Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმი ქალები სპორტულ ტრადიციებსა და რელიგიურ ვალდებულებებს შორის


ოლიმპიურ თამაშებში ქალების მონაწილეობას საინტერესო ისტორია აქვს. 1896 წელს, თანამედროვეობის პირველ ოლიმპიურ ასპარეზობაზე, ქალები არ დაუშვეს

ხოლო ოთხი წლის შემდეგ მათ მხოლოდ "ქალებისთვის შესაფერის" სპორტულ სახეობებში – ჩოგბურთში, გოლფსა და კრიკეტში მონაწილოების უფლება მისცეს. მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ათენის მოახლოებულ ოლიმპიადაში ათასობით ქალი მიღებს მონაწილეობას და თან "მშვენიერი სქესის" წარმომადგენლები იასპარეზებენ სპორტის თითქმის ყველა სახეობაში, მათ შორის -პირველად - ჭიდაობაშიც. მაგრამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა კვლავინდებურად სერიოზულ პრობლემად რჩება იმ სპორტსმენი ქალებისთვის, რომლებიც მუსლიმანურ ქვეყნებს წარმოადგენენ. კონსერვატული შეხედულება იმაზე, თუ როგორ უნდა ეცვათ და როგორ უნდა იქცეოდნენ მუსლიმი ქალები, ხშირად ეწინააღმდეგება თანამედროვე სპორტში დამკვიდრებულ ტრადიციებს.
ამბობენ, რომ ისლამი მიესალმება სპორტსა და ფიზიკურ ვარჯიშებს. გადმოცემის თანახმად, წინასწარმეტყველი მუჰამედი ფეხით სიარულში შეეჯიბრა თავის მეუღლე აიშას და ფინიშთან მეორე მივიდა.

რობინა მუყიმიარი, შესაძლოა, ფავორიტი არ იყოს, მაგრამ კარგად უწყის, რომ როცა 100 მეტრზე რბენაში ათენის ოლიმპიურ სარბიელზე იასპარეზებს, მისი გარეგნობა ბევრის ყურადღებას მიიპყრობს. მუყიმიარის სპორტული ტანისამოსი მკვეთრად განსხვავებული იქნება იმ შემოტკეცილი შორტებისგან, რომლითაც სხვა სპორტსმენი ქალები იასპარეზებენ.

[რობინა მუყიმიარის ხმა] "შევეცდები ვატარო ტანსაცმელი, რომელიც შესაფერისი იქნება ავღანეთის სიტუაციისათვის. მე მუსლიმი ვარ, ამიტომ ვეცდები, ისეთი ტანსაცმლით გამოვიდე, რომელიც მთელ სხეულს დამიფარავს. ავღანეთი ისლამური ქვეყანაა. ჩავიცვამ გრძელ შარვალს, რომელიც ფეხებს დამიფარავს. მაგრამ სახელოები მოკლე მექნება."

მუსლიმი ქალებისთვის სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია მკაცრი წესები და კდემამოსილება, თანაც თუ ახლო-მახლო არ იმყოფება მამაკაცი. 1992 წელს ამ წესის დარღვევა ძვირად დაუჯდა ოლიმპიადის ერთ ალჟილერ მონაწილეს. ჰასიბა ბულმერკა სწორედ თანამედროვე სარბენ ტრუსებში იყო გამოწყობილი, როცა მან 1500 მეტრზე რბენაში გაიმარჯვა. სამშობლოში ოლიმპიურ ჩემპიონი იმაში დაადანაშაულეს, რომ იგი "ათასობით მამაკაცის თვალწინ გაშიშვლებული ფეხებით დარბოდა".

თეირანელი ჟურნალისტი ქალი მაჰინ გორჯი, რომელიც ქალთა სპორტზე წერს, ამბობს, რომ ტრადიციული მუსლიმური ტანსაცმელი ირანელ ქალებს სპორტის ბევრ სახეობაში მონაწილეობისა და, შესაბამისად, წარმატების შესაძლებლობას ართმევს.

