Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა სამსახურიდან დათხოვნილ საჯარო მოსამსახურეებს არაფრით ეხმარება


ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზარდა, არავის უკვირს. საქმე ის არის, რომ სულ ახლახან რეორგანიზაციისა და

ოპტიმიზაციის მიზეზით სამსახურიდან დათხოვნილ ათასობით საჯარო მოსამსახურეს საგზაო პოლიციის 15 ათასიანი კოლექტივიც შეემატა. თუმცა უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ბედს მარტო შემოსავლის წყაროს დაკარგვა როდი ამძიმებს. ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ არ იზრუნა სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანების დასაქმებასა და პროფესიულ გადამზადებაზე, არც სახელფასო დავალიანება დაფარა და არც ფულადი კომპენსაცია გასცა. მოგითხრობთ იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც, რევოლუციური ცვლილებების წყალობით, ქუჩაში აღმოჩნდნენ.

[პოლიციის ოფიცრის ხმა] “იცი, როგორ გამოგვიშვეს და რა გვითხრეს? თქვენო კადრების განკარგულებაშიც კი არა ხართო. და რატომო, რომ ვიკითხეთ, გვიპასუხეს, ხომ დაწერეთ განცხადებაო, რომ გვთხოვთ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით აგვიყვანოთ კადრების განკარგულებაში… ესენი ადგნენ და საერთოდ გაგვიშვეს სამსახურიდან. კადრების განკარგულებაშიც არა ხართო, - გამოგვყარეს, ერთი სიტყვით…” (სტილი დაცულია)

რესპონდენტი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, სულ რაღაც ერთი თვის წინ საგზაო პოლიციაში ოფიცრად მსახურობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმის წყალობით, მის მსგავსად, სამსახური ათიათასობით პოლიციელმა დაკარგა. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, უმუშევრად დარჩენილი პოლიციელების მომავალზე ქვეყნის მთავრობას წინასწარ არ უზრუნია. არადა, ზოგიერთ პოლიციელს პენსიაში გასვლამდე სულ რაღაც ორი-სამი წელიღა რჩებოდა, უმეტესობას კი 11-12 თვის ჯამაგირი ჰქონდა ასაღები. სამინისტრომ ავისა და კარგის გარჩევას სამსახურის სრულიად გაუქმება და საგზაო ინსპექტორების ქუჩაში გაშვება არჩია. თუმცა პოლიციელებამდე უმუშევრობის სიმწარე სახელმწიფო სამსახურში მყოფმა სხვა ადამიანებმაც იწვნიეს. საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილის ტარიელ მგელაძის თქმით, ნაწილმა ახალი ხელმძღვანელობის თხოვნას გაუწია ანგარიში და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება საკუთარი ნებით დაწერა, ნაწილის კარიერა კი რეორგანიზაციის პროცესს შეეწირა. მგელაძე განსაკუთრებული გულისტკივილით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ამოქმედების ვადის გადაწევით სამსახურიდან დათხოვნილ ადამიანებს სხვა შეღავათებთან ერთად ორი თვის ხელფასის ტოლი კომპენსაციის მიღების შანსიც მოუსპო:

[ტარიელ მგელაძის ხმა] “შეაჩერეს საჯარო სამსახურში არსებული შესაბამისი მუხლების მოქმედების ვადა, რომელიც ეხება წელთა ნამსახურობის მიხედვით ხელფასების დანამატს საკლასო ჩინებისთვის და კიდევ, როცა მოსამსახურე სამსახურიდან თავისუფლდებოდა, მას ამის შესახებ ორი თვით ადრე აფრთხილებდნენ. ეს ვადა, რეორგანიზაციის შესაბამისად, ერთ თვემდე დაიყვანეს, ხოლო ამოქმედების ვადები ისევ გადაიტანეს მომავალი წლის პირველი იანვრისათვის.”

პოლიციელებზე უკეთეს დღეში არც სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა თანამშრომლები არიან. რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროებთან ერთად სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლებსაც შეეხო. შემცირებულთა ერთი ნაწილი, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სასამართლოში ჩივის, ნაწილი კი სახელფასო დავალიანების გასწორებას ითხოვს, თუმცა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი ანა დოლიძე ჩემთან საუბარში აცხადებს, არსებული კანონმდებლობა ხელისუფლებას ვალის დაუყოვნებელ გასტუმრებას არ ავალდებულებს:

[ანა დოლიძის ხმა] “ერთ-ერთი ცვლილება არის შესული, სადაც წერია, რომ ანგარიშსწორება მათ მიმართ შეიძლება მოხდეს სხვა დავალიანებების გათვალისწინების წესისდა შესაბამისად… ეს ზუსტად რას ნიშნავს, არა მგონია ვინმემ იცოდეს დედამიწაზე, მაგრამ, ალბათ, იმას ემსახურება, რომ ერთდროულად არ მოხდეს მათთვის დავალიანების გასტუმრება.”

ალბათ, ამის გამო იყო, რომ ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თხოვნას - გაზრდილ ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ სამსახურიდან დათხოვნილ ადამიანთა სოციალური დაცვის მექანიზმები, კატეგორიული უარით უპასუხა. მოგვიანებით, ნოღაიდელის ნაცვლად, მთავრობისათვის ნამუსის შენახვას კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი შეეცადა:

[გიგი წერეთლის ხმა] “ფინანსთა მინისტრმა კონკრეტული პასუხი ამ საკითხზე ვერ გაგვცა. ერთი ის, რომ ჩვენ რეფორმები უნდა ჩავატაროთ და ბუნებრივია, რომ ეს საჭიროა და აუცილებელია, ამავე დროს, როცა ვიცით და ვეთანხმებით ასეთ რეფორმებს, ამავე დროს, უნდა ვეცადოთ ავაგოთ გარკვეული ჯაჭვი სოციალური დაცვისა. ეს იყო ჩვენი სურვილი. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ვიმუშაოთ ამ საკითხებზე. ჯერ ეს ერთი, უნდა გაითვალოს, ალბათ, თუ რამდენია ისეთი ადამიანი, ვისაც შემცირება შეეხო…”(სტილი დაცულია)

ექსპერტთა შეფასებით, სამსახურიდან დათხოვნილი ათასობით ადამიანის უფლებების დაცვას, ჰუმანურობის გარდა, სხვა, გაცილებით პრაგმატული, მნივშნელობაც აქვს. ათაიათასობით უმუშევარი, მით უმეტეს, უმუშევარი პოლიციელი, ხელისუფლება იქით იყოს და, საზოგადოების დანარჩენ ნაწილსაც უქმნის ხიფათს. ნათქვამის დასტურად ყოფილი პოლიციელის შემდეგი სიტყვებიც გამოდგება:

[პოლიციის ოფიცრის ხმა] “უმუშევრად დარჩენილი პოლიციელი კრიმინალია, იმიტომ რომ, თუ გაუჭირდა, ელემენტარულად საქმე არ ჰქონდა, არა? ის ადგება და დაიწყებს მაიმუნობებს. ოჯახში რომ მივა და ბავშვი რომ ეტყვის, მამა, მშიაო და მიჭირსო, რას გააკეთებს? ზოგმა თავი ჩამოიხრჩო, ზოგი მეტროს მატარებელს ჩაუვარდა და ზოგმა რა ქნა, მაგრამ ის მაგას არ იზამს, ვერ დატოვებს ცოლ-შვილს ბედის ანაბარა! ადგება და სხვა რამეს გააკეთებს. დაესაქმებია ამ კაი დედმამიშვლს, ან მეტალურგია გაეხსნა, ან სხვა რამე გაეხსნა და ეთქვა, ალტერნატივა არის, აგერ, ბატონო, კორუმპირებული პოლიციელი ხომ იყავი, ახლა არ არის სამსახური პოლიციაში, სამაგიეროდ, არის მეტალურგიაში, მიდი და ან მეტალურგიაში იმუშავე, ან ცემენტის ქარხანაში იმუშავე… სადმე იმუშავე. მომეცი სამსახური და ვიმუშავებ!”
XS
SM
MD
LG