Accessibility links

ახალგაზრდულ პროგრამას დღეს ორ თემას ვუძღვნით:


ანა ჭიჭინაძე, ნინო ჩიმაკაძესთან, თბილისი ახალგაზრდულ პროგრამას დღეს ორ თემას ვუძღვნით:

ნაადრევი ქორწინებით შექმნილ ოჯახებსა და ახალ პროფესიებს. ილაპარაკებენ ჩვენი რესპონდენტები, ვინც ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა. მათ ჩვენი კოლეგა ანა ჭიჭინაძე წარმოგიდგენთ. გადაცემის მეორე ნაწილში ნინო ჩიმაკაძესთან ერთად ვისაუბრებთ ახალგაზრდებზე, რომელთაც არ ეთაკილებათ ოდესღაც არაპრესტიჟულად მიჩნეული სამუშაოს კეთება.

ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით საქართველოში ჯერაც რჩება ოჯახის შექმნის ერთ-ერთ ხერხად. მას სიხშირით არც ქალ-ვაჟის მიერ ერთობლივად მოფიქრებულ-შეთანხმებული ე.წ. გაპარვა ჩამორჩება. ამ უკვე არცთუ ორიგინალურ ხერხებს კი დაქორწინების წინაპირობად, მეტწილად, ახალგაზრდები, თინეიჯერები, იყენებენ. ხშირია განქორწინებები, მაგრამ ამგვარად შექმნილი ოჯახები ინარჩუნებენ სიმტკიცეს. ყველა ოჯახის მსგავსად, აქაც ხშირია უთანხმოება, პრობლემები. განსხვავება ისაა, რომ ამ ახალგაზრდებს ძალიან ადრე უწევთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან შეჭიდება.

ჩვენ გთავაზობთ ადრეულ ასაკში დაქორწინებული ახალგაზრდების მონათხრობს. ერთი შეხედვით, მათი სიტყვები და მიდგომები ერთმანეთს ჰგავს, ალბათ, იმიტომ რომ ოჯახზე ლაპარაკს ტაბუ ადევს. შესაძლოა, ეს სწორიც იყოს. მაგრამ, ვფიქრობთ, კომპრომისებზე, ფულზე, სიყვარულსა და ბავშვებზე ლაპარაკის მიღმა მსმენელი ჩვენი რესპონდენტების არა მხოლოდ სიტყვებში, არამედ ინტონაციაშიც ცოტა მეტ დაფარულ ემოციას ჩასწვდება.

[შორენას ხმა]”შევსრულდი 18 წლის და ერთ კვირაში ჩემს ამჟამინდელ მეუღლესთან ერთად გავიპარე. ჩვენ ერთი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს და მეგონა, რომ მე და ჩემი მეუღლე უსიტყვოდ ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ გათხოვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს და ერთმანეთში ბევრი ნაკლი აღმოვაჩინეთ. ოჯახის დანგრევა არც გვიფიქრია, რადგან ბავშვი გვყავს გასაზრდელი და ყოველნაირად ვცდილობთ ჩვენი აგრესია დავთრგუნოთ და ბავშვზე ვიფიქროთ. ისე, აჯობებდა რომ, ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო და დაოჯახებაზე მერე გვეფიქრა. ჩემი მეუღლე, ვერ ვიტყვი, რომ მუშაობს, ძირითადად, მშობლები გვინახავენ და გვარჩენენ. ნაადრევად ოჯახის შექმნა ჩემს თავზე გამოვცადე და ვიცი, რომ დაუშვებელია. სანამ არ ექნებათ ახალგაზრდებს ოჯახის შენახვის საშუალება და სანამ არ ექნებათ იმის გარემო, რომ ცალკე იცხოვრონ, მანამდე ოჯახის შექმნა არის უაზრობა.”(სტილი დაცულია)


[ლადოს ხმა] “21 წლის ასაკში შემთხვევით მომინდა, უბრალოდ, იმ დღეს მომეყვანა ცოლი და ვაპირებდი მოტაცებას. ვერ მოვიტაცე, არ მოვიტაცე, უფრო სწორად, და მეორე დღეს დავითანხმე, რომ თავისი ნებით გამომყოლოდა. ოჯახის შენახვაში გვეხმარებიან მშობლები. მეც ვშრომობ, ვწვალობ და რაღაცას მეც ვშოულობ იმდენს, რომ ელემენტარული პირობები შევუქმნა ოჯახს. ძირითადად, ჩემთვის ფული არაფერს არ ნიშნავს, ოჯახისთვის ფული აუცილებელია და უფულოდ ვერაფერს ვერ გააკეთებ. მე ვფიქრობ, რომ ნაადრევად არ შევქმენი ოჯახი. ეკონომიური პრობლემა შემექმნა და მაგ მხრივ შედარებით ნაადრევი იყო, მაგრამ, მთლიანობაში, ნაადრევი არ ყოფილა, იმიტომ რომ მე უკვე მზად ვიყავი იმისთვის, რომ ოჯახი შემექმნა და განწყობილი ვიყავი, რომ მყოლოდა მეუღლე და შვილი. ერთადერთი ის იყო, რომ ეკონომიურად გამიჭირდა, ამით იყო ნაადრევი ცოტა. თუ მეუღლე ბავშვს გაზრდის და სახლის საქმეებს გააკეთებს ისე, რომ დარჩება იმის დრო, რომ იმუშაოს, რატომაც არა.”