[მაჰინ გორჯის ხმა"ირანელ ქალებს არ ძალუძთ ოლიმპიური სტანდარტების დაძლევა ტაეკვონდოსა თუ კანოეთი ნიჩბოსნობაში. მათ არ შეუძლიათ ასპარეზობა ფრენბურთში, ცურვასა და სპორტის სხვა სახეობებში, რომელშიც მსოფლიოს სხვა ქვეყნების წარმომადგენელი ქალები გამოდიან, სწორედ ტანსაცმელთან დაკავშირებული მკაცრი შეზღუდვების გამო. ასე რომ, ოლიმიპიადაზე მხოლოდ ტყვიის მსროლელი ნასიმ ჰასანპური იასპარეზებს."

მაგრამ როგორ შეიძლება მოგვარდეს კონფლიქტი რელიგიურ ტრადიციასა და საერთაშორისო სპორტულ ნორმებს შორის?
ირანი ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს ალტერნატიულ საერთაშორისო შეჯიბრს, რომელსაც მუსლიმ ქალთა თამაშები ჰქვია. მამაკაცებს მასზე დასწრების უფლება ეკრძალებათ, ასე რომ ქალ ათლეტებს ნება ეძლევათ, ატარონ ის სპორტული სამოსი, რომელიც სურთ. მაგრამ ამ ალტერნატიული თამაშების პრესტიჟი ოლიმპიადისას, ცხადია, ვერ შეედრება.

პარიზელი ვექილი ლინდა ვეი-კურიელი სათავეში უდგას კამპანიას, რომელიც ცდილობს აიძულოს კონსერვატული ქვეყნები, ოლიმპიურ დელეგაციებში ქალებიც შეიყვანონ. ჯგუფმა, რომელსაც "ატლანტა-სიდნეი-ათენი პლიუსი" ჰქვია, თავისი კამპანია დაიწყო 1992 წლის ოლიმპიადის შემდეგ, როცა 35-მა მუსლიმანურმა ქვეყანამ უარი თქვა, ასპარეზობაზე სპორტსმენი ქალებიც გაეყვანა.

ლინდა ვეი-კურიელის თქმით, ოლიმპიური დელეგაციების მამრობითი სქესის წარმომადგენლებით დაკომპლექტება დიკრიმინაციის ფორმას იძენს.

[ლინდა ვეი-კურიელის ხმა] "აპარტეიდის გამო სამხრეთ აფრიკას 30 წლის მანძილზე აკრძალული ჰქონდა ოლიმპიადებში მონაწილოება. ახლა კი ჩვენ გვსურს, თამაშებიდან მოიხსნან ის ქვეყნები, რომლებიც ქალებს სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობას უკრძალავენ. მათ ან პატივი უნდა სცენ ოლიმპიადის წესებს, ან უნდა აეკრძალოთ მასში მონაწილეობა. რატომ უნდა გაითვალისწონოს ოლიმპიადამ ან სხვა სპორტულმა ღონისძიებამ რელიგიური შეზღუდვები? ჩვენ ხომ სპორტზე ვსაუბრობთ და არა რელიგიაზე."

მას შემდეგ, რაც ვეი-კურიელის ჯგუფმა აქციების გამართვა დაიწყო, ბევრი ქვეყანა იძულებული გახდა, უარი ეთქვა სპორტსმენი ქალებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე. 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე, მხოლოდ 9 ქვეყანა იყო წარმოდგენილი სპორტსმენი ქალების გარეშე. ვეი-კურიელი დარწმუნებულია, რომ ათენში მათი რიცხვი ხუთამდე შემცირდება.

სპორტული ტანსაცმლის გაუმჯობესებამ საშუალება მისცა მუსლიმ ქალებს, მონაწილეობა მიიღონ სპორტის ბევრ, უწინ აკრძალულ სახეობაში. ლაპარაკია გრძელტოტებიან და გრძელსახელოებიან საცურაო კოსტუმზე, რომელსაც დასავლეთის ბევრი წარმომადგენელიც სიამოვნებით ატარებს. მაგალითად, პაკისტანს სწორედ ამან გადააწყვეტინა, პირველად გაუშვას მოცურავე ქალი ათენის ოლიმპიადაზე.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მუსლიმური ქვეყნების ერთი ნაწილი თავის სპორტსმენ ქალებს არავითარ შეზღუდვებს არ უწესებს. უწინარესად ეს ითქმის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოებზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG