Accessibility links

logo-print

რატომ განხორციელდა პანკისის ხეობაში უშიშროების სამინისტროს სპეცოპერაცია?


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, ქართული საზოგადოების ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა 3 აგვისტოს პანკისის ხეობაში

საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია. არადა, პანკისში განვითარებული მოვლენები საკმაოდ განსხვავდება ქართველი სამართალდამცველების მიერ აქამდე ჩატარებული ანტიკრიმინალური ოპერაციებისგან. როგორც ცნობილია, 3 აგვისტოს უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმმა ჩეჩენი ეროვნების 12 ლტოლვილი დააკავა, რომლებიც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. რატომ განხორციელდა პანკისის ხეობაში უშიშროების სამინისტროს სპეცოპერაცია?

როგორც ჩვენი რადიომსმენელისათვისაა ცნობილი, სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში არა მარტო დაკავებულთა, არამედ უბრალო მოსახლეობის უფლებათა უხეში დარღვევით განხორციელდა. ამან, ადამიანის უფლებადამცველთა გარდა, საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის გულისწყრომაც გამოიწვია:

[ხიზრი ალდამოვის ხმა] ”მე უფრო პროვოკაციად ვთვლი ამას, იმიტომ რომ ჩეჩნების პოზიცია, პრეზიდენტის პოზიცია, ჩვენი ჩეჩენი ერის, ქისტების, ჩვენი პოზიციაა. ქართველებს მხარს ვუჭერთ იმ პოლიტიკაში, რასაც დღეს ატარებენ. ამ დროს ეს ვიღაცას არ მოეწონა, შევიდნენ იქ... მე მგონი, ეს მინისტრმა წესიერად არ იცოდა, იქ რა ხდებოდა. ოპერაცია რომ ტარდებოდა, ეს კი იცოდნენ, მაგრამ ჩეჩენი ქალების და ბავშვების ცემა გეგმაში არ შედიოდა. მაგრამ პიროვნულად ეს ვიღაცეებმა გამოიყენეს, ვინც ხელისუფლებისა და ქართველი ერის წინააღმდეგია.”(სტილი დაცულია)

თუ ჩეჩენთა დიასპორის ლიდერი ხიზრი ალდამოვი მომხდარს გაუგებრობას და პროვოკაციას უწოდებს, სპეცოპერაციის უფრო კონკრეტულ მიზანსა და შედეგებზე საუბრობს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. იგი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა და ადგილზე მოინახულა სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა.

[ნანა კაკაბაძის ხმა] ”დღეს 12-ვე გათავისუფლებულია. წაუყენეს ულტიმატუმი, რომ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია მათ. ზოგს მისცეს რამდენიმე დღე, ზოგს მისცეს კვირა და 10 დღე და ასეთი ვადები იმისათვის, რომ დატოვონ საქართველო. სავარაუდოდ, ის ადამიანები არიან, ვისზეც რუსეთის მოთხოვნა არის.”(სტილი დაცულია)

ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ ჩეჩენთაგან თითქმის ყველამ საქართველოს დატოვება გადაწყვიტა.

მე პანკისის ხეობაში განხორციელებული ეგრეთ წოდებული პროფილაქტიკური ოპერაციის მიზეზების გასარკვევად კავკასიის რამდენიმე სპეციალისტსაც დავუკავშირდი, რომლებმაც არ ისურვეს ოპერაციის ოფიციალური კომენტირება. არაოფიციალურ საუბარში კი გაირკვა, რომ საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ პანკისის ხეობაში განხორციელებული ოპერაცია რუსეთიდან წამოსული ბრალდებების გამოძახილია.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველების მხარეს ჩეჩენი და ქისტი მეომრებიც იბრძვიან. ექსპერტების აზრით, სწორედ ამ ფაქტის დასამალად და რუსეთის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად ჩატარდა ოპერაცია პანკისის ხეობაში. მე ამ არაოფიციალური ვერსიის კომენტირება უშიშროების მინისტრის მოადგილეს ლევან ნიკოლაიშვილს ვთხოვე.

[ლევან ნიკოლაიშვილის ხმა] ”გამორიცხულია. ჩვენ არ გვჭირდება არავის მოთხოვნის შესრულება. ჩვენ, უბრალოდ, ჩავატარეთ პროფილაქტიკური ღონისძიება, რომელიც იყო დაგეგმილი და რომლის მიზანი იყო საბუთების შემოწმება...”

ლევან ნიკოლაიშვილმა ოპერაციის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებიც უარყო, თუმცა საავადმყოფოში მოთავსებულთა თუ თვითმხილველთა ჩვენებები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
XS
SM
MD
LG