Accessibility links

logo-print

ცხინვალი - მრავალმხრივი აქტიური მოლაპარაკების არეალი


4 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გამართვის მიზნით, თბილისიდან ცხინვალში ერთდროულად ორი წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩავიდა.

საქართველოში ვიზიტად მყოფი რუსეთის სათათბიროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის ანდრეი კოკოშინის ცხინვალში წასვლის ოფიციალური მოტივი არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის სურვილი იყო; უფრო მკაფიოდ დასახა ამოცანა ეუთოს საქართველოს ოფისის მუდმივმა წარმომადგენელმა როი რივმა: სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ ხელმძღვანელ პირებთან მისი საუბრები კონფლიქტის ზონაში ეუთოს მანდატის გაფართოებისა და როკის გვირაბის მონიტორინგის გეგმებს შეეხებოდა. 4 აგვისტოს ცხინვალის თემით გაჯერებული აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის სხდომაც. პრემიერ-მინისტრმა მხარეთა შორის სადავო საკითხების დაძლევის მთავარ სტრატეგიად პირდაპირი დიალოგი დასახა. უახლოეს დღეებში იგი ედუარდ კოკოითთან პირისპირ შეხვედრას აპირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან პირდაპირი და ღია დიალოგის დაწყების თაობაზე საზოგადოებამ კონფლიქტის საომარი ესკალაციის თავიდან აცილების მცდელობად აღიქვა. თუმცა ეს მცდელობა განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ მომხდარმა პროვოკაციულმა ინციდენტმა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 4 აგვისტოს, დაახლოებით !7 საათზე, კონფლიქტის ზონის სოფელ სინაგურთან ინტენსიური ცეცხლი გაიხსნა. ოსური მხარის მტკიცებით, რასაც რუსული საინფორმაციო საშუალებებიც ადასტურებენ, ცეცხლი ქართულმა მხარემ იმ საავტომობილო კოლონას გაუხსნა, რომლითაც ცხინვალში მოლაპარაკების წარმოების მიზნით ჩასული რუსი დეპუტატი, რუსეთის დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კოკოშინი იმყოფებოდა. ქართული მხარე ორმხრივი სროლების ფაქტს აღიარებს, მაგრამ აცხადებს, რომ ცეცხლი ქართულ საგუშაგოს გაუხსნეს:

[გიგი უგულავას ხმა]”სწორედ პირველი გასროლა მოხდა ოსური სოფლების მხრიდან ქართული საგუშაგოების მიმართულებით და, მეორე, როდესაც ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფება კონფლიქტის ზონაში, სულ მცირე, მისი გადაადგილების შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს წარმომადგენელს. ასეთი ინფორმაცია ჩვენ არ გვქონია ოფიციალურად. ჩვენ ვიცოდით, რომ კოკოშინი და მისი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ კონფლიქტის ზონაში, მაგრამ როცა არ არის ოფიციალური შეტყობინება, ქართული მხარე მათ უსაფრთხოებაზე არ და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.”

როგორც საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილე გიგი უგულავა აცხადებს, ეს ქვეყნის ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა. პოზიცია, რასაკვირველია, გასათვალისწინებელია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ოფიციალური თბილისის არგუმენტები არადამაჯერებლად ჟღერს, რადგან ანდრეი კოკოშინი ცხინვალში თბილისიდან ჩავიდა.

დავუბრუნდეთ ჟვანია-კოკოითის სავარაუდო შეხვედრის თემას, რასთან დაკავშირებითაც არაინფორმირებულობის გამო პრეტენზიას ამჯერად უკვე ოსური მხარე აყენებს.
ოსური მხარე, ქართულისაგან განსხვავებით, შეხვედრის ფორმალურ მხარეს დიდ ყურადღებას აქცევს, ანუ ცხინვალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრის ვერბალურ მოწოდებებს არ ყაბულდება:

[ედუარდ კოკოითის ხმა]”ოფიციალურად ამ შეხვედრის თაობაზე ჩვენთვის არავის მოუმართავს. ჯერ ჩემთან არავის შეუთანხმებია ამ შეხვედრის თემატიკა. არადა, როგორც მოგეხსენებათ, ასე არ ხდება, რომ ვიღაცას მოუნდა და მეორე მხარე აუცილებლად უნდა შეხვდეს. უნდა იყოს ოფიციალური მომართვა.”

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ამ პირობას ქართული მხარე , სავარაუდოდ, გაითვალისწინებს. თუმცა არის მეორე, უფრო რთული, პირობა, რომელმაც ჟვანია-კოკოითის პირისპირ შეხვედრა და საქართველოს პრემიერის ახალი სამშვიდობო სტრატეგია, შესაძლოა, დიდი ხნით შეიყვანოს ჩიხში. თვითაღიარებული ოსეთის პრეზიდენტი კონფლიქტის ზონაში უკანონო ქართული შეიარაღებული ფორმირებების ყოფნაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ ამ შენაერთების გაყვანის გარეშე იგი ჟვანიასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას არ მიუჯდება.


























მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ იმ შე აპირებსმას შემდეგ მიუჯდება, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდება პირისპირ მოლაპარაკებებს, თუ ასეთ შემთხვევაში ედუარდ კოკოითი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებების საწარმოებლად მზადყოფნას აცხადებს.
[ვაჟა ხაჭაპურიძის ხმა]” ქართული მხარიდან აუცილებლად უნდა იყოს შეთავზება, არა სიტყვიერად, არამედ დოკუმენტალურად. და ამავე დროს უნდა შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს და განსაზღვრავს დღის წესრიგს, რეგლამენტს. და ახლა ასე ხდება ყოველთვის და ჩვენ არა ჯობიან ესე გავაკეთოთ. ჩვენ რათ გვინდა რაღაცა უხერხული პარტიზანული შეხვედრა.”

ეს ქართულ-ოსური კონფლიქტის საკითხებში პრეზიდენტ კოკოითის პირადი წარმომადგენელი ვაჟა ხაჭაპურიძეა. მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ადასტურებს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევიც. ჩოჩიევის თქმით, ერთი, რაზე საუბარსაც ოსური მხარე ჟვანია-კოკოითის სავარაუდო შეხვედრაზეც არ აპირებს, ეუთოს მანდატის გაფართოვებაა.

ეგრეთ წოდებული პარტიზანული შეხვედრა, ცხადია, მიუღებელია ქართული მხარისთვისაც. თუნდაც უსაფრთხოების მიზნით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანმხლებ პირებს შორის იქნება საქართველოს უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი. მაშინ, როცა თბილისი კონფლიქტის საომარ გამწვავებაზე დეკლარირებულად უარს ამბობს და დაპირისპირების დიალოგის ფორმატში გადატანის მზადყოფნას ავლენს, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმციები ვრცელდება ცხინვალიდან. კერძოდ, დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აცხადებს, რომ ედუარდ კოკოითის ქართველ პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე მუშაობა არ მიმდინარეობს; მაშინ, როცა თვითაღიარებული რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტი ადასტურებს, რომ ამგვარი შეხვედრა პრაქტიკულად დაგეგმილია.
XS
SM
MD
LG