Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ერთი ქალია


ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა. კენჭისყრა 9 ოქტომბერს გაიმართება და ყურადღების ცენტრში ორი კანდიდატი დგას, თუმცა, თითქმის ეჭვს არ იწვევს გამარჯვებულის ვინაობა:

როგორც ვარაუდობენ, ეს იქნება ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი. მის მთავარ მეტოქედ კი ყოფილი განათლების მინისტრი იუნის ყანუნი ითვლება. მაგრამ დღეს ავღანეთის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატზე გიამბობთ - მას, შესაძლოა, გამარჯვების რეალური შანსი არ ჰქონდეს (ყოველ შემთხვევაში, ასეთ ვარაუდს გამოთქვამენ), მაგრამ სხვებისაგან ნამდვილად გამოირჩევა: მასუდა ჯალალი არის ერთადერთი ქალი პრეზიდენტობის 23 კანდიდატს შორის.

მასუდა ჯალალი ასპარეზზე დაბრუნდა. დაბრუნდა, ვინაიდან ერთხელ უკვე სცადა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება: ეს 2 წლის წინ მოხდა, დიდ ეროვნულ თავყრილობაზე - “ლოია ჯირგაზე”. მაშინ გამარჯვება ჰამიდ კარზაის ხვდა და ახლა, ავღანეთში ოქტომბრის პირველი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებისას, ადვილი შესაძლებელია, იგივე განმეორდეს.

და მაინც, ბევრი ავღანელი ფიქრობს, რომ 41 წლის მასუდა ჯალალი არის ერთადერთი კანდიდატი, რომლისაგანაც ავღანეთი - აქამდე მუდამ მამაკაცთა ხელით მართული ქვეყანა - რეალურ ცვლილებებს უნდა მოელოდეს.
აქვე ვიტყვი: როგორც ქაბულში ჩვენმა კორესპონდენტმა ლორა უინტერმა დაადგინა, მასუდა ჯალალზე იმედებს ამყარებენ არა მარტო ქალები, მამაკაცებიც და მათ შორის ჰესრაუ ნასარი, რომელიც ნებაყოფლობით ჩაერთო ჯალალის წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვას, “უცნაური ხომ არ არის, ავღანელი მამაკაცი პოლიტიკოს ქალს ემხრობოდესო”, ნაზარი პასუხობს: “არა, არ არის უცნაური. აქამდე ყოველთვის მამაკაცები იყვნენ ხელისუფლების სათავეში. მათ საზოგადოების სამსახურში ყოფნის ნაცვლად, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის განხეთქილება დათესეს. ხელისუფლების სათავეში ქალი საზოგადოებას დედასავით ეყოლება, დედა კი განხეთქილებას არ დათესავს. ჩვენთვის პატივი იქნება ქალი კანდიდატის ყოლა და მისთვის ხმის მიცემა”.

2 წლის წინ, როცა ქალმა - მასუდა ჯალალმა - თავისი კანდიდატურა წამოაყენა “ლოია ჯირგაზე” გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტის არჩევისას, ეს ბევრს სიცილად არ ეყო. მაგრამ ჯალალიმ მაშინ 171 ხმა მოაგროვა - მართალია, გამარჯვებულ ჰამიდ კარზაიზე გაცილებით უფრო ნაკლები, მაგრამ ყველა დანარჩენ კანდიდატზე მეტი. ამიტომ ახლა მას გაცილებით უფრო სერიოზულად ეკიდებიან. [მასუდა ჯალალის ხმა] “ლოია ჯირგის” შემდეგ საზოგადოების სხვადასხვა ფენის, სხვადასხვა პროვინციის, სხვადასხვა ტომის წარმომადგენლები, სხვადასხვა შეხედულების, სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების ადამიანები ჩემთან სახლში მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: “მიდი, მიიღე მონაწილეობა ახალ არჩევნებში, ხმას შენ მოგცემთო”. მე მათ ვეუბნებოდი, რომ არა მაქვს არც პოლიტიკური პარტია, არც ფული, არც სამხედრო ძალა”, ამბობს ჯალალი, რომელმაც ბოლოს მაინც, საარჩევნო რესურსების უქონლობის მიუხედავად გადაწყვიტა საარჩევნო მარათონში ჩაბმა და მთელს იმედებს ახლა მომხრეების ენთუზიაზმზე ამყარებს.

მისი ყველაზე დიდი მომხრე და დამხმარე კი, ალბათ, მეუღლეა - ფაიზულა ჯალალი. ის ამბობს: [ფაიზულა ჯალალის ხმა] “ერთმანეთს სულ უფრო მეტს ვეხმარებით. როცა ის სადილს ამზადებს, მე ბავშვებთან ვარ. როცა ის არის ბავშვებთან, სადილზე მე ვზრუნავ. ეს სავსებით ბუნებრივია და სულაც არ მღლის”.

დახმარება შინ თუ გარეთ მართლაც სჭირდება მასუდა ჯალალს - სამი მცირეწლოვანი შვილის დედას და ერთადერთ ქალს ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის.
XS
SM
MD
LG