Accessibility links

logo-print

ცხინვალი დემილიტარიზაციას მხოლოდ ქართული მხარის ვალდებულებად განიხილავს. კოკოითი თბილისთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას არ ჩქარობს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დავალებით, 5 აგვისტოს სახელმწიფო კანცელარიის აპარატმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების

ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილი გაგზავნა. წერილში ზურაბ ჟვანიას ედუარდ კოკოითთან პირისპირ შეხვედრის სურვილი და მზადყოფნაა გაცხადებული. შეგახსენებთ, რომ ედუარდ კოკოითი და მისი ხელისუფლება ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყების ერთ-ერთ ხელის შემშლელ პირობად სწორედ ოფიციალური შეტყობინების არარსებობას ასახელებდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა ცხინვალის პრეზიდენტის პოლიტიკური ამბიცია შეტყობინების წერილით დააკმაყოფილა, ჯერჯერობით ედუარდ კოკოითი ზურაბ ჟვანიასკენ შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმას არ ჩქარობს - ცხინვალი კონფლიქტის ზონიდან ქართული შეიარაღებული დაჯგუფებების გაყვანას ითხოვს.

ცხინვალის მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტის ზონის სრული დემილიტარიზაციის წინადადებით უპასუხებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია კონფლიქტის დაძლევის მიმდინარე სტრატეგიას სამ ძირითად კომპონენტად ყოფს: მხარეთა შორის პირდაპირი დიალოგი, ეუთოს სადამკვირვებლო მანდატისა და წარმომადგენლობის გაფართოება და კონფლიქტის ზონისა და მთლიანად რეგიონის გაწმენდა შეიარაღებისა და შეიარაღებული დაჯგუფებებისაგან:

[ზურაბ ჟვანიას ხმა]”ვითხოვთ ჩვენს კონკრეტულ სამშვიდობო ინიციატივებზე კონკრეტულ პასუხს, პოზიტიურ პასუხს და ქმედებათა დაწყებას, რათა ავიცილოთ თავიდან ვითარების შემდგომი გართულება რეგიონში.”

კონკრეტული, მაგრამ ნეგატიური პასუხი ცხინვალიდან შემდეგნაირად ჟღერს:

[ბორის ჩოჩიევის ხმა] ” ჩვენ აქ ვცხოვრობთ, სად უნდა წავიდეთ. სად უნდა წავიდნენ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები, ჯავაში ხომ არ გადავიყვანთ. ჩვენ კონფლიქტის ზონაში მხოლოდ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები გვყავს -მილიცია და ჩვენი სამშვიდობოები - ჩრდილოეთ ოსეთიდან. საქართველომ კი საქართველოდან შემოიყვანა ძალები.”

უარყოფს რა ცხინვალის ხელისუფლების მიერ დაქირავებული კაზაკებისა და აფხაზი ეროვნების ადამიანთა რეგიონში ყოფნის ფაქტს, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი ამბობს, რომ კონფლიქტის ზონაში არალეგალურად დაახლოებით 2000 შეიარაღებული ქართველი მებრძოლი იმყოფება. ანუ დემილიტარიზაციას იგი მხოლოდ ქართული მხარის ვალდებულებად განიხილავს.

[ალეკო სუხიტაშვილის ხმა]” ჯერ ერთი, რატომ უნდა გაიტანოს სადმე. დემილიტარიზაცია ნიშნავს, უნდა ჩააბარო და გაანადგურო. მე ვერ ვიტყვი, რომ რა ღაც სასწაული, გადასარევი შეიარაღებაა, მაგრამ თვითონ მოსახლეობაში დაარიგეს მათ სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღია, მათ შორის - ეგრეთ წოდებული მუხა და სხვ. და სხვ. ფაქტობრივად, ვისაც იარაღის ჭერა შეუძლია, ყველას მისცეს და ხან სად მოკლავენ და გააგორებენ ერთმანეთს, ხან სად აუფეთქდებათ ის რაღაც მუხები და ერთმანეთს ხოცავენ და ამაზეა საუბარი.”

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის ალეკო სუხიტაშვილის ინფორმაციით, ამ რამდენიმე დღის წინ ოსეთის მხარის მიერ კონტროლირებად დიდ-მუხა გუგუთის სამშვიდობო ბატალიონში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფ სამშვიდობოებსა და კაზაკებს შორის შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც. სახელდება ინციდენტის სავარაუდო მიზეზიც: ოსებმა და რუსებმა დაქირავებულებს დაპირებული გასამრჯელო ვერ გადაუხადეს.

და მაინც, რა ბედი ელის კონფლიქტის რეგიონის დემილიტარიზაციის ინიციატივას? ამ ინიციატივაზე საავტორო უფლების მიუხედავად, ქართული მხარე ცალმხრივ განიარაღებას არ აპირებს:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”თუ არ გვექნება გარანტია იმისა, რომ ყველა ის უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც ჰყავს ოსურ მხარეს, და ის ტექნიკა, უკანონო, თუ არ იქნება კონსერვაციაზე დაყენებული და ის დაჯგუფებები თუ არ იქნება დაშლილი და გაყვანილი, ახლა ცალმხრივ არანაირ პროცესზე ლაპარაკი არ იქნება.”(სტილი დაცულია)

სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოების მთავარ საშუალებად პოლიტიკური დიალოგის დაწყებას მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG