Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული მედიის მტკიცებით, აფხაზეთში დასვენების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსული მედიის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ აფხაზეთის მისადგომებთან კატერების ჩაძირვის შესახებ ერთიორად გაზარდა სოხუმში, გაგრასა და

ბიჭვინთაში დასვენების მსურველთა რაოდენობა. ინტერნეტგამოცემა „გაზეტას“ ცნობით, თუ მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ ორი დღის მანძილზე შეინიშნებოდა საგზურების ჩაბარების ტენდენცია, დღეს აფხაზეთში გასამგზავრებლად საგზურის ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობებით, რუსი ტურისტების რეაქცია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საკმაოდ ორიგინალური აღმოჩნდა: აფხაზეთში დასვენების მსურველთა რაოდენობა ბოლო დღეებში გაიზარდა. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ინტერნეტგამოცემა „გაზეტა“, რომელიც წერს, რომ თუ შარშან სააგენტოები თვეში, საშუალოდ, 20 საგზურს ყიდდნენ, მხოლოდ ივლისში ათას საგზურზე მეტი გაიყიდა. ახლა კი თურმე აფხაზეთში საგზურის ყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად 7 აგვისტოს მოსკოვში, სააგენტო „რუსალ-ტურში“, დავრეკეთ. როგორც გაირკვა, საგზურის ყიდვა, მაგალითად, ბიჭვინთაში პრობლემა სულაც არ ყოფილა:
[“რუსალ-ტურის” დილერის ხმა] „ საგზურები არის. აფხაზეთში სიმშვიდეა. როგორ ჩახვიდეთ? ადლერამდე ან თვითმფრინავით, ან მატარებლით. შემდეგ, თუ შეკვეთა იქნა, დაგხვდებიან, თუ არადა საზღვრიდან - ნებისმიერი ტრანსპორტით.“
ერთი სულის აფხაზეთში დასვენება სამჯერადი კვებით 900 რუბლი ღირს. ეს, დაახლოებით, 30 დოლარია. შესაბამისად, ძნელი არ არის იმის დადგენა, თუ რატომ ანიჭებენ რუსი ტურისტები უპირატესობას აფხაზეთის კურორტებს: იქ დასვენება, რუსეთის კურორტებთან შედარებითაც კი, საკმაოდ იაფია.
ზოგიერთი არარიგითი ტურისტისთვის კი აფხაზეთში დასვენება საერთოდ მუქთა იქნება. მაგალითად, ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს ვლადიმირ ჟირინოვსკისა და მისი პარტიის წევრებს აფხაზეთში ჩასასვლელად საგზურის ყიდვა დასჭირდეთ. ჟირინოვსკიმ პირობა შეასრულა და თანაპარტიელებთან ერთად 6 აგვისტოს შავი ზღვისკენ აიღო გეზი. მისი პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მოინახულებს რუსეთის კურორტებს: ანაპას, ტამანს, სოჭს, გაგრას, სოხუმს და ბიჭვინთას.“
ჩემი მხრიდან კი ვივარაუდებ, რომ, შესაძლოა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ აფხაზეთში კონცერტიც გამართოს - ზღვის სიახლოვე რომ მასში „განსაკუთრებულ“ გრძნობებს აღძრავს, მისი სიმღერაც დაგარწმუნებთ.
XS
SM
MD
LG