ფეხსაცმელი, ქიმიკატები და ავტომობილები.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი სუპაჩაი პანიჩპაკდი ისურვებდა, რომ ჟენევის მცირე გამარჯვებას დოჰაში უფრო დიდი გამარჯვება მოჰყოლოდა:

(სუპაჩაი პანიჩპაკდის ხმა) "დღეს მულტილატერალიზმმა უკვე მოგვიტანა მცირე გამარჯვება. მცირეს ვარქმევ, რადგანაც დიდ გამარჯვებას დოჰაში დაგეგმილი სამუშაოს წარმატებით შესრულებით მოვიპოვებთ."

მსოფლიო ბანკის ცნობით, დოჰას რაუნდმა, ვაჭრობის გაზრდის გზით, შესაძლოა, 500 მილიონი ადამიანი სიღარიბისაგან იხსნას.
XS
SM
MD
LG