[მაიას ხმა] “ჩემი მეუღლე წასულია სამი წელია უკვე საზღვარგარეთ. აქ არ იყო საშუალება, რომ ემუშავა და ამის გამო წავიდა. სამი წელია უკვე იქ არის და ვარსებობთ ამით. იდეალურ ოჯახში მთავარია ერთმანეთი უყვარდეთ, პირველ რიგში, და, რა თქმა უნდა, ერთად უნდა იყვნენ. ბავშვები ორივემ უნდა გაზარდოს, დედაც და მამაც გვერდით უნდა ჰყავდეთ. მე იდეალური ქმარი მყავს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანია და ძალიან მიყვარს. მთავარია, რომ ოჯახისთვის იყოს და თავისი შვილებისთვის კარგი მამა და კარგი მეუღლე. თითქმის ყოველკვირა მეხმარება, აგზავნის იქიდან მანქანებს და ვარსებობთ ამით. როცა გიყვარს, უფრო მეტ რამეს აიტან. ალბათ, იმიტომ ვიტან, რომ ის სამი წელია წასულია და რომ არ მიყვარდეს, ესე არ იქნება.” (სტილი დაცულია)


[სოფოს ხმა] “ოჯახი შევქმენი უკვე ათი წელია, 15 წლის ასაკში. მყავს ერთი შვილი, მეორე კლასელი. არანაირი ოფიციალობა, გვიყვარდა ერთმანეთი და მომიტაცა. მე არაფერს არ ვსაქმიანობ, სახლში ვარ და, ძირითადად, მშობლების კისერზე ვზივართ, ყველანაირად გვეხმარებიან მშობლები. ქალი უნდა გათხოვდეს, ალბათ, სკოლას დაამთავრებს, უნივერსიტეტს დაამთავრებს და მზად იქნება, რომ ოჯახი შექმნას.ახლა რომ გასათხოვარი ვიყო, გავთხოვდებოდი ცოტა უფრო დიდი. კაცი უნდა მუშაობდეს და ოჯახს ინახავდეს. ეს ფუნქცია აქვს ერთადერთი, მეტი არაფერი შეუძლია.”(სტილი დაცულია)


[გიორგის ხმა] “ოჯახი შევქმენი 18 წლის ასაკში. შემიყვარდა გოგონა. დიდი ხნის სიყვარული არ გვქონდა, მაგრამ... ბავშვური გადაწყვეტა იყო და გატაცება, ალბათ. მაშინ 18 წლის ვიყავი მე და 15 წლის ჩემი მეუღლე. რა სიყვარული უნდა გვქონოდა ჩვენ ისეთი, რომ უერთმანეთოდ ვერ გაგვეძლო. უცბათ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ვტაცე ხელი და მოვიტაცე. ვცხოვრობთ ცხრა წელია, გვყავს ბავშვი, ვართ ბედნიერები. ჩემი შვილი არის 8 წლის. დღესდღეობით ვმუშაობ, არ მიჭირს ცოლ-შვილის შენახვა, მაქვს სახლი, ვარ ბედნიერი. სრული ბედნიერებისთვის ჩემს ოჯახს სჭირდება ფინანსები. ფულით სიყვარულს ვერც შექმნი, ვერც შეიძენ. ფული მჭირდება სახარჯოდ, საქეიფოდ. სულ ჩხუბი გვქონდა. ვერ ვუგებდით ერთმანეთს, გვქონდა ოჯახური პრობლემები, მაგრამ ასაკმა თავისი ქნა. აზრში და ჭკუაში რომ ჩავვარდი, დათმობა მეც ვისწავლე, მეუღლემაც და ნელ-ნელა ვეგუებით ერთმანეთს. ჩემი აზრით, პატარები არც უნდა გათხოვდნენ და ცოლიც არ უნდა მოიყვანონ, იმიტომ რომ ხშირია და ძალიან ბევრია პროცენტულად, რომ ოჯახი ინგრევა. ასაკზეც არაა დამოკიდებული. არა, 15 წლისამ არ უნდა მოიყვანო, მაგრამ არავისზე დამოკიდებული არ უნდა იყო, უნდა გქონდეს სამსახური და ფული უნდა გქონდეს. დღესდღეობით ფული წყვეტს ყველაფერს.”


[ირინას ხმა] “ მე ვიყავი მაშინ 16 წლის, ჩემი მეუღლე იყო 20 წლის. ჩემი ნებით არ გავყოლილვარ, მომიტაცა და გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ დავრჩი. ჩემს ოჯახს სრული ბედნიერებისთვის არაფერი აკლია. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი მე და ჩემს მეუღლეს და ვთვლი, რომ ბედნიერი ოჯახი გვაქვს. მეუღლე ამ მომენტში ეწევა მცირე ბიზნესს და კმაყოფილი ვართ ჩვენი შემოსავლით. ოჯახური მდგომარეობა ფინანსებზეა დამოკიდებული, მით უმეტეს, როცა შვილი გყავს, უნდა ასწავლო... სიყვარული არის მთავარი. ეს თუ არ არის, უაზრობაა იდეალურ ოჯახზე და ქმარზე ლაპარაკი.”

ყველა ოჯახურ წყვილს შეგუების, ერთმანეთთან შეწყობის პატარა საიდუმლო აქვს, რომელიც მათი ცხოვრების წესს ედება საფუძვლად. ამ საიდუმლოს განჩხრეკა კი ჟურნალისტის საქმე არ არის.



თქვენ უსმენთ ახალგაზრდულ პროგრამას. მას ახლა ნინო ჩიმაკაძე გააგრძელებს.

ცივილიზებულ ქვეყნებში ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე ცდილობენ დამოუკიდებლობა მოიპოვონ და საკუთარი ფინანსებით სურვილისამებრ იცხოვრონ. ეს მათ ოჯახებსაც ნორმალურად მიაჩნიათ: გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ შვილების ცხოვრებაში ზედმეტად არ ერევიან და თავისუფალი არჩევანის უფლებას უტოვებენ.

საქართველოში, ამ მხრივ, განსხვავებული ვითარებაა. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო დღემდე. აქ მშობლები ყოველთვის აქტიურად იყვნენ ჩართულნი შვილების ცხოვრებაში. სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია შენიშნავს:

[ემზარ ჯგერენაიას ხმა] “ქართულ კულტურას აქვს სპეციფიკა: მშობლები უსაზღვროდ გადაყოლილნი არიან შვილებზე. ქართველს უჩნდება შვილი და ის კარგავს პირად ცხოვრებას.მას მართავს ერთი ბრმა ინსტინქტი: როგორმე თავისი შვილი მიიყვანოს რაღაც პიედესტალზე და დააყენოს. მას არა აქვს დისტანცია შვილის პიროვნებასთან.”

ბოლო დროს ჩვენთან რაღაც შეიცვალა: ახალგაზრდებს გაუჩნდათ სურვილი, იყვნენ, მართლაც, დამოუკიდებლები და საკუთარი ბედი თავადვე განაგონ. ამის საფუძველს ზოგიერთი სწორედ მუშაობაში ხედავს:

[რესპონდენტის ხმა] “ახალგაზრდამ უნდა იმუშაოს, რაზეც შეუძლია და ხელი მიუწვდება, რომ არ იყოს სხვაზე დამოკიდებული, თუნდაც - დედაზე და მამაზე.”

ქართველი ახალგაზრდები აღარ თაკილობენ ისეთ შრომას, რომელიც ადრე არცთუ მოსაწონად მიაჩნდათ. საზოგადოების დამოკიდებულებაც თითქოს შეიცვალა: მაგალითად, თუ ადრე სერვისის სფეროში მუშაობა არაპრესტიჟულად ითვლებოდა, ახლა შეფასება ასე მკაცრი აღარ არის.

[ემზარის ხმა] “მე მგონი, აქ მნიშვნელოვანი გარდატეხა მიმდინარეობს. ქართველი ახალგაზრდა კარგი ანაზღაურების შემთხვევაში აღარ ითაკილებს გარკვეულ სამუშაოს. მაგრამ სამუშაოს, რომელსაც ქართველები ასრულებენ საზღვარგარეთ, აქ არ ასრულებენ, რადგან აქ არის ნაცნობი გარემო. მთელ მსოფლიოში ახალგაზრდები ასრულებენ, ერთი მხრივ, არაპრესტიჟულ სამუშაოს და, მეორე მხრივ, კარიერაზე ზრუნავენ, სწავლობენ. ეს ახლა მკვიდრდება ჩვენთან.”

ოცი წლის ნონა კაზინოში მუშაობს ბარმენად. იგი თავად დარწმუნდა, რომ აქ სათაკილო არაფერია და სავსებით კმაყოფილია თავისი სამუშაოთი :

[ნონას ხმა] “ვმუშაობ 6-დან 8 საათამდე. უკვე მივეჩვიე, აღარ ვიღლები. კაზინოში ვარ. თავიდან მიმტანი ვიყავი, ახლა ბარმენი ვარ. მშობლები მეუბნებოდნენ, არ იმუშაოო. არ უნდოდათ, რომ ღამე გამეთენებინა. ადრე მეც რომ გავიგებდი, კაზინოში ვინმე მუშაობდა, ცუდი შთაბეჭდილება მექმნებოდა. ახლა ასე აღარაა. მეც ვმუშაობ და ვხედავ, რომ არაფერი ცუდი არ ხდება.”

კაზინოში დარჩენას ნონა არ აპირებს. აქ ნაშოვნი ფული მას სხვა მიზნისთვის სჭირდება:

[ნონას ხმა] “ვაპირებდი აკადემიაში ჩაბარებას, მაგრამ ფული რომ არ იყო...ახლაც ვაპირებ. ცოტა ფულს დავაგროვებ და ვნახოთ.”

სამსახურით 18 წლის ნატოც კმაყოფილია. ის დილერია კაზინოში და მიაჩნია, რომ ახალგაზრდამ, შეძლებისდაგვარად, აუცილებლად უნდა იმუშაოს:

[ნატოს ხმა] “ვმუშაობ კაზინოში თითქმის ერთი წელია. კმაყოფილი ვარ.საშუალო დონის ხელფასი მაქვს.დილერი ვარ.ზოგს არა აქვს იმის საშუალება,რომ მშობლებმა დააფინანსონ. ამიტომ ვცდილობთ თავად ვიშოვოთ ფული. მშობლები თავიდან ცოტა ვერ შეეგუვნენ ამ აზრს, მაგრამ ახლა ჩვეულებრივად უყურებენ, რომ შეიძლება გოგომ იმუშაოს, თუნდაც კაზინოში. ადრე მეც მერიდებოდა თქმა, სად ვმუშაობდი. ახლა, რომ მივხვდი, რომ ჩვეულებრივი სისტემაა, აღარ ვმალავ.” (სტილი დაცულია)

ლაშა თურქოლოგია. თურქულის ცოდნა ადრე საქმეშიც გამოადგა: მუშაობდა კომპანიაში, რომელიც ექსპორტ-იმპორტით იყო დაკავებული. კომპანია გაკოტრდა და ლაშა სულ სხვა საქმეს მოეკიდა: ბარმენი გახდა.

[ლაშას ხმა] “ვმუშაობ ერთი წელია. სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია, რადგან 3 წლის გამოცდილება მქონდა საზღვარგარეთ. როცა საზვარგარეთ ხარ ნამუშევარი,აქ უფრო ადვილად გიღებენ. როცა მუშაობ და შენი ფული გაქვს, შეგიძლია ისე დახარჯო, როგორც გინდა, გაერთო მეგობრებთან ერთად, ოჯახს დაეხმარო.”

ლაშას სიტყვებიდან ჩანს: რა საქმესაც უნდა მისდევდე, მთავარია, პროფესიონალი იყო.

[ლაშას ხმა] “ბარმენის პროფესიას რაც შეეხება, მგონი, ყველაფერს დაუფლებული ვარ - ბოთლების ტრიალიც ვიცი, კოქტეილების დამზადებაც. ერთი ფილმია, სადაც მთავარ როლს ასრულებს ტომ კრუზი და ის ორი თვე სწავლობდა ბოთლების ტრიალს.კლიენტს ისე უნდა მოემსახურო,რომ ნასიამოვნები დარჩეს და მეორედ და მესამედაც მოვიდეს.”

ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოში მაინც არიან ახალგაზრდები, რომელთაც მუშაობა არ უნდათ ან ეთაკილებათ და ურჩევნიათ ფული სხვა გზით, მაგალითად, ქურდობით ან გამოძალვით იშოვონ. ე.წ. “კაი ბიჭობის” ინერცია დღემდე არსებობს:

[ემზარის ხმა] “საერთოდ, კარგი ბიჭის მენტალიტეტისგან თავისუფალი არ არის ჩვენი ახალგაზრდობა.მაგრამ გაიზარდა იმ ხალხის რიცხვი, რომლებიც მუშაობენ. თუმცა არსებითი გარდატეხა ამ სფეროში მოხდება მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იქნება. მაშინ ქუჩისთვის არავის ეცლება. ქუჩის იდეოლოგია ყოველთვის იქნება, - ეს ყველა საზოგადოებაშია, - მაგრამ მათი რიცხვი არასოდეს არის ისეთი კრიტიკული, როგორც ჩვენთან.”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG