Accessibility links

ერაყელი მეამბოხეები ქალაქ ნაჯაფს კვლავაც უტევენ


ქალაქ ნაჯაფში ერაყელი მეამბოხეები მეხუთე დღეა ზედიზედ აქტიურად უტევენ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებსა და მათ მოკავშირე ადგილობრივ შენაერთებს.

კვირას ნაჯაფში ერაყის დროებითი მთავრობის პრემიერ-მინისტრი იად ალავი ჩავიდა და მეამბოხეებს ნაჯაფის წმინდა ადგილების დატოვებისაკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრის კვირის ვიზიტს ორშაბათს კვლავ საშინელი შეტაკებები მოჰყვა. ექსპერტთა შეფასებით, ამგვარი სიმწვავის ბრძოლები ერაყს ბოლო 4 თვის განმავლობაში არ ახსოვს.

შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტი, რომელსაც ზურგს საჰაერო ძალები უმაგრებს, განაგრძობს მეამბოხე შიიტების შეტევას ქალაქ ნაჯაფში.

თვითმხილველების თქმით, ორშაბათს აფეთქებებისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ხმა ქალაქის ცენტრში მას შემდეგ გაისმა, რაც ცაში ამერიკული ვერტმფრენები გამოჩნდნენ. ცეცხლის ალში იყო გახვეული ქალაქის ახლოს მდებარე უძველესი სასაფლაო, რომელიც გასულ დღეებში შეტაკებათა ძირითად არენას წარმოადგენდა.

მიუხედავად პრემიერ-მინისტრ იად ალავის კვირის ვიზიტისა, რომლის მთავარი ამოცანა სიტუაციის განმუხტვა იყო, ნაჯაფში ბრძოლები კიდევ უფრო გამწვავდა. აბობოქრებულ ქალაქში ჩასული ალავი მიმართავდა მოყტადა სადრის - რადიკალი შიიტის მომხრე მეამბოხეებს და მოუწოდებდა სასწრაფოდ გასცლოდნენ ნაჯაფის წმინდა მიწას:

(ალავის ხმა) “სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ კანონს და ცდილობენ დაანგრიონ ეს ქალაქი – ეს მტკიცე და მედგარი ქალაქი. ჩვენ ჩამოვედით, რათა ჩვენი თვალით გვენახა ყველაფერი და გავსაუბრებოდით ქალაქის მამაც და ღირსეულ მმართველს. ჩვენ ჩამოვედით ასევე ადგილობრივი პოლიციისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან შესახვედრად. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შექმნილი ვითარება, შეძლებისდაგვარად, სწრაფად გამოსწორდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეიარაღებულმა ადამიანებმა სწრაფად უნდა დატოვონ წმინდა ადგილები, დადონ იარაღი და დაუბრუნდნენ კანონიერ ცხოვრებას.”

სადრი კი უკან დახევას არ აპირებს. ორშაბათს მან დადო ფიცი, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს, როგორც თავად ამბობს, “ნაჯაფის ოკუპაციის” წინააღმდეგ.

ერაყის თავდაცვის მინისტრმა ჰაზემ შაალანმა ტელეკომპანია ალ-არაბიას განუცხადა, რომ ნაჯაფში ვითარების კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში ერაყის არმია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ამერიკის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო ოპერაციებში. შაალანის თქმით, სადრის მებრძოლები იარაღით ირანიდან მარაგდებიან. მისივე ინფორმაციით, შიიტი მეამბოხეები ერაყის სამხრეთიდან – ბასრიდან, ნასირიიდან და ჰილიდან - სადრის დასახმარებლად ნაჯაფისკენ დაიძრნენ.

შეერთებული შტატების სამხედრო სტატისტიკის მიხედვით, ხუთშაბათიდან დღემდე, ნაჯაფის შეტაკებების შედეგად, მოკლულია დაახლოებით 300 მეამბოხე. თუმცა, ბაღდადის ინფორმაციით, მოკლულთა რივხვი გაცილებით ნაკლებია.

შეერთებული შტატების სახმელეთო შენაერთი, ვიცეპოლკოვნიკ ჯონ ლუის მაიერის ხელმძღვანელობით, მეამბოხეებს პირისპირ შეეჯახა და მწვავე ბრძოლაში ჩაება ქალაქ ნაჯაფთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე:

“ეს ბრძოლა ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ იქ ჩვენი პარტნიორების – ერაყის პილიციის, ერაყის ეროვნული გვარდიისა და, რა თქმა უნდა, ნაჯაფის მმართველის დასახმარებლად ვიყავით. ჩვენ დახმარება სწორედ ნაჯაფის მმართველის სახელით გვთხოვეს. გათავისუფლების შემდეგ ერაყის პოლიცია ჩვენი მეგობარი გახდა და მათი მისამართით განხორციელებული შეტევა იგივეა, რომ შეუტიო შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტს. და ჩვენ სწორედ მათ დასახმარებლად ჩავებით ბრძოლაში, რომელიც არ გვიძებნია, მაგრამ რომლის თავის არიდებაც არ გვიფიქრია.”
XS
SM
MD
LG