Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სპილო” – “ამირანში”


თბილისის კინოთეატრი “ამირანი” ახალ ტრადიციას ამკვიდრებს. ეგრეთ წოდებული “საავტორო ფილმების” პრემიერები აქ ზაფხულში ეწყობა ხოლმე - მაშინ,

როცა ქალაქი ცარიელია. “ამირანის” დირექცია, როგორც ჩანს, ვარაუდობს, რომ ნამდვილი კინოს მოყვარულებს დასვენებისთვის არასდროს სცალიათ.

29 ივლისს, მას შემდეგ, რაც “ამირანში” დასრულდა პედრო ალმოდოვარის ფილმის “ცუდი აღზრდის” ჩვენება, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ კინოთაეტრში ამერიკელი რეჟისორის გას ვან სენტის, კანის 2003 წლის კინოფესტივალის მთავარი პრიზით, “ოქროს პალმის რტოთი”, აღნიშნული სურათის, “სპილოს”, პრემიერა გაიმართა. ოღონდ არ იფიქროთ, რომ “ამირანი” დროს ჩამორჩა, ან კინომეკობრეთა მსხვერპლი გახდა... უბრალოდ, “სპილო” გვიან შემოვიდა რუსეთის კინობაზარზე, ქართული კინოგაქირავება კი, მოგეხსენებათ, რუსული ბაზრის ორგანული ნაწილია. უცხოურ ფილმებს საქართველოში ისევ რუსულად უჩვენებენ.

თუმცა გას ვან სენტის ფილმი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მაყურებელს რუსული თარგმანი ხელს არ შეუშლის. ტექსტი – ცოტაა... და რაც არის, სრულიად უმნიშვნელოა: ერთი ამერიკული კოლეჯის მოსწავლეები თავიანთ ყოფით პრობლემებზე საუბრობენ – რატომ იქექებიან მშობლები მათ ნივთებში, სად შეიძლება გაატარონ უიკენდი, რა შეიძლება შეჭამონ სასკოლო სასადილოში... ჰო, კიდევ - ბეთჰოვენის “მთვარის სონატა” ისმის ხანდახან.
[მუსიკა]

ყველაფერი მშვიდად, ცოტა დუნედაც ვითარდება და მთავრდება ნამდვილი აპოკალიფსით – ბეთჰოვენის მელოდიას ავტომატის ჯერი და ყუმბარების აფეთქება ცვლის.

გას ვან სენტმა ფილმს საფუძვლად რეალური ამბავი დაუდო – ამერიკის ქალაქ პორტლენდის სკოლაში მომხდარი ამბავი: ორმა ყმაწვილმა ტელევიზორში ნაცისტების ქრონიკა იხილა, ინტერნეტით იარაღი შეუკვეთა და კოლეჯში შეიჭრა. გას ვან სენტის ფილმში “სპილო” ისინი დახოცავენ თითქმის ყველას, ვისაც ავტორი ერთი საათის მანძილზე გვაცნობდა. ესენი იყვნენ არაფრით გამორჩეული მასწავლებლები და მოსწავლეები. მოსაწყენი იყო მათი დიალოგები, მოსაწყენი იყო მათი ყოფა, მაგრამ ეს დიალოგები, ეს სახეები და ეს მოსაწყენი ყოფა საოცრად ფასეული ხდება ფინალში, როცა რამდენიმე გასროლით ყველაფერი მთავრდება.

შეერთებული შტატებისა და ევროპის ზოგიერთ კოლეჯში “სპილოს” სპეციალური სეანსები გაიმართა. ამერიკელი და ევროპელი მაყურებელი ძალადობის მიზეზებს იკვლევს სკოლაში. საქართველოში, შესაძლებელია, ამ ფილმს კიდევ უფრო დიდი რეზონანსი მოჰყოლოდა, რომ არა ზაფხული. ხალხი დედაქალაქიდან დასასვენებლად, ე.ი., გარკვეული თვალსაზრისით, აგრესიისგან განთავისუფლებისთვისაა წასული. “სპილოს” მხოლოდ ქალაქში დარჩენილი კინოს ფანატები უყურებენ. კარგი კინოს მოყვარულები კი აგრესიულობით ისედაც არ გამოირჩევიან.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG