Accessibility links

logo-print

სპეცოპერაციის შედეგი პანკისში - ნაცემი ქალები და მოკლული ძაღლი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 3 აგვისტოს საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ პანკისის ხეობის სოფლებში ჩატარებული ოპერაციისას 20 მამაკაცი დააკავეს. დაკავებულთა ნაწილი იმავე დღეს გაათავისუფლეს,

დარჩენილები - 4 აგვისტოს. ამის მიუხედავად, პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა აღშფოთებულია. რატომ?

პანკისის ხეობის სოფლებში სპეცოპერაციების ჩატარება ახალი ხილი ნამდვილად არ გახლავთ. პერიოდულად ქართველი ძალოვნები, ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების გამოვლენის ან ნარკობარონების დაკავების მიზნით, მასშტაბურ ოპერაციებს ატარებენ. თუმცა 3 აგვისტოს ჩატარებულმა სპეცოპერაციამ პანკისის სოფლების მცხოვრებთა განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია - სპეცოპერაციისას არა მხოლოდ უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა აზრით საეჭვო პირები დააკავეს, - ცნობისთვის: დღეს ყველა მათგანი გათავისუფლებულია, - არამედ სასტიკად სცემეს ქალებს.
მოსახლეობის აღშფოთებაზე საუბრობს სოფელ დუისის გამგებელი ჯარაფ ხანგოშვილი:
[ ჯარაფ ხანგოშვილის ხმა] „ ამჟამად მშვიდობაა, მაგრამ ხალხი ძალიან უკმაყოფილოა, რომ ასე თვითნებურად შეიჭრნენ სახლებში და... იქ ძაღლი მოკლეს. ხომ შეიძლებოდა პატრონისთვის ეთხოვათ, რომ გაეყვანათ? ასეთი რამეები რომ ხდება, ხალხი აღშფოთებულია.“
სპეცოპერაციისას და სპეცოპერაციის შემდეგ პანკისის ხეობაში აიკრძალა ჟურნალისტების შეშვება. ვერიკო კლდიაშვილი, რადიო „ჰერეთის“ ჟურნალისტი, რომელიც პანკისში მცხოვრები ჩეჩენი დევნილების ცხოვრებაზე სტატიას ამზადებს, 3 აგვისტოს ხეობის შესასვლელთან შემთხვევით აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ გაუღიმა ბედმა, როცა გზის მუშებთან ერთად 3 აგვისტოს პანკისში შეძლო შესვლა. ის პირველი ჟურნალისტი იყო, ვინც სპეცოპერაციიდან ნახევარ საათში დუისში ჩავიდა. რა დახვდა დუისში?
[ ვერიკო კლდიაშვილის ხმა] „ მე ვნახე აღშფოთებული ხალხი. უფრო სერიოზულად დაზარალებულები ვინც იყვნენ, ისინი უკვე გადაყვანილნი იყვნენ ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში, მაგრამ იქაც ვნახე ნაცემი ხალხი, ვიზუალურად ვისაც ეტყობოდა ნაკვალევი.“

ყველაზე მეტად ქალები დაშავდნენ, ვინც ნიღბიანებს მამაკაცების სახლიდან გამოყვანისას წინააღმდეგობა გაუწია. რამდენიმე ქალს ტვინის შერყევა დაუდგინეს.

[ ვერიკო კლდიაშვილის ხმა] „ ხალხი იყო შოკირებული, რადგან არ იცოდნენ, ვინ იყვნენ ისინი და რატომ იყვნენ. ყოველგვარი ნებართვის და ახსნა-განმარტების გარეშე, დილით, უთენია, შეცვივდნენ მათ სახლებში, მოჰკიდეს კაცებს ხელი და მანქანებში ჩატენეს. არ იცოდნენ შუადღემდე, ვინ იყვნენ ისინი. შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო თელავის უშიშროების სამმართველო და ანტიტერორისტული ცენტრი.“

დღეს სპეცოპერაციისას დაკავებულები გათავისუფლებულნი არიან - როგორც ჩანს, საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. თუმცა, გავრცელებული ცნობებით, მათ უშიშროების წარმომადგენლებმა თანამშრომლობა შესთავაზეს. ასეთი ინფორმაცია მიაწოდა ვერიკო კლდიაშვილს ერთ-ერთმა დაკავებულმა, იახშირ სალიმმა:
[ ვერიკო კლდიაშვილის ხმა] „ მან განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებმა თანამშრომლობა შესთავაზეს და მოსაფიქრებლად მისცეს ორკვირიანი ვადა. თუ არ დათანხმდება, მას ან დეპორტაციით ემუქრებიან, ან ხელახალი დაპატიმრებით.“

იახშირ სალიმი ანტიტერორისტულ ცენტრთან თანამშრომლობას არ აპირებს. ორ კვირაში, ანუ მოსაფიქრებლად მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, ჩვენ მისი ბედით აუცილებლად დავინტერესდებით.
XS
SM
MD
LG