Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიახლე სასამართლო სისტემაში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი სიახლეა მოსალოდნელი: იუსტიციის საბჭო გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტი

და ამავე დროს, გამსხვილდეს საერთო სასამართლოები: მზად არის ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც არსებული 56 რაიონული სასამართლოს 25 საქალაქო სასამართლოდ გამსხვილებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა განხოციელდეს მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაცია. რას ნიშნავს ეს და რატომ უნდა მოხდეს?

ცვლილებების მოტივი ასეთია: დღეს რაიონული სასამართლოების ნაწილი დაკომპლექტებულია მხოლოდ ერთი მოსამართლით და ასეთ რაიონებში საქმის განსახილველად ხშირად სხვა რაიონიდან მიავლენენ ხოლმე მოსამართლეებს. ერთსა და იმავე მოსამართლეს უწევს სხვადასხვა კატეგორიის - სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის საქმეების განხილვა, არადა, ყველა სფეროში მას ნამდვილად არ ექნება ჯეროვანი კომპეტენცია. სასამართლოთა გამსხვილებვის შედეგად თითოეულ საქალაქო სასამართლოში, სულ ცოტა, სამი მოსამართლე იმუშავებს:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] “ეს საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ვიწრო სპეციალიზაცია, თითოეულ მოსამართლეს საშჲალებას მისცემს, კონცენტრირება მოახდინოს კონკრეტული კატეგორიის საქმეებზე, ჩამოყალიბდეს უფრო კვალიფიციურ სპეციალისტად. შესაბამისად, ეს ყველაფერი გაზრდის მართლმსაჯულების ეფექტიანობის ხარისხს”.

ეს იყო იუსტიციის საბჭოს მდივანი პავლე კუბლაშვილი. ის ამბობს, რომ მოსამართლეთა რიცხვს მოსალოდნელი ცვლილებები საგრძნობლად არც გაზრდის და არც შეამცირებს. ეგ არის, თითოეულ რაიონს თავისი სასამართლო აღარ ეყოლება და, მაგალითად, თერჯოლის მკვიდრს, შესაძლოა, ზესტაფონში მოუწიოს სამართლის საძებნელად წასვლა. ტერიტორიული ხელმისაწვდომობის სანაცვლოდ იუსტიციის საბჭოს მდივანი მოქალაქეებს უფრო კვალიფიციური სასამართლოსა და უკეთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებათა მისაწვდომობას სთავაზობს.

სამაგიეროდ, ყველა რაიონში მისაწვდომი იქნება მომრიგებელი მოსამართლე, რომელიც არ არის მიმაგრებული საქალაქო სასამართლოზე. პავლე კუბლაშვილი იხსენებს, რომ 5 წლის მანძილზე ილია ჭავჭავაძე მუშაობდა მომრიგებელ მოსამართლედ.

[კუბლაშვილის ხმა] “მიგვაჩნია, ამ ინსტიტუტის დანერგვა საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვნად გავზარდოთ მოსახლეობის ნდობა სასამართლო სისტემისადმი და მოსახლეობაში არსებული წვრილმანი დავები საპროცესო ფორმით გადავიტანოთ მოპმრიგებელ მოსამართლესთან. დღემდე ასეთ საქმეებს ხშირად ე.წ. კანონიერი ქურდები და სხვა “ავტორიტეტული” ადამიანები არჩევდნენ”.

მოსამართლეთა სპეციალიზაციის დროს გაითვალისწინებენ თავად მოსამართლეების სურვილსაც - რომელ სფეროში ურჩევნიათ იმუშაონ. თუ პარლამენტი კანონის ძალით დაამკვიდრებს მომრიგებელი მოსამართლის ინსტიტუტს, მოქალაქეებს მაინც არ მისცემს საშუალებას, თავად აირჩიონ ასეთი მოსამართლე. კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლეებს პრეზიდენტი ნიშნავს, ხოლო იუსტიციის საბჭო არ გამოდის კონსტიტუციის შეცვლის მოთხოვნით. პავლე კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტს დასანიშნად შესთავაზონ მოქალაქეთა მიერ შერრჩეული კანდიდატურები. და ბოლოს: მომრიგებელ მოსამართლეს არ ექნება უფლება, ადამიანს თავისუფლება აღუკვეთოს. ეს საქალაქო სასამართლოების კომპეტენციად დარჩება.
XS
SM
MD
LG