Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოუტანს ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობებს მოჰამად ხათამის ვიზიტი?


პარასკევს დამთავრდა ირანის პრეზიდენტის მოჰამად ხათამის სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე ეს ირანის სახელმწიფოს მეთაურის

პირველი სტუმრობა იყო მეზობელ სახელმწიფოში, გასაგები გახდება ის ყურადღებაც, რომელსაც მიმომხილველები და ექსპერტები ვიზიტის მიმართ იჩენენ. რა შედეგი გამოიღო ორი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტთა მოლაპარაკებამ? რას მიაღწიეს და რას ვერ მიაღწიეს ილჰამ ალიევმა და მოჰამად ხათამიმ?

გარეგნულად ყველაფერი საუცხოოდ წარიმართა. მასპინძელიცა და სტუმარიც - როგორც აღმოსავლური ტრადიცია მოითხოვს - ხოტბის სიტყვებს არ იშურებდნენ ერთმანეთის მიმართ, გუნდრუკს უკმევდნენ ირანისა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, ურთიერთს სამარადისო ძმობას ეფიცებოდნენ. ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, მოჰამად ხათამიმ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნების ბედი ერთმანეთთან თვით ისტორიამ და გეოგრაფიამ გადაჯაჭვაო.

[მოჰამად ხათამის ხმა] "ირანის ისლამური რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი მშვიდობის, მეგობრობისა და ძმობის საზღვარია."

ირანის პრეზიდენტმა ისიც თქვა, ჩვენს ქვეყნებს შორის არ არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარება არ შეიძლებოდესო. მე დავინტერესდი, რამდენად ზუსტად ასახავს ეს სიტყვები რეალურ ვითარებას და რამდენად უხდის ისინი ხარკს აღმოსავლურ ეტიკეტს. ჩემმა კოლეგამ, რადიო "თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორმა აბას ჯავადიმ ამ კითხვებზე ასე მიპასუხა:

[აბას ჯავადის ხმა] "ჩემი აზრით, ეს განცხადება რიტორიკის სფეროს მიეკუთვნება. თორემ მოუგვარებელი პრობლემები როგორ არ არსებობს?! სხვა თუ არაფერი, კასპიის ზღვის სტატუსის საკითხი გაიხსენეთ. ან ავიღოთ, თუნდაც, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. მართალია, ირანი ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად განიხილავს, მაგრამ ამ საკითხზე რაიმე ოფიციალური დოკუმენტი მიღებული არა აქვს. ასე რომ, ხათამის განცხადება რიტორიკა უფრო მგონია, ვიდრე რეალური სურათის ასახვა."

ასეა თუ ისე, ირანის ლიდერმა ბაქოში სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, მონაწილეობა მიიღოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. რამდენად ძალუძს და სურს თეირანს შუამავლის როლის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის? ამ კითხვით ისევ ჩემს კოლეგას, აბას ჯავადის მივმართე.

[აბას ჯავადის ხმა] "ირანი ამ კონფლიქტში დიდი სიხარულით შეასრულებდა შუამავლის როლს. ჩვენი ინფორმაციით, თეირანს სურს, თურქეთთან ერთად ჩაერთოს ეგრეთ წოდებულ "მინსკის პროცესში". მაგრამ არ ვიცი, რამდენად მზად არის ამისთვის ბაქო, რამდენად მიუკერძოებლად მიიჩნევს იგი თეირანს. თანაც, ეჭვი მეპარება, "მინსკის ჯგუფის" თანათავმჯდომარეები - რუსეთი და შეერთებული შტატები - ირანის შუამავლობას დათანხმდნენ."

პოლიტიკური ასპექტის გარდა, მოჰამად ხათამის ვიზიტი ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო. მხარეებმა ხელი მოაწერეს ათ ორმხრივ შეთანხმებასა და რამდენიმე მემორანდუმს, რომლებიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კულტურისა და სხვა სფეროებში. ამ შეთანხმებათა მნიშვნელობაზე საუბრისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა:

[ილჰამ ალიევის ხმა] "ხელმოწერილი შეთანხმებების განხორციელება აზერბაიჯანში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ხოლო ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული დოკუმენტები საშუალებას მოგვცემს, ელექტროენერგია და გაზი მივაწოდოთ ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქს, რომელიც აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია."

აზერბაიჯანში მოჰამად ხათამის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი პარასკევს ამოიწურა. სტუმრობის ბოლო სადგურია ქალაქი განჯა, საიდანაც ირანის პრეზიდენტი, შაბათს, სამშობლოში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG