Accessibility links

logo-print

საქართველოს სასაზღვრო უწყება აფხაზეთის პორტებში სატრანსპორტო მიმოსვლის უკანონობას ოფიციალური დოკუმენტით ადასტურებს


საქართველოს საზღვაო წყლების აფხაზეთის აკვატორიაში უკანონოდ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა აფეთქების მუქარის შემდეგ რუსეთის მთავრობაში, სახელმწიფო სათათბიროსა და პრესაში ატეხილი ანტიქართული აგრესიის პასუხად,

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება მოამზადა. აღნიშნული განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რუს კოლეგებს 1996 წლის 19 იანვარს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე ხელმოწერილი ერთი დოკუმენტი შეახსენა, კერძოდ კი, “აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით ზომების მიღების შესახებ” მიღებული გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა , დანარჩენ ხელმომწერ ქვეყნებთან ერთად, დაადასტურა თავისი ვალდებულება მხარი არ დაუჭიროს სეპარატისტულ რეჟიმს.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 1996 წლის 19 იანვრის სამიტის გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე შავ ზღვაშიც ბევრმა წყალმა ჩაიარა და ნელ-ნელა აფხაზეთის ბლოკადაც ფიქციად იქცა - განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან. ასეთ ფონზე საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი იძულებული ხდება ჩრდილოეთ მეზობელს დამატებით რამდენიმე სამართლებრივი დოკუმენტის არსებობაც შეახსენოს. ესენია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრისა და 1999 წლის 19 მაისის ბრძანებულებები, რომლითაც აფხაზეთის პორტებში უცხო ქვეყნების გემების შესვლის მექანიზმები და დროებითი წესები რეგულირდება. კერძოდ, აფხაზეთის ნავსადგურებში შესვლამდე გემებმა და სხვა მცურავმა საშუალებებმა საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი ფოთის ნავსადგურში უნდა გაიარონ. მოუსმინეთ საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს შალვა ლონდარიძეს:

[შალვა ლონდარიძის ხმა]” არსებობს ზღვაში გარკვეული ტერიტორია, სადაც უნდა მოხდეს ამა თუ იმ მცურავი საშუალების დათვალიერება. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა განაცხადოს, დავუშვათ, ეკიპაჟის რომელიმე მეთაურმა მცურავი საშუალების, რომ მე აფხაზეთში მიმაქვს ჰუმანიტარული ტვირთი, მაგრამ შეიტანოს იარაღი. ამას ჩვენ ხომ ვერ დავუშვებთ. აქედან გამომდინარე, თუკი გემს სურს, რომ აფხაზეთში შეიტანოს ჰუმანიტარული ტვირთი, ის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული ტვირთი და საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები ამის შესახებ. და გაფრთხილებას თავი დავანებოთ, გაფრთხილების შემდეგ უნდა დათვალიერდეს ესა თუ ის მცურავი საშუალება.”(სტილი დაცულია)

შეზღუდვა და მარეგულირებელი წესები ვრცელდება სამგზავრო გემებსა და კატარღებზეც, რომლებსაც აფხაზეთში, საქართველოს ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, ტურისტები და დამსვენებლები შეჰყავს.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ახბას განცხადებით, აფხაზეთის კურორტებზე წელს უკვე დაისვენა რუსეთის 200 000-მდე მოქალაქემ. საქართველოს პრეზიდენტის ცნობილი განცხადებების შემდეგ, რუსი დამსვენებლების უსაფრთხოების საკითხი ნომერ პირველ ამოცანად იქცა როგორც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისათვის, ისე რუსეთისთვისაც. რუსეთისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უკანასკნელი განცხადების თანახმად, აფხაზეთი აღარ წარმოადგენს კონფლიქტის ზონას და, შესაბამისად, იქ ტურიზმის განსავითარებლად სადაგი პირობებია შექმნილი, რომ არა საქართველოს ხელისუფლების მადესტაბილიზებელი როლი და მისი მცდელობა, ტურისტების დაშინების საშუალებით, სეპარატისტული რეგიონის ეკონომიკის აღმავლობას შეუშალოს ხელი. აქვე გაისმის დემაგოგიური რიტორიკაც: თუ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, გამოდის, რომ თბილისი ეკონომიკური სანქციების გატარებას ქვეყნის შიგნით ცდილობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, ამ ტიპის დემაგოგია სოხუმში საქმიანი ვიზიტით მყოფი მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის განცხადებაშიც
გაისმა. მან გულუბრყვილოდ - უფრო ცინიკურად - გაიოცა თბილისის პროტესტი და ბრძანა, რომ საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილის მიწვევით იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საქართველოში, კერძოდ, სოხუმში ამ უკანასკნელ ხანებში კავკასიისა და ქართველების სიძულვილით განსაკუთრებით გამორჩეული პოლიტიკოსი ვლადიმირ ჟირინოვსკი და რუსეთის დუმის დეპუტატთა ერთი ნაწილი ჩავიდა იმის სადემონსტრაციოდ, რომ მათ და, საერთოდ, რუსეთის მოქალაქეებს პრეზიდენტ სააკაშვილის მუქარის არ ეშინიათ. დუმის სათათბიროს ლიბერალურ-დემოკრატიული ფრაქციის პრესსამსახურის ცნობით, რუსი დეპუტატები შავი ზღვის არა მარტო ერთ, სამ კურორტზე დაისვენებენ - გაგრაში, სოხუმსა და ბიჭვინთაში.
XS
SM
MD
LG