Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექნება თუ არა თბილისს ბუნებრივი აირი თბილგაზში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ


რამდენიმე თვის წინ თბილისში ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის სისტემის რეფორმა განხორციელდა და მოხმარებული გაზის საფასურის აკრეფა, ინკასატორების ნაცვლად,

საბანკო სისტემას დაევალა. მიუხედავად ამ ცვლილებისა, ერთი კვირის წინ დედაქალაქის თითქმის ნახევარი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა და გაირკვა, რომ რეფორმამ ვერც თბილგაზის ვალები შეამცირა. არადა, სწორედ ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად დედაქალაქის საკრებულომ და მერიამ დაახლოებით ერთი წლის წინ თბილგაზის სამართავად ამხანაგობა ”ახალი მენეჯმენტი” მოიწვია. ახლა თბილისის ხელისუფლება კვლავ თბილგაზის გადარჩენის ახალი გზების ძიებაშია.

თბილგაზის მმართველ ამხანაგობაში, ”ახალ მენეჯმენტში”, ამბობენ, რომ აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად და დამტაცებლების გამოსავლენად გაზის შეწყვეტა ზაფხულში უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე ზამთარში. “ახალი მენეჯმენტის” წარმომადგენელი ეკა სარია ამბობს, რომ გაზის გათიშვა საჭირო არ გახდებოდა, საქართველოს მთავრობას თბილგაზის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა. ძირითადად, ლაპარაკია 15 მილიონ ლარზე, რომელიც თბილგაზს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა მიეღო:

[ეკა სარიას ხმა] ” ახალ მენეჯმენტს” და, შესაბამისად, თბილგაზსს არც ქალაქისა და არც ცენტრალური ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ მიუღია. “ახალმა მენეჯმენტმა”, მართალია, რაღაც-რაღაცების გაკეთება ვერ შეძლო, მაგრამ ვერ შეძლო დაუფინანსებლობის გამო.”

“ახალი მენეჯმენტის” ასეთი თავის მართლება მიუღებელია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისთვის. ზაზა ბეგაშვილი აცხადებს, ქალაქის მთავრობამ ნაკისრი ვალდებულებები იმიტომ ვერ შეასრულა, რომ “ახალმა მენეჯმენტმა” ნდობა დაკარგაო.

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] ”ახლა რომ ისაუბროს “ახალმა მენეჯმენტმა” ძალიან ბევრი იმის შესახებ, თუ რა გააკეთა, საბოლოო შედეგი მაინც იქნება ის,რაც დღეს გვაქვს. შედეგია ის,რომ თბილისის ნახევარს არ მიეწოდება გაზი; საბოლოო შედეგია ის, რომ ვალები უფრო გაიზარდა, ვიდრე შემცირდა...”

საკრებულოში კი 3 აგვისტოს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც 3 დღეში, საკრებულოს სხდომის გამართვამდე, თბილგაზის კრიზისიდან გამოყვანის გზები უნდა გამონახოს და გადაწყვიტოს, გააგრძელოს თუ არა ხელშეკრულება”ახალ მენეჯმენტთან”. ზაზა ბეგაშვილის განცადებით, იგი თბილგაზის წვრილ კომპანიებად დაშლის მომხრეა.

თბილგაზის ბედის გარკვევაში სრული თავისუფლება თბილისის ხელისუფლებას ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა 3 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მიანიჭა. თუმცა მაშინ გაუგებარი რჩება, თუ რატომ მოიწვია საქართველოს მთავრობამ თბილგაზის ხელმძღვანელად რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით მორჩილაძე.

ამ კითხვაზე პასუხი არც ზაზა ბეგაშვილს გააჩნია, მით უმეტეს, რომ, თუ თბილგაზისა და “ახალი მენეჯმენტის” თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდა, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე თბილგაზის დირექტორად დავით მორჩილაძის დანიშვნა შეუძლებელი იქნება. მიუხედავად ამ გაურკვევლობისა, დავით მორჩილაძე თბილისში 3 აგვისტოს მაინც ჩამოვიდა.

[დავით მორჩილაძის ხმა] ”მე თბილგაზისთვის წამალი არ მომაქვს. ალბათ, ჟურნალისტური რეპორტაჟისთვის უფრო ლამაზი იქნებოდა გვეთქვა, რომ ვიღაც გმირი ჩამოვიდა თეთრ ცხენზე ამხედრებული, რომელიც მოკლავს გველეშაპს და თბილისს უპრობლემოდ მიეწოდება გაზი. მაგრამ ჩვენ ამ მითოლოგიურ სივრცეში არ ვცხოვრობთ - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცი. გაზის საკითხები - ეს არის კომპლექსური საკითხები...”

როგორც მორჩილაძის პასუხიდან ჩანს, ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველი რჩება, თუ როგორი ცვლილებები განხორციელდება თბილგაზში და ამის შემდეგ ექნება თუ არა თბილისს უწყვეტი ბუნებრივი აირი.
XS
SM
MD
LG