Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაათავისუფლეს გორში გამომავალი ''ხალხის გაზეთის'' რედაქტორი


გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს დარბაზიდან ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 2 აგვისტოს დაკავებული ,,ხალხის გაზეთის” რედაქტორი გაათავისუფლა.

დაკავებულმა რეზო ოქრუაშვილმა გამთენიიისას, ადვოკატთან ერთად, შიდა ქართლის საოლქო პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა. საოლქო პროკურორმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რის შემდეგაც განსასჯელსა და სახელმწიფოს შორის საპროცესო შეთანხმება მოხდა. შეთანხმების დეტალები კონფიდენციალურია და არ ხმაურდება. რევაზ ოქრუაშვილის განცხადებით, ის შეთანხმებაზე ნებაყოფლობით წავიდა და მისი ტონი ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კვლავ უცვლელი დარჩება.

,,ხალხის გაზეთის’’ რედაქტორი დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა. ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულმა რევაზ ოქრუაშვილმა ჯერ საოლქო პროკურორთან შეხვედრა მოითხოვა, შემდეგ კი, განსასჯელსა და სახელმწიფოს შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომლის დეტალებიც კონფიდენციალობის გამო არ ხმაურდება, აღნიშნული საქმე ამოწურულად იქნა მიჩნეული. იურისტი ირაკლი კოტეტიშვილი ოქრუაშვილის დაკავების დროს დაშვებულ უამრავ დარღვევაზე საუბრობს. არეული ხელმოწერებისა და დაუსაბუთებელი მტკიცებულებების გამო ჩნდება ეჭვი, რომ მისი დაკავება ოქრუაშვილის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. კოტეტიშვილი იხსენებს 2004 წლის იანვრის თვეში პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს, რის შედეგადაც გორში დაკავებული ოქრუაშვილი დღეს, ბრალის აღიარების სანაცვლოდ, პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

[ირაკლი კოტეტიშვილის ხმა] ,,ტრივიალური ფაქტი მოხდა ასევე ის, რომ პოლიცია აცხადებდა, რომ კარადიდან ამოიღეს ნარკოტიკები, მაშინ როდესაც კარადის უჯრები გაღებული საერთოდ არ იყო. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები ვერ გაერკვნენ თავიდან სიტუაციაში, თუ რა პროცესუალურ დარღვევებს ჰქონდა ადგილი და მას შემდეგ, რაც გამოიკვლიეს იმავე იმ რეზო კლდიაშვილის უკანონო მოქმედებები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მართლა ფარგლებს სცილდებოდა კანონდარღვევები, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უპრიანი იქნებოდა ამ პირის გარეთ გამოსვლა.” (სტილი დაცულია)

,,ხალხის გაზეთის” რედაქტორი, გაზეთის მუშაობისა და კავკასიის ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის გამო, საოლქო პროკურორთან გარიგებაზე მიდის, რაც, მისივე თქმით, ხელისუფლებასთან გარიგებას არ ნიშნავს. ოქრუაშვილი 2 აგვისტოდან დღემდე განვითარებულ მოვლენებს მისი შეშინების მცდელობად აღიქვამს და მიაჩნია, რომ აღნიშნული გარიგება მას არაფერში არ ზღუდავს.

[რევაზ ოქრუაშვილის ხმა] ,,მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ხელისუფლებასთან არ მქონია გარიგება.მე მაქვს გარიგება კონკრეტულ პიროვნებასთან - საოლქო პროკურორთან. ეს არის ჩემი და პროკურორის გარიგება, რაც მე აბსოლუტურად არაფერში არ მზღუდავს. მე ისევ ვიტყვი, რომ გუბერნატორი არის დეზერტირი, არის თაღლითი. მან გადაასწორა თავისი საბუთები, რომ არ წასულიყო ჯარში.”

ოქრუაშვილის გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პრესკონფერენციას მართავენ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად. მაღალჩინოსნები ბრიფინგზე, ძირითადად, დამნაშავე პოლიციელებზე საუბრობენ, თუმცა გიგა ბოკერია რევაზ ოქრუაშვილის მისამართით აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლება უსინდისო ადამიანებსაც აქვთ:

[გიგა ბოკერიას ხმა] ,,იმ პირებმა, ვინც ბრალდებას წარმოადგენდა, რატომ ჩათვალეს საჭიროდ... შესაძლოა, მტკიცებულებების პოტენციური სისუსტე იყო ერთ-ერთი არგუმენტი, მაგრამ მეორე მხარემაც საჭიროდ ჩათვალა, რომ ამ მორიგებაზე წასულიყო. უსინდისო ადამიანებსაც აქვთ სიტყვის თავისუფლება. ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება და ეს თავისუფლება იქნება შენარჩუნებული. ამ შემთხვევაში, თუ ეს გაზეთი და მისი რედაქტორი თვლის, რომ უნდა გააგრძელოს კრიტიკულად გაშუქება მოვლენების, ისე არაობიექტურად, როგორც, სამწუხაროდ, ეს იქამდე ხდებოდა, ეს არის მისი უფლება და ეს უფლება არის გარანტირებუილი.”(სტილი დაცულია)

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საზოგადოება თავისუფალი სიტყვის დასაცავად ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდა. მიღწეული გარიგების მიუხედავად, არც ერთი მხარე პოზიციებს არ ცვლის.
XS
SM
MD
LG