Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში საქართველოს პრესა აქტიურად გამოეხმაურა საქართველოსა და რუსეთს შორის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს პრესა აქტიურად გამოეხმაურა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავებას. გარდა ამისა, გაშუქდა საშინაო პრობლემებიც, მათ შორის,

სახელმწიფო ბიუჯეტთან, ქონების დეკლარირებასა და სასამრთლო პერიპეტიებთან დაკავშირებული საკითხები.

“დუმის თავგასულობას საზღვარი არ აქვს”, “რუსეთი ერთი ყოფილა... და ისიც მტრული”, “კოკოშინი ქართულ ტყვიებს სტვენით ცნობს”. ამ სათაურებით გამოეხმაურა გასული კვირის პრესა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავებას.

6-8 აგვისტოს გაზეთი “ახალი ვერსია” წერს: “რუსეთში აგრესიულად განწყობილი ძალები სააკაშვილის მოშორებაზე ფიქრს იწყებენ. დუმის რადიკალურმა ფრთამ უკვე დაასახელა სააკაშვილის ჩამოშორების რამდენიმე ვარიანტი - შესაძლო აფეთქებით დაწყებული, ეკონომიკური ბლოკადით გაგრძელებული და სახალხო მღელვარების ინსპირირებით დამთავრებული. ცხადია, ყველა მათგანი უკიდურესად არაკორექტულია. დუმის “ღირსეული” წევრების გუშინდელმა გამოხდომამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსები ყოველთვის დინების საპირისპიროდ მოქმედებენ და, ამდენად, ისინი მსოფლიო ცივილიზაციისგან შორს დგანან.”

6 აგვისტოს “მთავარი გაზეთი” აღნიშნავს, რომ “რუსეთის აგრესიით შეშფოთებული საქართველოს ხელისუფლება თანადგომას ამერიკაში ეძებს. პრეზიდენტ სააკაშვილს დასავლეთი თბილად შეხვდა, თუმცა ვაშინგტონი ჯერჯერობით ვერ ახერხებს რუსული აგრესიისგან თავდაცვის ასპროცენტიანი რეცეპტი მიაწოდოს საქართველოს.”

“რამ გამოიწვია მოსკოვის მორიგი და განსაკუთრებით აგრესიული ისტერია?”

როგორც გაზეთი წერს: “ერთი შეხედვით, რუსეთის გაღიზიანების საფუძველი გახდა ინციდენტი ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში კატარღების უკანონო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადება. რეალურად მოსკოვის გააფთრებას სხვა მიზეზებიც აქვს. როგორც ჩანს, მოსკოვში იგრძნეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პრაქტიკულად განხორციელებადია.
მოსკოვის მორიგი პროვოკაციული გამოხდომა საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტს დაემთხვა და, სავარაუდოდ, ეს შემთხვევითი არ არის. რუსეთის დუმაში გუშინ ამერიკა-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობაზეც საუბრობდნენ, თუმცა, ჟირინოვსკის ამქრის წევრების ფანტაზიით, მოსკოვი ვაშინგტონთან შეთანხმებას და სააკაშვილის “თავიდან მოცილებას შეძლებს”.

7 აგვისტოს “მთავარი გაზეთის” თქმით, “თეთრი სახლის პოზიცია მოსკოვისთვის გამოცანას არ უნდა წარმოადგენდეს”.

გაზეთი წერს: “ამერიკას საშუალება აქვს, ზემოქმედება მოახდინოს რუსეთზე, მით უფრო მაშინ, როცა რუსეთის პოლიტიკა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით არ გამოირჩევა. სააკაშვილი იმედოვნებს, რომ ამერიკა მას კონფრონტაციის აცილებაში დაეხმარება. საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი მზადაა, რუსეთთან მოლაპარაკება ამერიკის შუამავლობით აწარმოოს. თუ რუსეთი ამ ინიციატივას გაიზიარებს, სავარაუდოდ, მას ტონის შერბილება მოუწევს.”

რაც შეეხება საშინაო პრობლემებს. 6 აგვისტოს გაზეთი “ხვალინდელი დღე” წერს, რომ “ბიუჯეტის პროფიციტის “გაპიარებით”, მთავრობა კვლავაც განაგრძობს საზოგადოების დარწმუნებას, რომ “ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის”.

გაზეთის თქმით, “საქართველოს ემოციური ფინანსთა მინისტრი მოკრძალებულ კრიტიკასაც მტკივნეულად იღებს და ამტკიცებს, რომ გადაჭარბებით მიღებული 223 მილიონი ლარი სამართლიანად გაანაწილა. მთავრობა ბიუჯეტის პროფიციტთან ერთად ლარის კურსის გამყარებით ამაყობს, რამაც საგარეო ვალების გადახდასთან დაკავშირებით თანხების გამოთავისუფლების საშუალება მისცა.
ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ყოველდღიური მატების ფონზე ფინანსთა მინისტრი აკეთებს სენსაციურ განცხადებას, რომ “საქართველოში ცხოვრება მდიდრებისთვის მნიშვნელოვნად, ხელმოკლე ადამიანებისთვის კი უმნიშვნელოდ გაძვირდა”.

