Accessibility links

შეერთებული შტატების მოსახლეობისა და ექსპერტების რეაქცია მოსალოდნელი ტერორისტული აქტების შესახებ


მეორე დღეა სამსახურში მისვლამდე ბარიკადების, პოლიციიის პატრულის, მეტალო-დექექტორებისა და ბომბზე დაგეშილი ძაღლების დერეფანში მიიკვლევს

ორშაბათიდან შეერთებული შტატების კაპიტალიზმის სიმბოლომ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ და სიტი-ჯგუფმა პოლიციისა და სპეცრაზმელების გაძლიერებული დაცვის ქვეშ დაიწყეს მუშაობა. უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება კი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გამჟღავნდა შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სწორედ, ეს შენობები აქვს მიზანში ამოღებული ალ-ყაიდას ტერორისტულ ქსელს.


მეორე დღეა სამსახურში მისვლამდე ბარიკადების, პოლიციიის პატრულის, მეტალო-დექექტორებისა და ბომბზე დაგეშილი ძაღლების დერეფანში მიიკვლევს გზას მანჰეტენზე მდებარე ოფისებში მომუშავე პერსონალი. როგორც სიტი-ბანკის ფინანსურმა ანალიტიკოსმა სტენლი ფიშმენმა რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, ამ საგანგაშო ინფორმაციის შემდეგ ადამიანები ნერვიულობენ, თუმცა პირადად მას ამის გამო სამსახურში მისვლისა არ შეშინებია.

[სტენლი ფიშმენის ხმა] "მე ადრეც ვყოფილვარ მომსწრე უსაფრთხოების მომეტებული ზომებისა, ასე რომ, ჩემთვის აქ არაფერია ახალი. მაგრამ ბევრი ადამიანი შეშფოთებულია ამის გამო და კიდევ უფრო მეტად იმაზე ნერვიულობს, თუ რა მოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში."


ინფორმაციას, მომავალი ტერორისტული თავდასხმების შესახებ, სარწმუნოდ მიიჩნევს სიტი ჯგუფის შორიახლოს მდებარე დოიჩე ბანკის თანამშრომელი ვაინი კაპორი. ნიუ-იორკი და განსაკუთრებით მისი სიტი-ჯგუფი ყოველთვის იქნება პოტენციური სამიზნე, თუნდაც იმის გამო, რომ მისი თანამფლობელი საუდის არაბეთიდანააო, უთხრა რადიო "თავისუფლებას" ვაინი კაპორმა.

[ვაინი კაპორის ხმა] " საფონდო ბირჟა და სიტი-ჯგუფი ძალიან კარგი სამიზნეა. მე ვფიქრობ, კარგი სამიზნეა ყველაფერი, რაც ამერიკის ფინასურ სიძლიერეს განასახიერებს. სიტი-ჯგუფის 6 პროცენტის მფლობელი საუდის პრინცია, ხომ მართალია? ტერორისტები კი დიდი თაყვანისმცემლები არ არიან საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის, ხოდა, მეც ვფიქრობ, რომ სიტი ჯგუფი ამიტომაც წარმოადგენს კარგ სამიზნეს. "

11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ხელისუფლების სიფრთხილეს თავის გამართლება აქვს და ბევრი ნიუ-იორკელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად საგანგაშო ინფორმაციისა, ახლა ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობენ. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გამჟღავნებისას, მთავრობა უფრო ფრთხილად უნდა იქცეოდეს.
განსაკუთრებული უსაფრთოხების და განგაშის ატეხვის საფუძვლად იქცა პაკისტანში ორი კვირის წინ ჩატარებული რეიდის დროს მოპოვებული ინფორმაციები. შეერთებული შტატების საშინაო თავდაცვის მინისტრმა ტომ რიჯმა 1 აგვისტოს განაცხადა, რომ მათ უპრეცედენტო სადაზვერვო ინფორმაცია მოიპოვეს.

[ტომ რიჯის ხმა] " სპეცსამსახურების ინფორმაცია ძალიან დეტალური და კონკრეტულია. ხარისხი სადაზვერვო მონაცემებისა, რომელიც ეფუძნება მრავალრიცხოვან წყაროს, მრავალრიცხოვანი ადგილიდან, თავის მხრივ უნიკალური და საგანგაშოა."

საერთოდ, გაზეთებში პრევენციული სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციების დეტალურმა გაჟონვამ შეერთებულ შტატებში ბევრი ანალიტიკოსი დააფიქრა, მთავრობის ტაქტიკაზე. კერძოდ იმაზე, ასეთი გაჟონვების პრაქტიკა ხელს ხომ არ შეუშლის ინფორმაციის მოპოვებაში სადაზვერვო სამსახურებს? "დაზვერვის მუშაობის ერთ-ერთი უნთავრესი წესი ის არის, რომ სადაზვერვო ინფორმაცია მცირე დოზით და მხოლოდ საგულდაგულო გადამოწმების შემდეგ უნდა ქვეყნდებოდეს," ამბობს კენეტ ალარდი შეერთებული შტატების არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი, რომელიც დაზვრევის ოფიცრად მუშაობდა.


ამ მოსაზრებას ეთანხმება საერთაშორისო და სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი საიმონ სერფატიც, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ამგვარი საადზვერვო ინფორმაციის გაჟონვა მთავრობას, გარკვეულწილად 11 სექტემბრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აიძულეს.

[საიმონ სერფატის ხმა] "11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაწყებული დებატები ძირითადად ასეთი შინაარსისაა: "თქვენ იცოდით უფრო მეტი, ვიდრე გაგვიზიარეთ. მაშ, რატომ არ მოიქეცით იმის შესაბამისად, რაც იცოდით?" ახლა, კი როცა უფრო ფართო ინფორმაცია ქვეყნდება – თუნდაც ეს იყოს ინფორმაცია, რომლის ბოლომდე ნდობა შეუძლებელია – პოლიტიკოსები ამით საკუთარ თავს იცავენ. ეს ერთგვარი სადაზღვევო პოლისია."

თანაც, დამაფიქრებელია ის, რომ სადაზვერვო ინფორმაცია ნიუ-იორკზე ახალი თავდასხმის მზადების შესახებ მოპოვებული პაკისტანში. მაშინ, როცა პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი ნომინალურად ჯორჯ ბუშის მოკავშირედ ითვლება, ამბობს საიმონ სერფატი, ფერვეზთან დაახლოებული ბევრი ადამიანი მჭიდრო კავშირშია ალ-ყაიდასა და თალიბებთან და უფლებას აძლევს ამ ჯგუფებს იმოქმედონ მეზობელი ავღანეთის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG