Accessibility links

logo-print

მულტინაციონალური კულტურის მოთხოვნილება


ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის ხელყოფის შემდეგ ქართველმა მხატვრებმა, მწერლებმა, მსახიობებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. საინტერესოა, რომ ჩვენი არტისტები,

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნით, ძველ თბილისში, მაიდანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოვიდნენ - იქ, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი მდებარეობს. საქართველოში აშკარაა მოთხოვნილება ეგრეთ წოდებულ “მულტიკულტურაზე”, ე.ი. იმაზე, რაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სახეს განსაზღვრავს.

ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნის კულტურული პოლიტიკის კონცეფციაზე მუშაობენ, ქართველი ხელოვნებათმცოდნეები, კულტუროლოგები, მხატვრები, უბრალო მოქალაქეები ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ მატერიალური კულტურის ძეგლების ფიზიკური განადგურების საშიშროებაზე – ადრე თუ გვიან, ხელისუფლება თუ საერთაშორისო ორგანიზაციები შეძლებენ ამ პრობლემის გადაწყვეტას... მაგრამ თუკი ქვეყნის კულტურამ თავისი სახე დაკარგა, თუკი თავის თავში ჩაიკეტა, ვერც “იუნესკო”, ვერც მსოფლიო ბანკი და ვერც საქართველოს ხელისუფლება, რაოდენ პროგრესულიც არ უნდა იყოს ის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ვეღარ შეძლებს. სწორედ “ღია კულტურის” განადგურების საშიშროებაზე საუბრობს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ახალი აღმასრულებელი დირექტორი დავით დარჩიაშვილი

[დავით დარჩიაშვილის ხმა] “ქართულ კულტურაში იგულისხმება ყველა ის ნაკადები და მიმართულებები, რასაც ამ ქვეყნის მოსახლეობა ქმნიდა და ქმნის. ჩემი აზრით... მე რაღაც საფრთხეებს გამოვყოფდი... არატოლერანტობის მუხტი, რომელიც არსებობს კულტურის სფეროშიც და, საერთოდ, საზოგადოებაში, რომელიც, იმედია, არ გადაწონის ყველაფერს, მაგრამ ეს საფრთხე არსებობს. როდესაც ვლაპარაკობთ ევროპასთან ინტეგრაციაზე, კულტურის და საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ, კარგი გაგებით, პროპაგანდა მიმდინარეობდეს, თუ რას ნიშნავს ევროპული კულტურა და რამდენად არის ქართული კულტურა ევროპულის ნაწილი."(სტილი დაცულია)

ჩვენმა ხელოვნებათმცოდნეებმა, კულტუროლოგებმა, არქეოლოგებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ქართული კულტურა “ევროპულის ნაწილია”... თუმცა ასეთმა “ევროცენტრიზმმა” უკვე გამოიწვია უკურეაქცია საზოგადოების ერთ ნაწილში. ცალმხრივობას მოჰყვა აგრესია გარკვეული ჯგუფების მხრიდან... ხელოვნებათმცოდნე მაკა დვალიშვილის თქმით, აგრესია კულტურის ძეგლების მიმართ დამოკიდებულებაში გამოიხატა.

[მაკა დვალიშვილის ხმა] “ძეგლებზე არის კატასტროფული მდგომარეობა, უნიკალურ ფრესკებზე ზემოდან მიჭედებულია თანამედროვე ხატები, რომელსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია... ყველაფერი ცემენტითაა შელესილი.”

კულტურის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ამაყობს, რომ საქართველოში იხსნება აზერბაიჯანული თეატრი, რომ იგი ზრუნავს საქართველოს ყველა მოქალაქის, ყველა ეთნიკური ჯგუფის “კულტურულ განვითარებაზე”. თუმცა ამ პროცესების პარალელურად ხშირია შემთხვევა, როცა თავის თავში იკეტება, ასე ვთქვათ, “ეთნიკურად ქართული” კულტურა. დავით დარჩიაშვილის თქმით, ქართული მართლმადიდებლური ტაძრები სულ უფრო ნაკლებად აღიქმება კულტურის ძეგლებად, ტაძარი “ერთი რელიგიური ჯგუფის თავშეყრის” კერის ფუნქციას უფრო იძენს.

კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრი გიორგი გაბაშვილი ამ მოსაზრებას ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში “ქსენოფობური მუხტი” არ მატულობს. მინისტრის აზრით, ყველაფერი ეს, უბრალოდ, საბჭოთა ეპოქის მემკვიდრეობაა:


[გიორგი გაბაშვილის ხმა] “მეოცე საუკუნის ქართული კულტურული პოლიტიკის სახე იყო წინააღმდეგობის პოლიტიკა... ანუ ნაციონალისტური ელემენტი ძალიან მაღალი იყო, წინააღმდეგობა იმის წინაშე, რაც ემუქრებოდა ხელოვნებას, ე.ი. იყო ძალიან ნაციონალისტური. მას შემდეგ, რაც სიტუაცია შეიცვალა, რაც ქვეყანას აქვს მიზანი, იყოს სამოქალაქო საზოგადოება, ის ლეგენდა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნიდით, დღეს შეიძლება განვიხილოთ როგორც საფრთხე... ეს საფრთხე არის ეთნიკურ ჯგუფებთან ურთიერთობაში... ამის გარკვეული დარბილება ხდება. ადამიანები, რომლებიც გამოხატულებანი იყვნენ ამ საფრთხეებისა, ნაკლებად პოპულარულნი გახდნენ ქვეყანაში.”(სტილი დაცულია)

ასეთი ადამიანები ნაკლებად პოპულარულნი არიან. “ღია კულტურის” მოთხოვნილება საზოგადოების ერთ ნაწილში, მართლაც, გაჩნდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ “ერთ ნაწილში”.
XS
SM
MD
LG