წერილში ნათქვამია, რომ “ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას ნებისმიერ ქვეყანაში იმპორტული საქონლის გაიაფება უნდა გამოეწვია”,

თუმცა, როგორც გაზეთი წერს: “...საქართველო ზოგადსაკაცობრიო ტენდენციებს ნაკლებად ემორჩილება და, როგორც ნოღაიდელი ამბობს, “ჩვენთან საქმე სულ სხვაგვარადაა”. ის საქონელი, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოდის, მაგალითად, ნავთობპროდუქტები და ხორბალი, გაიაფების ნაცვლად, კიდევ უფრო გაძვირდა.

“რომ არა ლარის კურსის გამყარება, პური და ნავთობპროდუქტები კიდევ უფრო ძვირი იქნებოდა”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ეკონომიკური ექსპერტების ვარაუდით, მთავრობას პროფიციტული ეიფორია მალე გადაუვლის და მწვავე ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.

როგორც ჩანს, მთავრობაში იმ მაკროეკონომისტების დეფიციტს განიცდიან, რომლებსაც ეკონომიკური გათვლების გაკეთება შეუძლიათ. ან ასეთები არიან, მაგრამ მთავრობის კურსის ხმამაღლა გაკრიტიკებას ერიდებიან.”

გასულ კვირაში მედიის დიდი აღშფოთება გამოიწვია “ხალხის გაზეთის” მთავარი რედაქტორის რევაზ ოქრუაშვილის დაპატიმრებამ. 5 აგვისტოს გაზეთ “რეზონანსში” ნათქვამია: “როგორც ჩანს, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ ყველანაირი მეთოდებით დაუპირისპირდეს დამოუკიდებელ მედიას. “ხალხის გაზეთის” რედაქტორის დაკავება მაგალითია იმისა, რომ ვარდების მოყვარული ხელისუფლების ჩინოვნიკები კრიტიკას ვერ უძლებენ. ეს გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა. რევაზ ოქრუაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორის მიხეილ ქარელისა და სამხარეო პოლიციის უფროსის ალექსანდრე სუხიტაშვილის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული მასალების მსხვერპლი გახდა.”

7 აგვისტოს პრესის ცნობით, 6 აგვისტოს გორის სასამართლომ რევაზ ოქრუაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა: საოლქო პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რის შემდეგაც განსასჯელსა და სახელმწიფოს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის დეტალები კონფიდენციალურია.

ახლა კი ქონების დეკლარირების თემას შევეხებით. 3 აგვისტოს გაზეთი “ხვალინდელი დღე” წერს, რომ “ის შეეცდება მცირედი ინფორმაცია მაინც მიაწოდოს მკითხველს იმის თაობაზე, რა ქონებას (დეკლარირებულს) ფლობენ ჟვანიას მთავრობის მინისტრები იმ ხელფასით, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში იღებდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა მისი კანონიერი გზით დაგროვება.”

გაზეთმა პირველი წერილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის გიორგი ბარამიძის მიერ დეკლარირებულ ქონებას მიუძღვნა. გთავაზობთ ორიოდე ნაწყვეტს ამ პუბლიკაციიდან:

გაზეთის თქმით, “შარშან მისი მშობლები ფლობდნენ პეტრიწის ქუჩაზე 45 000 ლარად ღირებულ სახლს, რომლის 20%-ის მფლობელიც თავად გია ბარამიძე გახლდათ. ეს ბინა მინისტრსა და მის მშობლებს რატომღაც 10 000 ამერიკულ დოლარად გაუყიდიათ(!)”.

“რაც შეეხება მინისტრის კუთვნილ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას, მისი ნუსხა ასე გამოიყურება: 88 800 ლარად შეფასებული სახლი ახვლედიანის ქუჩაზე, რომელიც, სავარუდოდ, 2002 წელს შეიძინა. 55 000-ლარიანი ბინა კოსტავას ქუჩაზე, 35 000 ლარად შეფასებული სახლი ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, რომლის 50%-საც მინისტრი დედასთან საზიაროდ ფლობს.”

რაც შეეხება ფულად დანაზოგს, საკრედიტო და მიმდინარე ანგარიშებს, ამის თაობაზე გაზეთი წერს: “გიორგი ბარამიძეს შინ 3 400 ლარი გადაუნახვს და ისე ეკონომიურად უცხოვრია, შარშანდელ დანაზოგს 100 ლარზე მეტი არ მოჰკლებია. დედას, პურის მრეწველობის სამსახურის უფროსსა და ცეკავშირის მრეწველობის უფროსის მოადგილეს, ნარგიზა თოიძეს, რომლის წლიური გასამრჯელო 1050 ლარამდეა (თვეში 87 ლარი), შარშანდელი დანაზოგი, 10 000 ლარი, 44 000-მდე გაუზრდია. აქედან 20 000 ლარი, ალბათ, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალია. პენსიონერ ბებიას კი მინისტრ შვილიშვილზე არცთუ ნაკლები თანხა დაუგროვებია და შარშანდელი 300 ლარი 2 100 ლარით გაუზრდია, ალბათ, მომატებული პენსიის წყალობით.”
XS
SM
MD
LG