Accessibility links

სავალუტო ფონდის მისიამ თბილისი კმაყოფილმა დატოვა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ხელისუფლებას ტრადიციული მემორანდუმი დაუტოვა. მისიის ხელმძღვანელი პაოლო ნოიჰაუზი,

წინა სტუმრობებისაგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის მუშაობით კმაყოფილია და, შესაბამისად, მემორანდუმიც, შედარებით, შერბილებულად გამოიყურება, რაც საფუძველს აძლევს ხელისუფლებას იმედი იქონიოს, რომ წელს ამ საფინანსო ინსტიტუტთან აღდგენილი პროგრამა წარმატებით გაგრძელდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ პროგრამული დაფინანსების აღდგენის შემდეგ თბილისში სამუშაო ვიზატად მყოფი მისია ვაშინგტონს გაემგზავრა. ორკვირიანი სამუშაო შეხვედრები უჩვეულოდ მშვიდ და კეთილგანწყობილ ვითარებაში მიმდინარეობდა, რაც მისიის საბოლოო დოკუმენტში, ე.წ. მემორანდუმშიც, აისახა.

ტრადიციულად სიტყვაძუნწი პაოლო ნოიჰაუზის შეფასებით, ფონდი საქართველოს მთავრობის მუშაობით კმაყოფილია და ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს მხარს უჭერს.

ფონდის განსაკუთრებული ყურადღების სფეროს ამჯერადაც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხი და საგადასახადო ადმინისტრირების დონე წარმოადგენდა. წინა ვიზიტებისაგან განსხვავებით, ამ სფეროში საგრძნობი პროგრესია მიღწეული და, უფრო მეტიც, ნოიჰაუზის თბილისში სტუმრობას მთავრობამ ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის პროექტიც კი დაამთხვია. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფონდმა მოიწონა ბიუჯეტის პარამეტრების გაზრდის პროექტი და დავალიანებათა გასტუმრების პოლიტიკა. ზურაბ ნოღაიდელი ფონდთან თანამშრომლობით კმაყოფილია და ვარაუდობს, რომ ბოლო ვიზიტით არც ემისრები უნდა იყვნენ უკმაყოფილოები:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ბუნებრივია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ პოლიტიკას მიესალმება. ეს ასეც არის აღნიშნული მემორანდუმში. სავალუტო ფონდი ასევე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მიესალმება იმ სტრუქტურულ რეფორმებს, რომელიც საქართველოში მიდის - როგორც ფინანსთა სამინისტროში, ისე სხვა სტრუქტურებში. კვლავ ფონდის მოწონებას იმსახურებს საქართველოს მონეტარული პოლიტიკა.”

კულუარებში იყო საუბარი, რომ ფონდი ეჭვის თვალით უყურებდა ეკონომიკის მინისტრის რადიკალური პრივატიზაციის პოლიტიკას, თუმცა ამ ეჭვმა ოფიციალური დადასტურება ვერ პოვა და, ფინანსთა მინისტრის თქმით, საპრივატიზაციო პოლიტიკამ ემისრების მოწონებაც კი დაიმსახურა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე მიესალმება პრივატიზაციის პოლიტიკის პრინციპებს, რომელთაც ახლა შეიმუშავებს მთავრობა - როგორც მის ტემპებს, ისე ღია და ტრანსფარენტული პროცედურებით პრივატიზაციის ჩატარებას.”

ტრადიციულად, ფონდი მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არ ეკიდება საგადასახადო განაკვეთების შემცირების პოლიტიკას. ეს საფინანსო ინსტიტუტი პრიორიტეტულად ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელს მიიჩნევს და ყოველთვის ფრთხილობს მყისიერი ფისკალური ლიბერალიზაციის მიმართ. ამ კონტექსტში განიხილება 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და, მასთან ერთად, ახალი საგადასახადო კოდექსის პარამეტრები. როგორც მოსალოდნელი იყო, მისიამ მემორანდუმში მთავრობას სიფრთხილისაკენ მოუწოდა. ფონდში მიაჩნიათ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი მყისიერად არ უნდა ამოქმედდეს და რეფორმა სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ნიღაიდელი აღნიშნავს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობა ჯერ კიდევ მუშაობს და ფონდის საბოლოო, ჩამოყალიბებული პოზიცია ოქტომბრის მისიის დროს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG